ას-359-334-2010 7 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ნ. შ-ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ს-შვილი
მოპასუხე _ ო. ლ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ს-შვილმა მოპასუხეების _ ლ. (ო.) ლ-ძისა და ნ. შ-იას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, კერძოდ, თბილისში, ... ქ. ¹17-ში მდებარე 275.98კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მოპასუხეების მიერ გამოთავისუფლება და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
სარჩელის თანახმად, მოპასუხეებმა დაარღვიეს ნ. ს-შვილის საკუთრების უფლება თბილისში, ... ქ. ¹17-ში მდებარე 275.98კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, ისინი მოსარჩელეს არ აძლევენ ფართით სარგებლობის შესაძლებლობას. ნ. ს-შვილს სადავო ფართზე უფლება მოპოვებული აქვს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “... 2005-თან” დადებული ხელშეკრულებით, რომლითაც მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებად განისაზღვრა თბილისში, ... ქ. ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი. სადავო ფართზე მოსარჩელის კანონიერი უფლება ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით, რომლის მიხედვით, ამხანაგობა “... 2005” ვალდებულია, ახლად აშენებულ სახლში ნ. ს-შვილს გადასცეს 275.98კვ.მ (ტომი I, ს.ფ. 1-10).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისში, ... ქ. ¹17-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე არსებული 275.98კვ.მ გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების _ ო. ლ-ძისა და ნ. შ-იას უკანონო მფლობელობიდან და ნ. ს-შვილს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში (ტომი I, ს.ფ. 172-181).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-იამ (წარმომადგენელი ლ. ბ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 189-198).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით ნ. შ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 52-60).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება (ტომი II, ს.ფ. 100-106).
2010 წლის 12 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ს-შვილმა, რომელმაც საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნული მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დაყოვნებით ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. მან განმარტა, რომ სადავო ფართი დატვირთულია იპოთეკით საქართველოს ბანკის სასარგებლოდ, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს ბანკში ყოველთვიური პროცენტის გადახდას, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება კი გამოიწვევდა საქართველოს ბანკში მის მიერ სესხის გადაუხდელობის გამო ამ ფართის დაკარგვას. ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილება თავითავად აღუსრულებელი დარჩებოდა, ვინაიდან ბანკი გაყიდდა ... ქ. ¹17-ში მდებარე სადავო ფართს (ტომი II, ს.ფ. 46).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით ნ. ს-შვილის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, კერძოდ, დადგინდა მისი სარეზოლუციო ნაწილის შემდეგი პუნქტის აღსრულება: “უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი ... ქ. ¹17, პირველი სართული, ფართით 275.98კვ.მ გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეების _ ო. ლ-ძის და ნ. შ-იას უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელე ნ. ს-შვილს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში”.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი 2007 წლის 7 დეკემბრის ¹504752 ხელშეკრულების შესაბამისად, ნ. ს-შვილს სს “საქართველოს ბანკიდან” აღებული აქვს კრედიტი 135 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკითაა დატვირთული თბილისში, ... ქ. ¹17-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო 2007 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებაში 2009 წლის 16 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებით რესტრუქტურიზაციის შედეგად კრედიტის ოდენობა გაიზარდა და განისაზღვრა 141 520 აშშ დოლარით. ამდენად, დგინდებოდა, რომ ნ. ს-შვილის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლზე და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას კანონი ცალკე არ ითვალისწინებს, თუმცა ცხადია, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებას კანონი უშვებს გადაწყვეტილებით დაცული უფლების დაუშვებლად შელახვის საფრთხის არსებობისას.
იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდებოდა ნ. ს-შვილის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებდა კრედიტორს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იყო, გადაწყვეტილება მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის ანალოგიით (ტომი II, ს.ფ. 76-78).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. შ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვასა და გადაწყვეტას, რამდენადაც მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა. გარდა ამისა, იგი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლომ არ მოითხოვა მოსარჩელისაგან გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების მიღების მომენტისათვის შეუძლებელი იყო იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შესაძლებელია მოპასუხეს მიადგეს და არ იქნა გარკვეული, მეორე მხარე შეძლებდა თუ არა ზიანის ანაზღაურებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების პირობებში, სასამართლომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა მაინც დაუშვა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი (ტომი II, ს.ფ. 109).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის განჩინებით ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ნ. შ-იას კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხის განხილვის კომპეტენცია. ასეთ აკრძალვას არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე და 268-ე მუხლებით და განიხილოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი საქმეზე, რომელიც მის წარმოებაში იმყოფება.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის განჩინებით ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულის შედეგად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისში, ... ქ. ¹17-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე არსებული 275.98კვ.მ გამოთხოვილ იქნა ნ. შ-იას უკანონო მფლობელობიდან და ნ. ს-შვილს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში.
ამდენად, მოცემულ საქმეზე წარმოება დასრულებულია, ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება შესაძლებელია. საქმის დამთავრების გზით დამდგარ აღნიშნულ სამართლებრივ შედეგთან კი შესაბამისობაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის გასაჩივრებული განჩინება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად გადაცემას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, კერძო საჩივრით სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საბოლოოდ და არსებითად, რის გამოც აღარ არსებობს კერძო საჩივრით დავის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის დასრულებასთან ერთად ასევე უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით დადგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. შ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინება;
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით დადგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.