გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-1257-832-კ-05 22 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 2 ნოემბერს ც. ღ.-მ, ზ. ჭ.-მ, პ. კ.-მა და ნ. კ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ 2004წ. 29 აპრილის ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ა/წ 29 აპრილიდან გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: ც. ღ.- _ სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; ნ. კ.-ი _ ამავე დეპარტამენტის ამავე სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; ზ. ჭ.- და პ. კ.-ი _ ...-ის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს მთავარ სპეციალისტებად.
«საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში 2004წ. 24 ივნისის ცვლილებებით საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო ლიკვიდირებულ იქნა და მისი ფუნქციები გადაეცა ეკონომიკურ განვითარების სამინისტროს. ამავე კანონის მე-2 მუხლით საქართველოს მთავრობას დაევალა 2 თვის ვადაში შესაბამისი სალიკვიდაციო და ა.შ. ღონისძიებების განხორციელება. «ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე» საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2004წ. 29 ივნისის ¹01/01-01/371 ბრძანებით გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, გამომდინარე აქედან, მოსარჩელეთა მოსაზრებით, სამინისტროსა და მათ შორის შრომითი ურთიერთობა განისაზღვრა გარკვეული ვადით, ანუ სამინისტროს რეორგანიზაციამდე. საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილებით დამტკიცდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულება და ამავე დებულების მე-3 პუნქტით ძალადაკარგულად ჩაითვალა «ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2004წ. 19 აპრილის ¹27 დადგენილება, რომელიც ძალაში შევიდა იმავე დღეს.
მოსარჩელეების მითითებით, ისინი «სამინისტროს თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ» ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/491 ბრძანებით გათავისუფლდნენ სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანებით, მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხის მიერ დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი და არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ისინი დანიშნულები იყვნენ გამოსაცდელი ვადით, რომლის ვადაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულია არა უმეტეს 6 თვისა და რომლის განმავლობაშიც უნდა შემოწმებულიყო მათი, როგორც მოხელეების‚ პროფესიული ჩვევები და შესაძლებლობები, პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან და მხოლოდ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამოვლენის შემთხვევაში შეიძლებოდა მათი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
...-ის დეპარტამენტში საშტატო განრიგის შესაბამისად ირიცხებოდა 21 საშტატო ერთეული, ხოლო ...-ის დეპარტამენტში _ 12 ერთეული. პირველ დეპარტამენტში გათავისუფლდა 5 თანამშრომელი და დარჩა 16, მეორეში _ 4 და დარჩა 8. მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის გაურკვეველია, თუ რა შეფასების საფუძველზე მოხდა მათი გათავისუფლება სამსახურიდან და დარჩენილთათვის უპირატესობის მინიჭება მაშინ, როდესაც თანაბარ პირობებში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა‚ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ენიჭებათ მუშაკებს, რომელთაც ამ დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი აქვთ. პ. კ.-ი 1997 წლიდან მუშაობს ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2000-2002 წლებში მიღებული აქვს მინისტრის ორი და საქართველოს პრეზიდენტის ერთი მადლობა; ნ. კ.-ი სამინისტროში მუშაობს 1991 წლიდან, 2000-2001 წლებში გამოცხადებული აქვს მინისტრის სამი და პრეზიდენტის ერთი მადლობა, კმაყოფაზე ჰყავს უმუშევარი მეუღლე, უმუშევარი შვილი, ოჯახში არ ჰყავს დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი. ც. ღ.-ა სამინისტროში მუშაობს 1991 წლიდან და მის ოჯახში მის გარდა არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი, 2000-2001 წლებში მიღებული აქვს მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის მადლობები; ა. ჭ.-ე _ მრეწველობის, ხოლო შემდეგ უფლებამონაცვლე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მუშაობს 1992 წლიდან, 2001-2002 წლებში გამოცხადებული აქვს მინისტრის ორი და საქართველოს პრეზიდენტის ერთი მადლობა, არის მარტოხელა.
მოსარჩელეების განმარტებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლებისას მოპასუხემ ასევე არ გაითვალისწინა და დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო ამავე კანონის 96-ე მუხლის თანახმად ასევე დადგენილია, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. სამინისტროს კი მათთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია.
მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დაირღვა შკკ-ის 37-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სამინისტროს უფლება არ ჰქონდა, თავისი ინიციატივით, პროფკავშირის თანხმობის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ეკონომიკური განვითარების სამინისტროში არსებობდა პროფკავშირი და ასევე ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, მუშაკს შრომის წიგნაკი ეძლევა დათხოვნის დღეს, რაც სამინისტროს არ გაუკეთებია და რაც ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის მათ მიერ საშუალო ხელფასის მოთხოვნის საფუძველია იძულებითი გაცდენის მთელი პერიოდისათვის. ასევე უკანონოა სადავო ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 58-ე მუხლზე მითითება, რომლის თანახმადაც‚ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, მათთვის მინდობილი ქონების დასაბრუნებლად უნდა მიემართათ საამისოდ დანიშნული პირისთვის, ვინაიდან, სამინისტროს ისეთი პირის დანიშვნაზე, რომელიც ვალდებული იყო ჩაებარებინა საქმის წარმოება და ქონება, გადაწყვეტილება არც მათი გათავისუფლების დღისათვის და არც მანამდე არ მიუღია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/01-01/491 ბრძანების 1-ლი პუნქტის 30-ე, 42-ე, 48-ე და 49-ე ქვეპუნქტების უკანონოდ ცნობას, ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენას, იძულებით გაცდენილი მთელი დროის ხელფასის ანაზღაურებას, შრომის წიგნაკების გაცემის დაყოვნებისათვის მათი საშუალო ხელფასის ანაზღაურებას იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდისათვის და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
მოპასუხე _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ღ. ღ.-ას, ზ. ჭ.-ის, პ. კ.-ისა და ნ. კ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/01-01/491 ბრძანების 1-ლი პუნქტის 30-ე, 42-ე, 48-ე და 49-ე ქვეპუნქტები აღიარებულ იქნა არაკანონიერად, მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ თავდაპირველ ან ტოლფას თანამდებობაზე და მოპასუხეს – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გათვალისწინებულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონების შესაბამისად, 2004წ. 29 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ¹01-03-01/371 «ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე», რომელსაც დაეთანხმნენ მოსარჩელეები და დაადასტურეს თავიანთი ხელმოწერებით. აღნიშნული დროისათვის, აპელანტის მითითებით, ნ. კ.-ი და ც. ღ.-ა მუშაობდნენ ...-ს სამმართველოში მთავარ სპეციალისტებად, პ. კ.-ი _ ...-ის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად, ზ. ჭ.-ე _ ...-ის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად.
აპელანტის განმარტებით, ოთხივე მოსარჩელე ინფორმირებული იყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილების შესაბამისად, 2004წ. 1 ოქტომბრის ¹1-1/127 ბრძანებით დამტკიცდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საშტატო განრიგი, რომლის მიხედვითაც, სამმართველოები, რომლებშიც მოსარჩელეები მუშაობდნენ გაუქმდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მოსარჩელეებისათვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის განჩინებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა, არა უმეტეს 6 თვისა, ვინაიდან ბრძანებაში გამოსაცდელი ვადა მითითებული არ იყო, რაიონულმა სასამართლომ ასეთ ვადად სწორად განსაზღვრა 6 თვე, ხსენებულ და გადაწყვეტილებაში მითითებულ სხვა ნორმების მოთხოვნათა დარღვევის საფუძველზე მოხელეთა გათავისუფლების ბრძანება სწორად ცნო ბათილად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეები გათავისუფლებამდე მუშაობდნენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ... სამმართველოში, ...-ის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოში, საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილებით დამტკიცებული ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების თანახმად, რომელშიდაც საქართველოს მთავრობის 2004წ. 31 დეკემბრის ¹125 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილებები, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს შორისაა ...-ის დეპარტამენტი, რომელიც ორგანიზაციას უწევს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების ადგილს ეკონომიკური განვითარების პროგნოზებს, აანალიზებს ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგებს, ეკონომიკური განვითარების ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებს და ახორციელებს მათი განთივარების პროგნოზირებას, შესაბამის უწყებებთან ერთად მონაწილეობს დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში და ა.შ.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე სამინისტროს ...-ის დეპარტამენტი წარმოადგენს იმ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სწორედ იმ დეპარტამენტებისა და სამმართველობის ფუნქციებს, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდნენ მოსარჩელეები, ანუ მოხდა ხსენებული დეპარტამენტებისა და სამმართველოების რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის გათავისუფლებისას ასევე დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციას მოსარჩელეებისათვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა, მაშინ, როდესაც საქმეშია ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2004წ. ოქტომბრის შემდეგ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან გათავისუფლებულ მუშაკებს, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეთავაზებათ სხვა სამსახური, რისი შესაძლებლობა და ვალდებულებაც ჰქონდა მოპასუხეს, რაც არ შეასრულა და რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნა.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გათვალისწინებულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონების შესაბამისად, 2004წ. 29 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა ¹01/03-01/371 ბრძანება, სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თანამშრომლების მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულ ბრძანებას მოსარჩელეები გაეცნენ. ისინი იმ დროისათვის მუშაობდნენ ნ. კ.-ი და ც. ღ.-ა ...-ის სამმართველოში მთავარ სპეციალისტებად, პ. კ.-ი ...-ის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად, ხოლო ზ. ჭ.-ე მრეწველობის ...-ის სამმართველოში ასევე მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ისინი დაეთანხმნენ მინისტრის ბრძანებას, რაც თითოეულმა მათგანმა დაადასტურა საკუთარი ხელიმოწერით. საქმეში არსებული მასალების თანახმად, მოსარჩელეთათვის კარგად იყო ცნობილი მათი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, თუმცა შესაბამისი ბრძანება არ გაუსაჩივრებიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა აღნიშნული საკითხი, რაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.
«საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004წ. 24 ივნისის კანონით განხორციელდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია. საქართველოს მთავრობას დაევალა სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. შეიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რამაც შესაბამისად შტატების შემცირება გამოიწვია. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილების შესაბამისად, 2004წ. 1 ოქტომბრის ¹1-1/127 ბრძანებით დამტკიცდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგი, რომლის თანახმადაც, სამმართველოები, რომლებშიც მოსარჩელეები მუშაობდნენ, გაუქმდა. სასამართლომ არც აღნიშნული გარემოება გაითვალისწინა, რაც ასევე საფუძვლად დაედო სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლს, რომლის შესაბამისადაც მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან შტატების შემცირების გამო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათ სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ თანხმობა არ გამოუხატავთ. მოსარჩელეებს, განსხვავებით სხვა თანამშრომლებისაგან, არ მიუმართავთ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი განცხადებით და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ თანხმობა არ წარმოუდგენიათ. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. ¹01/03-01/491 ბრძანება მოსარჩელეთა გათავისუფლების ნაწილში გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის არანაირი იურიდიული საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 377.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის 1 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის ნაწილში, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით, განმარტავს შემდეგს: თბილისის კრწანისი მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 4004წ. 13 ოქტომბრის ¹01/01-01/491 ბრძანების პირველი პუნქტის 30-ე, 42-ე, 48-ე და 49-ე ქვეპუნქტების არაკანონიერად აღიარების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო პროცესუალურ შესაძლებლობას ემსჯელა გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები არ დაურღვევია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებული ბრძანების კანონშეუსაბამობის ნაწილში შესულია ძალაში, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში ვერ იმსჯელებს კასაციის საფუძვლებზე, ხოლო, რაც შეეხება, კასატორის პრეტენზიას სამსახურში აღდგენის თაობაზე, აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
ც. ღ.-აზე, ზ. ჭ.-ეზე, პ. კ.-სა და ნ. კ.-ზე, როგორც საჯარო მოხელეებზე, ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი და შრომის კანონთა კოდექსის საკანონმდებლო-მატერიალური ნორმები. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის დებულებები არ ითვალისწინებს «ტოლფასი თანამდებობის» ცნებას და, შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნილი მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას.
რაც შეეხება შრომის კანონთა კოდექსს, აღნიშნულ კოდექსში ტერმინი _ «ტოლფასი თანამდებობა» მოხსენიებულია მხოლოდ 109-ე მუხლში, რომელიც შეეხება არჩევით თანამდებობაზე არჩეული მუშაკის გარანტიას და რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება მთლიანობაში გავრცელდეს ყველა სახის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სადავო საკითხზე, იმ მიზეზის გამო, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისი ხასიათის ნორმას და არეგულირებს მხოლოდ ერთი გარკვეული სახის ურთიერთობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ღ. ღ.-ას, ზ. ჭ.-ის, პ. კ.-ისა და ნ. კ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/01-01/491 ბრძანების 1-ლი პუნქტის 30-ე, 42-ე, 48-ე და 49-ე ქვეპუნქტები აღიარებულ იქნა არაკანონიერად. ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, მოცემულ ეტაპზე დავას არ იწვევს თავად ბრძანების კანონშეუსაბამობის ფაქტი. საგულისხმოა, რომ მითითებული ბრძანების ბათილობის საფუძვლად იქცა აქტის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით გამოცემა. აქტის კანონშეუსაბამოდ ცნობის ფაქტი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს განმარტოს, რომ აღნიშნული, თავის მხრივ, წარმოშობს კასატორის შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ კასატორისათვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება სცილდება სასამართლოს ოფიციალურ-უწყებრივ კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, თვლის, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. კ.-თან, ც. ღ.-ასთან, პ. კ.-თან და ზ. ჭ.-ესთან მიმართებაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ. ამასთან, უნდა გაირკვეს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და ხომ არ არის მოსარჩელეების მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობების ანალოგიური თანამდებობა ახალი განრიგით, ან ხომ არ არის სხვა შესატყვისი სამსახური, რაზეც თანახმა იქნებიან მოსარჩელეები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს მოსარჩელეთა თავდაპირველ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც კასატორს – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ც. ღ.-ას, ზ. ჭ.-ის, პ. კ.-ისა და ნ. კ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის განჩინება მოსარჩელეთა თავდაპირველ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ც. ღ.-ას, ზ. ჭ.-ის, პ. კ.-ისა და ნ. კ.-ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც. ღ.-ას, ზ. ჭ.-ის, პ. კ.-ისა და ნ. კ.-ის სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე;
გასაჩივრებული განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.