Facebook Twitter

ას-1248-1198-2010 31 იანვარი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. გ-ური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. გ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გზის განთავისუფლება, უკანონო ნაგებობის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 2 ნოემბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. გ-ძემ მოპასუხე ნ. გ-ურის მიმართ მოპასუხისათვის მშენებლობის გაგრძელების აკრძალვისა და ნაგებობის დემონტაჟის დავალდებულების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მეზობლად მცხოვრებმა ნ. გ-ურმა სამანქანო გზის სავალ ნაწილზე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს მიაშენა ფარდული ავტოფარეხის მოწყობის მიზნით. აღნიშნულის გამო ზ. გ-ძის მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. ტერიტორია, რომელზეც ავტოფარეხი მდებარეობდა, არ წარმოადგენდა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთს. მოპასუხეს ტერიტორია დაკავებული ჰქონდა თვითნებურად, მას არ გააჩნდა მიწათსარგებლობის უფლება, ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვა და პროექტი. სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საჩხერის პოლიციას, რომლებმაც განუმარტეს, რომ პრობლემის გადასაწყვეტად უნდა მიემართა სასამართლოსთვის.

მოპასუხე ნ. გ-ურმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთითურთ, რომლის ნაწილსაც მოსარჩელე ედავება, ნ. გ-ურმა შეიძინა ა. ა-ძისაგან 1987 წლის 9 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით. გამსხვისებელს საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი მიღებული ჰქონდა 1987 წლის 26 აგვისტოს, რომლითაც ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ოდენობა 462კვ.მ-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, გამოირიცხებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხეს სადავო მიწის ნაკვეთი თვითნებურად ჰქონდა დაკავებული. რაც შეეხებოდა ავტოფარეხის ნებართვასა და პროექტს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა საჩხერის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ნ. გ-ურს ნება დაერთო, დაენგრია ძველი ავარიული საცხოვრებელი სახლი და მის ნაცვლად აეშენებინა ახალი ბინა, სადაც ავტოფარეხი გათვალისწინებული იყო სწორედ სადავო ტერიტორიაზე. უსახსრობის გამო მოპასუხემ მშენებლობა აწარმოა ნაწილ-ნაწილ, ხოლო ავტოფარეხის მშენებლობა, აღნიშნული პროექტის საფუძველზე, იმ დროს დაიწყო, როცა ამის საშუალება მიეცა. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული იყო ... ქუჩით, შესაბამისად, ზ. გ-ძეს სახლთან მისასვლელი და დამაკავშირებელი გზაც აღნიშნული ქუჩიდან ჰქონდა. ამდენად, მითითება იმის შესახებ, რომ სადავო ტერიტორიაზე ავტოფარეხის არსებობა მოსარჩელეს საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის შესაძლებლობას ართმევდა, უსაფუძვლოა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის განჩინებით ზა. გ-ძე საქმეში მესამე პირად მოსარჩელის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა ზა. გ-ძე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ზ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. გ-ურს დაევალა ზ. გ-ძის საცხოვრებელ სახლთან (საჩხერეში, ... ქ. ¹2-ში მდებარე) მისასვლელ გზაზე მის მიერ უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი, მასვე აეკრძალა ზ. გ-ძისათვის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზით სარგებლობაში ხელშეშლა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის განჩინებით ნ. გ-ურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2010 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. გ-ურმა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების განმარტება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: მის მიერ დარღვეულია ავტოფარეხის მშენებლობის პროექტის მოთხოვნები, კერძოდ, ავტოფარეხის ნაწილი 40 სმ-ით არის გადაცილებული საპროექტო ნიშნულიდან, სხვა