ას-1285-1540-09 26 აპრილი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. მ-ძე (წარმომადგენელი ნ. ფ-ური)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ნი. მ-ძე, შ. კ-შვილი, მ. ბ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. მ-ძემ. 2008 წლის 8 სექტემბერს ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელედ ნ. მ-ძესთან ერთად მიეთითა დ. მ-ძე. მოპასუხეებად დასახელდნენ ნი. მ-ძე, შ. კ-შვილი და მ. ბ-შვილი. მოსარჩელემ მოითხოვა: აწ გარდაცვლილი დ. მ-ძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება, აღნიშნულ ქონებაზე ნოტარიუს თ. ო-ანის მიერ 2004 წლის 12 ივლისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და სამკვიდრო ქონების გაყოფა (ტომი I, ს.ფ. 2-12, 31-33).
მოსარჩელეთა საბოლოო მოთხოვნები ამგვარად ჩამოყალიბდა:
ა. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება;
ბ. ნოტარიუს თ. ო-ანის მიერ 2004 წლის 15 იანვარს ნი. მ-ძის სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რომლითაც ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა მეუღლის, მამკვიდრებელ დ. მ-ძის პირველი რიგის მემკვიდრედ;
გ. 2008 წლის 22 სექტემბერს ნი. მ-ძესა და შ. კ-შვილს შორის თბილისში, ... ქ. ¹51-ში მდებარე ¹15 ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
დ. 2008 წლის 20 ოქტომბერს ამავე ბინაზე შ. კ-შვილსა და მ. ბ-შვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
ე. სამკვიდრო ქონების, თბილისში, ... ქ. ¹51-ში მდებარე 15 ბინის მოსარჩელეებისათვის თანაბარწილად მიკუთვნება (ტომი II, 11-38).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. მ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა (ტომი II, ს.ფ. 219-221).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა გადახდილად (ტომი II, 227-234).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ (წარმომადგენელი ნ. ფ-ური), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 257-271).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება (ტომი III, ს.ფ. 77-88).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ (წარმომადგენელი ნ. ფ-ური), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა ნ. მ-ძის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება. კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. მ-ძე არის ინვალიდი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმის მასალებში წარმოდგენილია, ხოლო “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ინვალიდები საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან (ტომი III, ს.ფ. 102-114).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ამავე განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დატოვების ნაწილში, დაშვებულად ცნობილ ნაწილში დადგინდა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა (ტომი III, ს.ფ. 144-153).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან ინვალიდები. კანონის დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ინვალიდი მხარის გათავისუფლებას ყველა ინსტანციის სასამართლოში.
საქმის მასალების თანახმად, ნ. მ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა სულ შეადგენს 1050 ლარს, კერძოდ, თავდაპირველად, ნ. მ-ძის სარჩელზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ. ლ-იამ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 200 ლარი (ტომი I, ს.ფ. 25), მოგვიანებით, ხარვეზის შევსების შესახებ 12.09.2008წ. მოსარჩელის განცხადებას თან ერთვის ასევე წარმომადგენელ ნ. ლ-იას მიერ გადახდილი 498 ლარის გადახდის ქვითარი (ტომი I, ს.ფ. 38). აქედან გამომდინარე, ნ. მ-ძისათვის დაბრუნებას ექვემდებარება მის სარჩელზე წარმომადგენელ ნ. ლ-იას მიერ გადახდილი 698 ლარი. გარდა ამისა, მას უნდა დაუბრუნდეს დამატებით მოთხოვნაზე წარმომადგენელ ნ. ლ-იას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 352 ლარი (ტომი I, ს.ფ. 111-112, 148). მთლიანობაში ნ. მ-ძისათვის დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1050 ლარს (698 + 352 ლარი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის საკითხი განეკუთვნება ისეთ საპროცესო მოქმედებას, რაც არასწორად განსაზღვრის შემთხვევაში გამოსწორებადია საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ. მ-ძის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდილად მიჩნევის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასახელებულ ნაწილში გაუქმებას, ხოლო ნ. მ-ძის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა დაბრუნებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ნ. მ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში;
3. ნ. მ-ძეს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმომადგენელ ნ. ლ-იას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1050 ლარი (მათ შორის: 2.09.2008წ. გადახდილი 200 ლარი, 12.09.2008წ. გადახდილი 498 ლარი, 22.10.2008წ. გადახდილი 352 ლარი) ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.