ბს-1256-831(კ-05) 7 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი:
თ. დ-მა 2004წ. 29 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ გათავისუფლებამდე მუშაობდა თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილების უფროს საგადასახადო ...ად. ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით განხორციელდა საგადასახადო სისტემის რეორგანიზაცია და თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად შეიქმნა თელავის საგადასახადო ინსპექცია, რომლის ერთ-ერთ სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენს თელავის რაიონი. ამის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3697-პ ბრძანებით, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიჩნია უკანონოდ და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ საგადასახადო ინსპექციის ...ის სამმართველოში არც ერთი საშტატო ერთეული არ შემცირებულა, მათ შორის, არც მისი საშტატო ერთეული, ამის გამო, ვინაიდან შტატები არ შემცირებულა, დაუშვებელი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. მოსარჩელის განმარტებით, შტატების შემცირების შემთხვევაშიც კი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა, რასაც ადგილი არ ჰქონია.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მისი გათავისუფლების დროს არ გაითვალისწინა შკკ-ის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ვინაიდან იგი არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი, მუშაობის პერიოდში არასოდეს დისციპლინური სასჯელი არ მიუღია, ჰყავს კმაყოფაზე მყოფი პირები და გააჩნია საგადასახადო ორგანოებში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება.
საბოლოოდ, თ. დ-მა მოითხოვა მისი გათავისუფლების შესახებ საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3697-პ ბრძანების ბათილად ცნობა და თელავის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ...ის სამმართველოს უფროს საგადასახადო ...ად ან მასთან გათანაბრებულ თანამდებობაზე აღდგენა.
სარჩელი არ ცნო მოპასუხემ და განმარტა, რომ ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით ყველა საგადასახადო ინსპექციაში განხორციელდა რეორგანიზაცია. ამავე ბრძანებით მთელი კახეთის რეგიონის საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე შეიქმნა თელავის საგადასახადო ინსპექცია, რამაც გამოიწვია სტრუქტურული ცვლილებები და შტატების შემცირების საფუძველზე კანონიერად მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. დ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-მა, რომელმაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტმა აღნიშნა, რომ რეორგანიზაციამდე თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში არსებობდა გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილება 20 საშტატო ერთეულით. რეორგანიზაციის შემდეგ თელავის საგადასახადო ინსპექციაში შეიქმნა გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის სამმართველო, ასევე, 20 საშტატო ერთეულით, ე.ი. მისი შტატი რეორგანიზაციის შემდეგ არ გაუქმებულა და არც შემცირებულა. ამის გამო, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა მისი გათავისუფლების საფუძველს. აპელანტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შტატების შემცირების შემთხვევაშიც კი მოპასუხე ვალდებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით მისთვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა შეეთავაზებინა, რასაც ადგილი არ ჰქონია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თ. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3697-პ ბრძანება და თ. დ-ი აღდგენილ იქნა თელავის საგადასახადო ინსპექციაში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანების გამოცემამდე, იმ რაიონების საგადასახადო ინსპექციებში, რომლებიც თელავის საგადასახადო ინსპექციაში გაერთიანდნენ, თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გარდა, სხვა საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილება (აუდიტი) არ არსებობდა.
თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო ...ის განყოფილება (აუდიტი) კი დაკომპლექტებული იყო 20 საშტატო ერთეულით, მათ შორის, 4 ინსპექტორისა და 4 უფროსი ინსპექტორის საშტატო ერთეულით. რეორგანიზაციის შემდეგ იგივე განყოფილება განისაზღვრა 20 საშტატო ერთეულით, მათ შორის _ ინსპექტორის 3 და უფროსი ინსპექტორის 7 საშტატო ერთეულით, ე.ი. მოხდა უფროსი ინსპექტორის 3 საშტატო ერთეულით გაზრდა და შესაბამისად, ის საშტატო ერთეული, რომელზეც თ. დ-ი მუშაობდა, არ შემცირებულა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ვალდებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თ. დ-ისათვის სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა, რის შესაძლებლობაც ადმინისტრაციას ჰქონდა, ვინაიდან რეორგანიზაციის შემდეგ თელავის საგადასახადო ინსპექციაში დაინიშნენ ისეთი პირები, რომლებსაც მანამდე ამ უწყებაში არ უმუშავიათ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღება და თ. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. ამავე ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტა კახეთის რეგიონში ადრე მოქმედმა საგადასახადო სტრუქტურებმა, სადაც შტატებით გათვალისწინებული იყო 125.5 საშტატო ერთეული და შეიქმნა თელავის საგადასახადო ინსპექცია 112 საშტატო ერთეულით, ე.ი. საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახამად, იგი ვალდებული იყო, თ. დ-ისათვის გათავისუფლების დროს სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა. კასატორის მითითებით, შტატების შემცირების გამო, მათ მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება არ შეეძლოთ. გარდა ამისა, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო მოხელის გათავისუფლებისას გამოყენებული უნდა იქნეს ამავე მუხლის პირველი პუნქტი და არა მეორე.
კასატორი აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელე აღდგენილია სულ სხვა _ თელავის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო ...ის სამმართველოს უფროსი ...ის თანამდებობაზე, სადაც მას არ უმუშავია. ამასთან, სასამართლოს არ უმსჯელია იმ შტატებზე, რომელზეც მოსარჩელეს პრეტენზია გააჩნდა და არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ის შტატი, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, გაუქმებულია.