მხრივ ავტოფარეხის მშენებლობა შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ის საკითხი, თუ რა იგულისხმება უკანონო ნაგებობაში, უნდა განმარტოს გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ურის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა იმდაგვარად, რომ: - «დაევალოს ნ. გ-ურს მოახდინოს ზ. გ-ძის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე საჩხერე, ... ქ. ¹3) მისასვლელ გზაზე ნ. გ-ურის საცხოვრებელ სახლზე ავტოფარეხის მოწყობის მიზნით მიშენებული ფარდულის დემონტაჟი», ხოლო ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი განიმარტა იმდაგვარად, რომ: - «აეკრძალოს ნ. გ-ურს ზ. გ-ძისათვის მის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი იმ გზით სარგებლობაში ხელშეშლა, რომელიც ნ. გ-ურის საცხოვრებელ სახლზე მიშენებული ფარდულის დემონტაჟის შედეგად იქნება გამოთავისუფლებული». სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტები ბუნდოვანია და საჭიროებს განმარტებას, კერძოდ, მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ: - «დაევალა ნ. გ-ურს მოეხდინა ზ. გ-ძის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე, საჩხერე, ... ქ. ¹2) მისასვლელ გზაზე მის მიერ უკანონოდ გაკეთებული ნაგებობის დემონტაჟი», განმცხადებლისათვის გაუგებარია რა იგულისხმება «უკანონო ნაგებობაში». გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ - «აეკრძალოს ნ. გ-ურს ზ. გ-ძისათვის მის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზით სარგებლობაში ხელშეშლა», განმცხადებლისათვის გაუგებარია, რა იგულისხმება «მისასვლელ გზაში».

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. გ-ურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. გ-ურმა პროექტის დარღვევით ააშენა ავტოფარეხი იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გზას. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება «უკანონო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ», თუმცა არ დაუზუსტებია, რომელი ნაგებობა ან მისი ნაწილი არის აშენებული უკანონოდ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ნ. გ-ურის მიერ აშენებული «უკანონო ნაგენობა» არის ის ნაგებობა, რომელიც აშენებულია დამტკიცებული პროექტის დარღვევით, რითაც ხელი ეშლება მოსარჩელე ზ.გ-ძეს გზით სარგებლობაში. აქედან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ტერმინის «უკანონო ნაგებობის» განმარტებისას, უნდა გამოერკვია, ნ. გ-ურმა რა ნაწილში დაარღვია ავტოფარეხის მშენებლობის პროექტი. არც საჩხერის გამგეობასა და არც სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ არსებობს მშენებლობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ავტოფარეხის მშენებლობას, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, ერთადერთი გადასაწყვეტი სადავო საკითხია ის, თუ რით არ შეესაბამება ნ. გ-ურის მიერ განხორციელებული მშენებლობა დამტკიცებულ პროექტს ანუ პროექტის (ავტოფარეხის) რა ნაწილია უკანონოდ (პროექტის დარღვევით) აშენებული. სასამართლო ვალდებული იყო, თავის განმარტებაში დაეზუსტებინა, თუ მიშენების რა ნაწილი წარმოადგენს უკანონო ნაგებობას. მოცემული განმარტებით, «უკანონო ნაგებობის» განმარტებაში შედის მთლიანად ავტოფარეხის ნაგებობა, მათ შორის, ავტოფარეხის, როგორც უკანონოდ (პროექტის დარღვევით) აშენებული ნაწილი, ისე ავტოფარეხის ის ნაწილიც, რომელიც პროექტით განსაზღვრულ ფარგლებს სცდება და, ამდენად, კანონიერია. