Facebook Twitter

ას-446-418-2010 19 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ.კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “კ-ა”

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ს-ი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ს-ა” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “კ-ის” მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულებისა და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სს „კ-ამ“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ მიმართ, რომლითაც თანხმობა განაცხადა მოსარჩელის სასარგებლოდ 3900992,40 ლარის ანაზღაურებაზე, მაგრამ ამავე დროს მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელისათვის დავალიანების _ 9996466,13 ლარის ანაზღაურების დაკისრება ან, ამავე კოდექსის 442-ე და 444-ე მუხლების შესაბამისად, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შედეგად მოსარჩელეს დაეკისროს 6095472,60 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” სარჩელი მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაკმაყოფილდა, სს “ს-ს” შპს “კ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 9996466.13 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივრის საფუძველზე აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” სარჩელი, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა, სს “ს-ს” შპს “კ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 9996466.13 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს “ს-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “კ-ამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა იშუამდგომლა მის მიერ საქმის განხილვისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2010 წლის 5 ივლისს შპს “კ-ამ” განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატამ 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით არ იმსჯელა კასატორის შუამდგომლობაზე მის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 3500 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 8000 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაბრუნების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “კ-ის” განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული, გადაუწყვეტავი საკითხები.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც შპს “კ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის არგუმენტს, რომ მითითებული გადაწყვეტილებით საკასაციო პალატას არ უმსჯელია კასატორის შუამდგომლობაზე მოწინააღმდეგე მხარისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 11500 ლარის დაკისრების შესახებ, რაც დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯები, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.

განსახილველ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” სარჩელი სრული მოცულობით დაკმაყოფილდა, რის გამოც სს “ს-ს” უნდა დაეკისროს განმცხადებლის მიერ შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3500 ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 8000 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “კ-ის” განცხადება დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

სს “ს-ს” დაეკისროს შპს “კ-ის” სასარგებლოდ 11500 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.