Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №489აპ-20 თბილისი

ო-ე გ-ი, 489აპ-20 26 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ო-ეს ბრალი დაედო:

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o გ. ო-ე -- წლიდან დაქორწინებულია ზ. პ-ზე, რომელთანაც ჰყავდა საერთო შვილები - 19 წლის ლ. და 13 წლის ნ. ო-ეები. 6 წლის წინ, ხშირი კონფლიქტის მიზეზით, მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო დაახლოებით ერთი წლის წინ - შერიგდნენ და თავიანთ 13 წლის არასრულწლოვან შვილთან - ნ. ო-ესთან ერთად ცხოვრობდნენ თ-ში, გ-ას ქ. N--ში მდებარე გ. ო-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში;

o 2019 წლის მაისიდან იმავე წლის 30 ივნისამდე პერიოდში, თ-ში, გ-ას ქ. N--ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გ. ო-ე, ფინანსურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ო-ის თანდასწრებით სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე - ზ. პ-ზე, კერძოდ: სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და უშვერი სიტყვებით მიმართავდა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას;

o 2019 წლის 29 ივნისს თ-ში, გ-ას ქ. N--ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გ. ო-ემ შელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - ზ. პ-ს, კერძოდ: ორივე ხელი მაჯაზე ძლიერად მოუჭირა და აჯანჯღარა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ხელის არეში მიიღო დაზიანება;

o 2019 წლის მაისში თ-ში, გ-ას ქ. N--ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, გ. ო-ემ თავის არასრულწლოვან შვილს - ნ. ო-ეს უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2019 წლის 10 ივლისს მეუღლეზე - ზ. პ-ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გ. ო-ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №--, რომლითაც მას (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდა ზ. პ-ი (მსხვერპლი), აგრეთვე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. გ. ო-ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2019 წლის 22 ივლისს №- პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი მისწერა ზ. პ-ს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით:

· გ. ო-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

· გ. ო-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა);

· გ. ო-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 ივნისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ო-ეს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 10 ივლისიდან.

4. განაჩენის მიხედვით, გ. ო-ეს მსჯავრი დაედო:

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

5. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o გ. ო-ე -- წლიდან დაქორწინებულია ზ. პ-ზე, რომელთანაც ჰყავდა საერთო შვილები - 19 წლის ლ. და 13 წლის ნ. ო-ეები. 6 წლის წინ, ხშირი კონფლიქტის მიზეზით, მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო დაახლოებით ერთი წლის წინ - შერიგდნენ და თავიანთ 13 წლის არასრულწლოვან შვილთან - ნ. ო-ესთან ერთად ცხოვრობდნენ თ-ში, გ-ას ქ. N--ში მდებარე გ. ო-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში;

o ბრალდებულის დაკავებამდე, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, ყოფით საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტისას, გ. ო-ე სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე - ზ. პ-ზე, კერძოდ: სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, უშვერი სიტყვებით მიმართვდა, ამცირებდა და ემუქრებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას;

o 2019 წლის 29 ივნისს, შელაპარაკებისას, გ. ო-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ზ. პ-ს, კერძოდ: ორივე ხელი მაჯაზე ძლიერად მოუჭირა და აჯანჯღარა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ხელის არეში მიიღო დაზიანება;

o 2019 წლის 10 ივლისს მეუღლეზე - ზ. პ-ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გ. ო-ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №-, რომლითაც მას (მოძალადეს) 30 დღით აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან. გ. ო-ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2019 წლის 22 ივლისს №8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი მისწერა ზ. პ-ს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

o პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ. ო-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

o მსჯავრდებულ გ. ო-ის ადვოკატმა გ. ს-ემ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; გ. ო-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე და 111,3811-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ო-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. რაც შეეხება გ. ო-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე და 111,3811-ე მუხლების პირველი ნაწილებით შეფარდებული სასჯელების სამართლიანობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. ო-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე