Facebook Twitter

ას-471-441-10 15 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-შვილი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-შვილის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ქ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. ქ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.

მხარეები, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას უარი განაცხადეს დასაბუთებულ განჩინებაზე და მის გასაჩივრებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ე. ქ-ძის წარმომადგენელმა ლ. ც-შვილმა და მოითხოვა სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით ე. ქ-ძის წარმომადგენელ ლ. ც-შვილის განცხადება დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2010 წლის 18 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით აპელანტს შეეძლო, სასამართლოსათვის მიემართა განჩინების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, ანუ 2010 წლის 25 მარტის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განცხადება არ შეიძლება დაშვებულ იქნას განსახილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ქ-ძემ. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის საქმე თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში დაასრულა მორიგებით, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე არ უმსჯელია. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 მარტის განჩინებით მას გადაეცა 26 მარტს და მაშინ შეიტყო, რომ სასამართლოს არ უმსჯელია სასამართლო ხარჯების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ე. ქ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილს განცხადებით მიმართა ე. ქ-ძის წარმომადგენელმა ლ. ც-შვილმა და მოითხოვა სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეები, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას უარი განაცხადეს დასაბუთებულ განჩინებაზე და მის გასაჩივრებაზე, სწორედ ამიტომაც გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გამოტანის დღიდან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ქ-ძეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით შეეძლო სასამართლოსათვის მიემართა 2010 წლის 25 მარტის ჩათვლით, კერძოდ, განჩინების გამოცხადებიდან – 2010 წლის 18 მარტიდან 7 დღის ვადაში, მან კი განცახდება შეიტანა 2010 წლის 1 აპრილს, ანუ 7 –დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.