ას-650-611-2010 26 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე Pპ. ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ჭ-შვილის წარმომადგენლების _ მ. თ-შვილისა და მ. ა-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის საოქმო განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჭ-შვილის სარჩელი მოპასუხეების _ ბ. ლ-ძის, მ. კ-ძისა და შ. კ-იას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების შემძენად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის საოქმო განჩინებით მ. ჭ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. ჭ-შვილის წარმომადგენლებმა მ. თ-შვილმა, მ. ა-შვილმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს საჩივარში ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლებს მათ მიერ მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლებს: მ. ა-შვილს – 2010 წლის 16 ივლისს (ს.ფ. 140), ხოლო მ. თ-შვილს _ 17 ივლისს (ს.ფ. 141). საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც მ. ჭ-შვილმა და არც მისმა წარმომადგენლებმა ხარვეზი არ გამოასწორეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჭ-შვილის წარმომადგენლების _ მ. თ-შვილისა და მ. ა-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.