Facebook Twitter

ას-832-884-2011 13 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ შპს «ი-სი»

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს. რ-ა»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ს. რ-ამ» სახელი აღძრა სასამართლოში შპს «ი-სის» მიმართ, საიჯარო ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო, 1779440,36 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2007 წლის 10 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს ხუთი წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა 44 ერთეული კონტეინერმზიდი ვაგონი ე.წ ფიტინგი. შპს «ი-სი» არაჯეროვნად ასრულებდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ამდენად მოსარჩელემ მოითხოვა საიჯარო ქირის დაფარვა 2009 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის პირველი ივნისიდან 2-3 დეკემბრამდე იჯარის საგანი იმყოფებოდა მოპასუხესთან, რომელსაც ამ დროის საიჯარო ქირა გადახდილი არ აქვს. 2009 წლის 2-3 დეკემბერს შპს «ი-სმა» იჯარით მიღებული ნივთები დაუბრუნა შპს «ს. რ-ას» ისე, რომ არ შეუთავაზებია ახალი მოიჯარე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია იჯარის საფასური გადაიხადოს საიჯარო პერიოდის დასრულებამდე.

მოპასუხემ შპს «საქართველოს რკინიგზის» სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

შპს «ი-სი» საიჯარო ქირას არ იხდიდა 2009 წლის პირველი ივნისიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში, ვინაიდან სადავო იყო გადასახდელი თანხის ოდენობის საკითხი. 2009 წლის პირველი ივნისიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში საიჯარო ქირის გადაუხდელობა გამოწვეული იყო შპს «საქართველოს რკინიგზის» მიერ საიჯარო გადასახადის ცალმხრივი ცვლილებით. მოპასუხემ დაუსაბუთებლად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ შპს «ი-სს» მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისას მოსარჩელისთვის უნდა შეეთავაზებინა ახალი გადახდისუნარიანი მოიჯარე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ი-სს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 845061,1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ი-სმა», ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა.

შპს «ს. რ-ამ» განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ.თბილისში, ... ქ¹1-ში (შპს «ს. რ-ის» ფილიალ «ს. თ-ს» საკონტეინერო მოედანი) მდებარე შპს «ი-სის» საკუთრებაში არსებულ მოძრავ შემდეგ ქონებაზე: ურიკის გადავარდნის საწინააღმდეგო მოწყობილობა 1ც; საისრე გადამყვანი 1ც რ-50 1/6; ლითონის ავზი 1ც; საისრე გადამყვანი 1ც რ-50 1/5; ელ. კომპრესორი 1ც, მინის კარი; ვაგონი 1ც; ელ. ამწე 2ც; ელ ძრავი 9 ც. _ 7,5;22;17;22;30კვატი; კომპიუტერები 17ც; ფაქსის აპარატი 1ც; ქსეროქსის აპარატი 2ც; პრინტერი 9ც; კონდიციონერი 10 ც. BOშჩH; ვიდეოკამერა 14 ც; რადიოკავშირის მაუწყებლობა რაცია 6 ც; ციფრული ვიდეოჩამწერი 3ც; მობილური ტელეფონი 2ც. NOKIA, შAMშUNG; ტელევიზორი 1ც; სალაროს აპარატი 1ც; ოფის კონტეინერი; ავეჯი; ნაგებობა (ჯიხური საბაჟოსთვის ოთახი) 1ც ყადაღის დადება შემდეგი დასაბუთებით:

