Facebook Twitter

ას-882-830-10 11 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ე. ი-ნის წარმომადგენელი მ. ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ჰ-ელი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ი-ნის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის შეტანამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით შპს “ვ. მ.-ს” პარტნიორ რ. ჰ-ელის აქციათა 45%-ის დაყადაღება. მხარემ მიუთითა, რომ აპირებს რ.ჰ-ელის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას ვალდებულების შესრულების შესახებ. მოპასუხის არაკეთილსინდისიერი მოქმედებებიდან გამომდინარე, საჭიროა, მოსარჩელის კანონიერი ინტერესები გარანტირებულ იქნეს შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა ე.ი-ნმა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად გაეგზავნა სააპელაციო პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ე. ი-ნის წარმომადგენელ მ. ს-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და შპს “ვ. მ.-ში” რ. ჰ-ელის კუთვნილ 45% აქციებს დაედო ყადაღა. ამავე პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით სარჩელის წინასწარ უზრუნველყოფის ზემოხსენებული ღონისძიება გაუქმდა და სადავო აქციებს ყადაღა მოეხსნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ათდღიან ვადაში სარჩელის შეუტანლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ი-ნის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ შეიტანა საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში მისი გამოსწორება, ამავე პალატის 2010 წლის 9 აგვისტოს განჩინებით კი საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო და საქმესთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ე. ი-ნის წარმომადგენელ მ. ს-ძის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით, ხოლო 419-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უქმდება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის შეტანის გზით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ვინაიდან ასეთ დროს ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და მასზე საჩივარი აღარ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში ე. ი-ნის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ განსახილველი საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სარჩელის წინასწარ უზრუნველყოფის გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განჩინება სააპელაციო პალატამ გამოიტანა როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, რადგან თავდაპირველად მ.საპირმა თავისი მარწმუნებლის სახელით განცხადება შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოში და საქმე მ.ს-ძის განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ განსახილველად გაეგზავნა ზემდგომ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც თავდაპირველად დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა, თუმცა მოგვიანებით გასაჩივრებული განჩინებით თავადვე გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. ი-ნის წარმომადგენელ მ. ს-ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: B

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ი-ნის წარმომადგენელ მ. ს-ძის საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.