ას-589-557-2011 30 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბ. ალავიძე, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. პ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ლ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ფლობის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. პ-ძემ და ვ. ბ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. ლ-ძისა და მესამე პირების: ... სამინისტროსა და შპს «თ-ის» მიმართ ლ. ლ-ძის ქონებაზე ვ. ლ-ძის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობით ლიტერ «ა» და «ბ» ქონების გადაცემის ბათილად ცნობის, ასევე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის _ 1990 წლიდან ქ.თბილისში, ...¹2-ში მდებარე უძრავი ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვ. ბ-ძისა და მ. პ-ძის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე განისაზღვრა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაადგინა, რომ «მეტროპოლიტენის მშენებლობის დირექციისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ” თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 16 მაისის ¹10.33.278 გადაწყვეტილებით თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დირექციას სამშენებლო მოედნის მოსაწყობად გამოეყო მიწის ნაკვეთი ...-ის, ...-ის ქუჩებსა და არსებულ მრავალსართულიან განაშენიანებას შორის. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა ლენინის რაისაბჭოს აღმასკომს, აეღო გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე არსებული სახლები, დაეკმაყოფილებინა მათში მცხოვრებნი საცხოვრებელი ფართით და კანონის შესაბამისად აენაზღაურებინა კანონიერი მფლობელებისათვის საცხოვრებელი სახლისა და მწვანე ნარგავების ღირებულება.
ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 5 თებერვლის ¹3.14.170 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, ვ. ლ.ის ძე ლ-ძე, რომლის ოჯახი შედგება ოთხი სულისაგან, 1969 წლიდან ჩაწერილია ... ¹2-ში მამის, მოქალაქე ლ. ნ. ლ-ძის სახელზე რიცხულ სახლში, რომელიც მეტროს ¹52 შახტისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით ექვემდებარებოდა აღებას. აღნიშნულის გამო ვ. ლ-ძეს გამოეყო ... ¹34-ის მე-... კორპუსში მდებარე ¹2 სამოთახიანი 48,39 კვ.მ იზოლირებული ბინა.
ლენინის რაიონის აღმასკომის 1985 წლის 18 დეკემბრის ¹27.91.1790 გადაწყვეტილებით ლ. ლ-ძეს გამოეყო ერთოთახიანი იზოლირებული ბინა, რადგან მისი სახლი ექვემდებარებოდა აღებას მეტროს ¹52 შახტისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით.
ქ.თბილისში, ... ¹2-ში მდებარე შენობა გამოთავისუფლდა დანგრევის მიზნით თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობისათვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის გამო, თბილისის მთავრობის დადგენილებით შპს «თ-ის” ¹52 შახტის საქმიანი ეზოს მოსაწყობად. შენობა არ დანგრეულა დაუფინანსებლობის მოტივით. 1985-2001 წლებში მ. პ-ძე და ვ. ბ-ძე მუშაობდნენ შპს «თ-ის” სისტემაში. მათი შესახლება გამოთავისუფლებულ შენობაში მოხდა დროებით, «თბილმეტრომშენის” ხელმძღვანელობასთან სიტყვიერი შეთანხმებით. მ. პ-ძისა და მ. ბ-ძის მიერ დაკავებული ფართით სარგებლობა ამჟამად ხორციელდება შპს «თ-ის” ადმინისტრაციის ზეპირი ნებართვით.
ტექბიუროს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ.თბილისში, ... ¹2-ში მდებარე შენობებიდან ლიტერ «ა” და «ბ” შენობების მესაკუთრეს წარმოადგენს ლ. ლ-ძე, ხოლო ლიტერ «გ” სახელმწიფო საკუთრებაშია. ლ. ლ-ძის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 1969 წლის 25 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
2008 წლის 12 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, აწ გარდაცვლილი ლ. ლ-ძის დანაშთი, ... ¹2-ში ლიტერ «ა” და «ბ-ში” მდებარე ქონება მემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილმა _ ვ. ლ-ძემ.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე, 103-ე, სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საკითხი იმის შესახებ, აღნიშნული გადაწყვეტილებით ლ. ლ-ძემ დაკარგა თუ არა სამართლებრივი კავშირი მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლსა და კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კანონით დადგენილი წესით შეცილებული არ არის, ანუ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანისა თუ შესწორების შესახებ უფლებამოსილი პირის _ სახელმწიფოს მიერ სარჩელი არ არის შეტანილი. მოსარჩელე ვერ იქნება უფლებამოსილი, იდავოს რეესტრის უსწრობაზე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა სადავო მიწის ნაკვეთი წარმოდგენდა სახელმწიფო საკუთრებას, სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, საცხოვრებელი ბინის დანგრევის სანაცვლოდ, კომპენსაცია გადაეხადა ბინის მესაკუთრისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის, 311-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1515-ე და 312-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ტექბიუროს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის ლ. ლ-ძის სახელზე ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, ზემოაღნიშნული ქონება წარმოადგენდა სამკვიდრო აქტივს და ნოტარიუსმა კანონის მოთხოვნათა დაცვით გასცა სამკვიდრო მოწმობა მის მემკვიდრე ვ. ლ-ძის სახელზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს იურიდიული ფაქტის დადგენის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი). მოპასუხეს ნივთის ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, ხოლო აღნიშნული ფაქტის არსებობა კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის რაიმე სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ გახდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. პ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 144-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 1513-ე, 1515-ე და 1338-ე მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებულ სასამართლო პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. პ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. პ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. პ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 6 აპრილსა და 3 ივნისს მ. ბ-ძის მიერ გადახდილი 2500 (300+2200) ლარის 70% _ 1750 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. პ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ მ. პ-ძეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მ. ბ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1750 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.