განმცხადებლის მითითებით, შპს «ი-სი» დღემდე არ ასრულებს შპს «ს, რ-ის» მიმართ ვალდებულებას, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა 2001 წლის 21 თებერვლის წერილით შეეწყვიტა შპს «ი-სთან» გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნულის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ _ 2011 წლის პირველი მაისიდან შპს «ი-სს» საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის ¹9 დადგენილებით დამტკიცებული «საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის შესახებ» ინსტრუქციის საფუძველზე გაუუქმდება ღია საბაჟო საწყობის ნებართვა, რაც წარმოადგენს ქ.თბილისში, .... ქ¹1-ში მდებარე სადგურ სატვირთოს საკონტეინერო მოედნის ტერიტორიაზე არსებული შპს «ი-ის» კუთვნილი მოძრავი ქონების შემცირების (გასხვისება და სხვა) რეალურ საშიშროებას. 2011 წლის პირველ მაისამდე შპს «ი-სი» საქართველოს მთავრობის მითითებული დადგენილების შესაბამისად, შესაძლებლობასაა მოკლებული, გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, ხოლო პირველი მაისის შემდეგ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ვინაიდან შპს «ი-სისათვის» აზრს დაკარგავს მითითებულ ტერიტორიაზე არსებული სპეციალური დანიშნულების მოძრავი ქონების არსებობა, შესაძლებლობა ექნება, თვალთმაქცური გარიგების გზით გაასხვისოს აღნიშნული ქონება, რითაც გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით შპს «ს. რ-ის» განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს «ი-სს» აეკრძალა ქ.თბილისში, .... ქ¹1-ში შპს «ს. რ-ის» ფილიალ «ს. თ-ოს» საკონტეინერო მოედანზე განთავსებული მისი კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთების გასხვისება და დაგირავება: 1) ურიკის გადავარდნის საწინააღმდეგო მოწყობილობა 1ც; 2) საისრე გადამყვანი 1ც რ-50 1/6; 3) ლითონის ავზი 1ც; 4) საისრე გადამყვანი 1ც რ-50 1/5; 5) ელ. კომპრესორი 1ც; 6) მინის კარი; 7) ვაგონი 1ც; 8) ელ. ამწე 2ც; 9) ელ ძრავი 9 ც _ 7,5;22;17;22;30კვატი; 10) კომპიუტერები 17ც; 11) ფაქსის აპარატი 1ც; 12) ქსეროქსის აპარატი 2ც; 13) პრინტერი 9ც; 14) კონდციონერი 10 ც. BOშჩH; 15) ვიდეოკამერა 14 ც; 16) რადიოკავშირის მაუწყებლობა რაცია 6 ც; 17) ციფრული ვიდეოჩამწერი 3ც; 18) მობილური ტელეფონი 2ც NOKIA, შAMშUNG; 19) ტელევიზორი 1ც; 20) სალაროს აპარატი 1ც; 21) ოფის კონტეინერი; 22) ავეჯი; 23) ნაგებობა (ჯიხური საბაჟოსთვის ოთახი) 1ც. ამავე განჩინებით განემარტა განმცხადებელს, რომ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს «ი-სმა» და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი არ გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო არ არის პირველი ინსტანციის სასამართლო და სააპელაციო სამართალწარმოება განსხვავდება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისაგან, თუმცა პროცედურული საკითხები საერთო აქვთ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, იგი ვერ იმსჯელებს ასეთი ღონისძიების გატარებაზე. ვინაიდან სააპელაციო სასამართლო იხილავს სააპელაციო საჩივრებს და არა სარჩელებს და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა იცნობს სარჩელის და არა სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესაძლებლობის ვარაუდი დაფუძნებული უნდა იყოს განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებაზე და არა მარტოოდენ განცხადებაზე, რომ მოპასუხემ შეიძლება გაასხვისოს კუთვნილი ნივთები. მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე სასამართლო არ არკვევს სარჩელის საფუძვლიანობას, თუმცა, ფაქტია, რომ შპს «ს. რ-ა» ითხოვს საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დარჩენილ პერიოდზე საიჯარო ქირის გადახდას, რაც უსაფუძვლოა. თუ აღნიშნული გარემოებები არ იქნება გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე, გამოდის, რომ სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია ნებისმიერი აბსურდული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის 23-ე პუნქტად მითითებულია «ნაგებობა», თუმცა ნაგებობა წარმოადგენს არა მოძრავ ნივთს, არამედ უძრავ ქონებას. გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცახდებას უნდა დაერთოს ცნობა (ამონაწერი) საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, საჩივრის ავტორმა მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მისთვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის მიზნით, შპს «საქართველოს რკინიგზისათვის» სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე .... აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის განთავსების დავალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად შპს «ი-სმა» მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებით შპს «ი-სის» საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებაზე საქმის მასალებთან ერთად გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ამავე განჩინებით, შპს «ი-სის» განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის საპირისპირო გარანტირების შესახებ, არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს «ი-სის» მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია, რადგანაც სააპელაციო სასამართლო არის სააპელაციო საჩივრის და არა სარჩელის განმხილველი სასამართლო. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ საჩივრის ავტორის მითითება სარჩელის უზრუნველყოფაზე (კერძოდ, რომ სააპელაციო პალატა არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საკითხი), არ გამომდინარეობს თავად ამ მუხლითა და მთლიანად საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნიდან, რასაც სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების დაბრკოლების (გაძნელების ან, საერთოდ, შეუძლებლობის) თავიდან აცილება წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სამართალწარმოების საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით რაიმე აკრძალვა, ან განსხვავებული წესი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, არ არსებობს. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის თანახმად კი, ნორმაში მითითებული «სარჩელის განმხილველი სასამართლო» ის სასამართლოა, რომელიც საქმეს იხილავს არსებითად, როგორც სარჩელის, ისე სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საპელაციო საჩივრის ფარგლებში.

სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია საჩივრის ავტორის მითითება, რომ, ვინაიდან შპს «ს. რ-ის» მიერ წარდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, რომ მოპასუხე აპირებს კუთვნილი ნივთების გასხვისებას (რაც განმცხადებლის მტკიცების ტვირთია), არ დასტურდებოდა უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობა და განმარტა, რომ განმცხადებელს, რომელიც სასამართლოს მიმართავს სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით, ევალება, მიუთითოს ისეთ გარემოებათა შესახებ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ უზრუნველმყოფი ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება გართულდეს მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება, ხოლო ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას კანონი არ ავალდებულებს განმცხადებელს, გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო არ ამოწმებს ასევე სარჩელის საფუძვლიანობას.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებაზე და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს ვარაუდი, თავის მხრივ, ემყარება არა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიღებულ დასკვნას, რაც მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის შედეგია, არამედ სასარჩელო მოთხოვნის (ნაწილობრივ ან სრულად) სამართლებრივ მართებულობას. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «საქართველოს რკინიგზის» სარჩელი და მოპასუხე შპს «ი-სს» მის სასარგებლოდ დაეკისრა 845061,1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ი-სმა» და შპს «ს. რ-ამ».

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შპს «ს. რ-ის» განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის შინაარსის გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც მხარეს ავალდებულებს წარადგინოს დასაყადაღებელი უძრავი ნივთის მოპასუხისადმი კუთვნილების დამდასტურებელი ცნობა (ამონაწერი) საჯარო რეესტრიდან, რადგანაც შპს «ს. რ-ის» განცხადების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებულ იქნა ასევე ნაგებობის _ საბაჟოსათვის გათვალისწინებული ჯიხურის მიმართ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული არ ყოფილა, რომ აღნიშნული უძრავ ნივთს წარმოადგენდა და არც საჩივრის ავტორს დაუდასტურებია, რომ საბაჟოსათვის განკუთვნილი ჯიხური ისე მყარადაა დაკავშირებული მიწასთან, რომ შეუძლებელია მისი სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე მიწისაგან მოცილება და, რომ იგი საჯარო რეესტრში უძრავი ქონების სახით რეგისტრირებულ ნაგებობას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ამ ნორმით დადგენილი საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელის უზრუნველყოფის გარანტირება მოახდინოს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე მოპასუხე მხარის განცხადების საფუძველზე. ორივე შემთხვევაში, მისი გამოყენება დამოკიდებულია მოსალოდნელ, შესაძლო ზიანის წარმოშობის საფრთხესთან. ასეთი საფრთხის ვარაუდს უნდა ქმნიდეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რამაც შესაძლოა, მხარეს მიაყენოს ზარალი. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელისათვის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს განმცხადებლის მიერ კონკრეტულ გარემობებზე მითითებას და შესაბამის დასაბუთებას გარანტიის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ. მხოლოდ ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით იზღუდება მოპასუხის უფლებამოსილება და მითითება ზარალის ოდენობაზე, არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსარჩელისათვის მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნის საფუძველს. მხარემ, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, უნდა მიუთითოს იმ მოსალოდნელ ზიანზე, რაც შეიძლება რეალურად მოჰყვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს თავისი მოსაზრება. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომელიც ადასტურებს მოსარჩელისაგან შესაბამისი გარანტიის წარდგენის აუცილებლობის ვარაუდს, ეკისრება განმცხადებელს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რასაც მოცემულ შემთხვევაში მხარე ვერ ასაბუთებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შპს «ი-სის» საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შპს «ი-სის» საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესს და ადგენს როგორც განმცხადებლის ვალდებულებას განცხადების მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების თაობაზე, ისე სასამართლოს მიერ განცხადების განხილვისა და მის დაკმაყოფილებისა თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობებს.