კასატორის განმარტებით, არასწორად მოხდა თ. დ-ის აღდგენა დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ვინაიდან არც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი “ტოლფასი თანამდებობის” ცნებას არ ითვალისწინებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, სასამართლოს მიერ კი დადგენილია შემდეგი:
გათავისუფლებამდე თ. დ-ი მუშაობდა თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელთა საგადასახადო ...ების განყოფილების უფროს საგადასახადო ...ად. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3697-პ ბრძანებით, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე თ.აზ დ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა ასევე, “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2004წ. 10 სექტემბრის ¹586 ბრძანება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, რეორგანიზაციამდე თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადასახადების გადამხდელთა საგადასახადო ...ის (აუდიტის) განყოფილებაში სულ იყო 20 საშტატო ერთეული, მათ შორის, უფროსი ინსპექტორის 7 საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შემდეგ თელავის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (...ის) სამმართველოში საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა ასევე 20 საშტატო ერთეულით, მათ შორის, უფროსი ინსპექტორის შტატი 7 ერთეულით.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინებით განიმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები, მართალია, შეიცავდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, მაგრამ, რადგან სამართლებრივი შედეგი იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ მათი კანონიერების თაობაზე დავები კომპლექსურად, ერთიანობაში, უნდა ყოფილიყო განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები. შესაბამისად, დავის განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავის _ “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის” _ ნორმებით, არამედ უნდა ემსჯელა ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერების თაობაზე.
2005წ. 15 ივლისიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი _ “ადმინისტრაციული გარიგება” და მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტი შეიცვალა “ადმინისტრაციული ხელშეკრულებით”, რაც სამართლებრივად არსებითად განსხვავდება ადმინისტრაციული გარიგებისაგან. ამასთან, შესაბამისი ცვლილება შევიდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში, რომელსაც დაემატა 21 და 22 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც, სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული სამართლებრივი აქტების (ბრძანებების, განკარგულების) გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან და სარჩელის წარდგენა სასამართლოში არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. აქედან გამომდინარე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის დამატებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავის და მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის ცვლილებების გათვალისწინებით, განიმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (ბრძანება) არის ადმინისტრაციული აქტი, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და IV თავით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამის გამო, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს გამოცემული ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავის, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და შკკ-ის დადგენილ მოთხოვნებთან.
მოცემულ დავასთან დაკავშირებით, საქმის მასალებით დასტურდება და არც მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ თ. დ-ი “საჯარო სამსახურის შესახებ”' კანონის 97-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლდა რა დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებიათ. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შტატების შემცირების დროს ადმინისტრაცია არ არის ვალდებული, მოხელეს სხვა თანამდებობა შესთავაზოს. საკასაციო სასამართლოს აზრით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიული ხასიათისაა და დაწესებულებას ავალდებულებს, პირის სამუშაოდან გათავისუფლებისას მას სხვა თანამდებობა შესთავაზოს, ხოლო მოხელე განაცხადებს თუ არა აღნიშნულზე თანხმობას, ეს მისი უფლებაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეთავაზებული შეიძლება იყოს სხვა, იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, ან სამუშაო ადგილი, მაგრამ შეთავაზება აუცილებლად უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება ადმინისტრაციას, მიიღოს გადაწყვეტილება მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, თავად ადმინისტრაციაა ვალდებული შესთავაზოს დასათხოვ მუშაკს სხვა თანამდებობა და მუშაკის მხრიდან განცხადებით მიმართვის არარსებობა ადმინისტრაციას არ ათავისუფლებს აღნიშნული მოვალეობისაგან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3697-პ ბრძანება თ. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოიცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას.
მაგრამ, მიუხედავად ზემოთქმულისა, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას თ. დ-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე და ამ ნაწილში ეთანხმება კასატორის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლს, რომლის თანახმად, შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
შკკ-ის 206-207-ე მუხლების შესაბამისად, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკი აღდგენილ უნდა იქნეს წინანდელ თანამდებობაზე, ე.ი. მოცემული ნორმები ითვალისწინებს უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის აღდგენას წინანდელ და არა ტოლფას (მსგავს) თანამდებობაზე. მართალია, შკკ-ის 109-ე მუხლი იცნობს “ტოლფასი თანამდებობის” ცნებას, მაგრამ იგი არჩევით თანამდებობაზე არჩეულ მუშაკთა გარანტიებს ეხება და მთლიანობაში ვერ გავრცელდება შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე სადავო საკითხების გადაწყვეტისას, ვინაიდან 109-ე მუხლი გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და იგი არ შეიძლება აწესრიგებდეს ადმინისტრაციის ინიციატივით მუშაკის გათავისუფლებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში გაკეთებულ ჩანაწერს თ. დ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ კასატორმა სადავო ბრძანების გამოცემისას დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლისა და შკკ-ის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ თ. დ-ის გათავისუფლების შესახებ 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3697-პ ბრძანება გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას მიეკუთვნება, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი _ ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3697-პ ბრძანება თ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს კასატორს, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. დ-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹3697-პ ბრძანება თ. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და დაევალოს საგადასახადო დეპარტამენტს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და შკკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.