ას-795-744-10 4 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი _ ვ. პ-აია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. რ-იკი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, სამკვიდრო ქონების მიღება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. რ-იკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-ოკის, ვ. პ-აიასა და ნოტარიუს მ. ფ-ძის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის, სამკვიდრო ქონების მიღების, ასევე ი. ბ-ოკსა და ვ. პ-აიას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: გ. რ-იკი არის ვ. რ-იკის შვილიშვილი და პირველი რიგის მემკვიდრე, რადგან ბებიის გარდაცვალების დროს მოსარჩელის მამა უკვე გარდაცვლილი იყო. ვ.რ-იკის გარდაცვალების შემდეგ გ.რ-იკი ჩამოვიდა საქართველოში და კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა ბებიის დანაშთ ქონებას. მოგვიანებით მხარემ შეიტყო, რომ სადავო სამკვიდრო უკანონოდ მიიღო და ვ. პ-აის მიჰყიდა ი. ბ-ოკმა. ამასთან, ვ.პ-აიასათვის ცნობილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონების კანონიერი პირველი რიგის მემკვიდრე იყო მოსარჩელე, შესაბამისად, იგი კეთილსინდისიერ შემძენად ვერ ჩაითვლება.
მოპასუხე ვ.პ-აიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. მოსარჩელეს არ გააჩნია იურიდიული საფუძველი, მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გ. რ-იკის სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა ფაქტი, რომ გ. რ-იკს მიღებული აქვს მისი ბებიის _ ვ. რ-იკის სამკვიდრო ქონება, დადგინდა მოსარჩელის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ი. ბ-ოკსა და ვ. პ-აიას შორის 2009 წლის 3 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ბ-ოკმა და ვ. პ-აიამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
გ. რ-იკის წარმომადგენელმა ე. ღ-აიამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ზუგდიდის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორის მიერ მისი სახლიდან გამოსახლების შეჩერება, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ ვ.პ-აია გაასხვისებს სადავო ქონებას, რაც შეუძლებელს გახდის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის განჩინებით გ.რ-იკის წარმომადგენელ ე.ღ-აიას განცხადება დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორის განყოფილების მიერ გ. რ-იკის მინდობილი პირის _ ე. ღ-აიას გამოსახლება ზუგდიდში, ... ქ.¹36-ში მდებარე სადავო ფართიდან. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე, 191-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ განმცხადებელი ითხოვს სადავო ფართიდან მისი გამოსახლების შეჩერებას, რადგან არსებობს მოპასუხის მიერ კუთვნილი უძრავი ნივთის გასხვისების საშიშროება, ამდენად მხარემ მიუთითა გარემოებაზე, რომლის გამოც გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობამ შესაძლოა გაართულოს გადაწყვეტილების აღსრულება და მატერიალური ზიანი მიაყენოს მას. აღნიშნული კი განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. პ-აიამ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებანი საკმარისია თუ არა დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ საჭიროა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. განმცხადებელს სათანადოდ არ დაუსაბუთებია თავისი მოთხოვნა იგი მხოლოდ მხარის ვარაუდს ეფუძნება. სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება არ ზღუდავს ვ.პ-აიას კუთვნილი ნივთის გასხვისებასთან მიმართებით და მას ნებისმიერ დროს შეუძლია გაყიდოს იგი. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების მიღებით გადაწყვეტილების უზრუნველყოფა ვერ მოხდება. მოწინააღმდეგე მხარის გამოსახლების შეჩერებით ილახება საჩივრის ავტორის, როგორც მესაკუთრის უფლება, ისარგებლოს ქონებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ვ.პ-აიას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. პ-აიას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და გ. რ-იკის წარმომადგენელ ე.ღ-აიას განცხადება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენდაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის _ მოსარჩელისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის _ გადაწყვეტილების აღსრულება.
განსახილველ შემთხვევაში გ.რ-იკის წარმომადგენელმა ე.ღ-აიამ მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად ზუგდიდის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორის მიერ ე. ღ-აიას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის _ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების შეჩერება, რის საფუძვლადაც დაასახელა ვარაუდი, რომ ვ.პ-აია გაასხვისებს სადავო ქონებას და ამით შეუძლებელი გახდება ან გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.ღ-აიას ზემოხსენებული მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მისი დაკმაყოფილება ემსახურება არა მოსარჩელე გ. რ-იკის კანონიერი უფლებების დაცვას, არამედ თავად ე. ღ-აიას ინტერესების უზრუნველყოფას _ სადავო სახლის მფლობელობის გაგრძელებას, რაც ეწინააღმდეგება სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სამართლებრივ მიზანსა და დანიშნულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება განიხილება მოსარჩელის ინტერესების დაცვის ფარგლებში, შესაბამისად, იგი გამოიყენება მოსარჩელის და არა მესამე პირის, თუნდაც მოსარჩელის წარმომადგენლის უფლებების დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში კი ე.ღ-აია არის არა მოსარჩელე, არამედ მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზუგდიდში, ... ქ.¹36-ში მდებარე ვ. პ-აიას სახელზე რიცხული სადავო ფართიდან ზუგდიდის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორის მიერ ე.ღ-აიას გამოსახლების შეჩერება გ.რ-კის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებელ და ეფექტურ საშუალებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე მხარის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. პ-აიას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისისა და 12 აგვისტოს განჩინებები.
გ. რ-იკის წარმომადგენელ ე. ღ-აიას განცხადება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.