დასახელებული ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწესრიგებს და მიმართულია სამომავლოდ (კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის) დაცული და აღიარებული უფლების რეალიზებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგის განხორციელება, მართლმსაჯულება რეალურ მიზანს დაკარგავს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით დადგინდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა, ამ ინსტიტუტის არსი დაკარგავს თავის მნიშვნელობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია მხოლოდ მხარის მოთხოვნის საფუძველზე და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით დაადგინოს აღნიშნული, კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე სახის აკრძალვას ან შეზღუდვას მოსარჩელის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართოს როგორც პირველი, ასევე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს, ყურადსაღებია ის გარემოეც, რომ შესაძლოა მოსარჩელისთვისაც მოგვიანებით გახდეს სავალდებულო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიენბის გამოყენების აუცილებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის არც ერთი დანაწესი აღნიშნულ შეზღუდვას არ ითვალისწინებს, ამასთან, კანონმდებელი საგამონაკლისოდ, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე (სსსკ-ის 192-ე მუხლის დანაწესი).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომელიც წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ზოგად დანაწესს და აწესებს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი საქმის განხილვის წესების შესაბამისად, ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს სააპელაციო წარმოებისათვის დადგენილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ამ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის წესები სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების განხილვის რაიმე განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, რაც გამორიცხავს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურებს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი მოსარჩელეს ავალდებულებს მოთხოვნის დასაბუთებას, რაც არ გულისხმობს განცხადებაში მხოლოდ ფაქტების მითითებას, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს, მართალია, მოსარჩელეს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ ხდომილებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება, ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემული სარჩელის უზრუნველყოფის ხელისშემშლელ გარემოებას არ წარმოადგენდა ის, რომ განმცხადებელმა არ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი და სასამართლომ 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით ნაგებობას ყადაღა დაადო, რადგანაც სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაც და შპს «ი-სის» საჩივრის დებულებებიც ადასტურებენ, რომ სადავო ნივთი არ არის სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ნივთი, ხოლო მოძრავი ნივთების გასხვისებისა თუ უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ ითვალისწინებს საჯარო რეესტრის ამონაწერის არსებობის სავალდებულობას, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

მოცემული საჩივრით შპს «ი-სი» მოითხოვს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შპს «ს. რ-ის» დავალდებულებას სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 845061.1 აშშ დოლარის შეტანის თაობაზე.

მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მხოლოდ განმცხადებლის გაფრთხილება მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ არის საკმარისი და მიზანშეწონილი იქნება, თუკი სასამართლო შპს «ს. რ-ას» დაავალებს ამ ზიანის უზრუნველყოფას, სხვაგვარად მხარეს შეექმნება ვარაუდი, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაარსებულ საწარმოს სასამართლო უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნული არგუმენტის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა შპს «ი-სის» შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის საპირისპირო გარანტირების შესახებ, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული ნორმის დებულება წარმოადგენს მოპასუხის ინტერესების დაცვას და მიმართულია იმისკენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის უმართებულობის შემთხვევაში სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მოპასუხის უფლებები, რათა მას დაუსაბუთებლად არ მიადგეს ზიანი. აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მაშინ, როდესაც სასამართლოს ექმნება ვარაუდი შესაძლო ზიანის დადგომაზე. ზიანის დადგომის ალბათობა შეიძლება გამომდინარეობდეს როგორც უშუალოდ საქმის მასალებიდან, ისე მოპასუხის მითითებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება, ხოლო საჩივრის ავტორი მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ ამ ღონისძიების გამოყენება იქნება მიზანშეწონილი და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი მას შეუქმნის ვარაუდს, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაარსებულ საწარმოს სასამართლო უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა მისი დაუსაბუთებლობის მოტივით, ვინაიდან შპს «ი-სს» სარწმუნოდ არ მიუთითებია სავარაუდო ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელ გარემოებებზე, რაც გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, მან სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის დებულებებით, რის შედეგადაც სწორად გადაწყვიტა შპს «ს. რ-ის» განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რადგანაც საქმის მასალებითა და განცხადების არგუმენტებით დასტურდება, რომ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობები, რათა სამომავლოდ არ გართულდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც შეეხება სარჩივრის ავტორის არგუმენტებს, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ არის დასაბუთებული და არ ქმნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ი-სის» საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.