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბერს განჩინების არსებული სახით აღსრულების შემთხვევაში დემონტაჟს დაექვემდებარება, როგორც «უკანონო მიშენება», ისე ნაგებობის კანონიერად აშენებული ნაწილი, რაც დაუშვებელია. ამასთან, გადაწყვეტილების ამგვარად განმარტება, ეწინააღმდეგება თავად გადაწყვეტილებას, რადგან 2010 წლის 11 თებერვალს გადაწყვეტილებით დემონტაჟს ექვემდებარება მხოლოდ პროექტის დარღვევით აშენებული «უკანონო ნაგებობა». საქმეში წარმოდგენილია საჩხერის მუნციპალიტეტს გამგეობის წერილობითი განმარტება და მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დასკვნა იმის შესახებ, რომ ნ. გ-ურის მიერ განხორციელებული ავტოფარეხის მშენებლობა 40 სმ-ით სცდება დამტკიცებულ საპროექტო ნიშნულს, შესაბამისად, გაუგებარია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უარყო სასამართლომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზემოთ მოყვანილი განმარტება და რის საფუძველზე დაადგინა, რომ «პროექტის დარღვევით» განხორციელებულ უკანონო მშენებლობაში იგულისხმებოდა მთლიანად ავტოფარეხის ნაგებობა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითება იმ მტკიცებულებაზე, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო განმარტებისას და რომელიც გააბათილებდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განმარტებებსა და დასკვნებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება განახორციელა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე, რის გამოც საქმეზე არასწორი განმარტება იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ნ. გ-ურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ურის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა იმდაგვარად, რომ: - «დაევალოს ნ. გ-ურს მოახდინოს ზ. გ-ძის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე საჩხერე, ... ქ. ¹3) მისასვლელ გზაზე ნ. გ-ურის საცხოვრებელ სახლზე ავტოფარეხის მოწყობის მიზნით მიშენებული ფარდულის დემონტაჟი», ხოლო ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში აღნიშნული: - «აეკრძალოს ნ. გ-ურს ზ. გ-ძისათვის მის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი იმ გზით სარგებლობაში ხელშეშლა, რომელიც ნ. გ-ურის საცხოვრებელ სახლზე მიშენებული ფარდულის დემონტაჟის შედეგად იქნება გამოთავისუფლებული».

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და, თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისთვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლითაც ნ. გ-ურს დაევალა მოახდინოს ზ. გ-ძის საცხოვრებელ სახლთან (მდებარე, საჩხერეში, ... ქ. ¹2-ში) მისასვლელ გზაზე მის მიერ უკანონოდ გაკეთებული ნაგებობის დემონტაჟი, დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ ს.ფ. 219-ზე არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 8 აპრილის ¹229-ე ბრძანებას, რომლის თანახმადაც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტს დაევალა განეხორციელებინა კანონით გათვალისიწინებული ღონისძიებები ნ. გ-ურის მიერ უნებართვო და პროექტის დარღვევით წარმოებულ ავტოფარეხის მშენებლობასთან დაკავშირებით. სასამართლო დაეყრდნო ასევე საქმეში წარმოდგენილ ს.ფ. 220-221-ზე საჩხერის მუნიციპალიტეტის კომისიის დასკვნას, რომლის თანახმად ნ. გ-ური ავტოფარეხის მშენებლობას აწარმოებს პროექტის დარღვევით იმ მიწაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა. ამ მტკიცებულებების ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. გ-ურს მხოლოდ სახლის მშენებლობა უნდა ეწარმოებინა --- ქ. ¹48-ში გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე და არა ავტოფარეხის, რომლის მშენებლობასაც ის აწარმოებს ...... ჩიხიდან არსებულ მიწის ფართზე (46 კვ.მ). ამავე დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ ასევე, დადგენილად ცნო, რომ ნ. გ-ური, რომელიც უნებართვოდ სარგებლობდა ...... ჩიხიდან მდებარე 46 კვ. მ მიწის ნაკვეთით და რომელზეც აწარმოებს ავტოფარეხის მშენებლობას, არ იყო მის საკუთრებაში რეგისტრირებული და აღნიშნულზე მან მიმართა აღიარების (მიწის ნაკვეთებზე) კომისიას სადავო მიწის მის საკუთრებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით კანონიერად განმარტა გადაწყვეტილება და დააზუსტა, თუ რას მოიცავდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული უკანონო ნაგებობა. გადაწყვეტილების განმარტებით სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი არ შეუცვლია, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი ფაქტი შესაბამისობაში მოიყვანა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.