Facebook Twitter

¹ას-924-963-2011 17 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბესარიონ ალავიძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ბ-ძის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. ბ-ძის განცხადების გამო შპს «სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედ არბიტრაჟის» გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ საჩივარს და თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში მ. ბ-ძემ საჩივარი შემოიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 მარტის განჩინებაზე, რომლითაც უარი ეთქვა სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ქვემოთ მოყვანილ გარემოებათა გამო:

«არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ნებიმიერი სახით (კერძო საჩივრის, საჩივრის ან საკასაციო საჩივრის) განიხილოს ზემოთ მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო საჩივრით მხარეებისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სასარჩელო წარმოების წესით განხილული საქმეების მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რაც შეეხება საჩივრის შეტანას, საპროცესო კანონმდებლობა «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვას ამ საკითხზე არ ითვალისწინებს, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს განსაკუთრებულ წარმოებასთან, რომლის მარეგულირებელი ნორმები სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითებას საერთოდ არ შეიცავს. აღნიშნულიდან შეიძლება გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ კანონმდებელი მსგავსი კატეგორიის საქმეებში საკასაციო სასამართლოს ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ბ-ძის საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ-ძის საჩივარი დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.