¹ ას-645-606-2011 30 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «გ-ი» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ე. ჯ-ა» (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყეტილების გაუქმება
დავის საგანი _ არასწორად დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «გ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ე. ჯ-ას» მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დასავლეთ საქართველოს ფილიალის რეგიონალური დამრიცხავი კომისიის 2009 წლის 7 დეკემბრის ¹... აქტის, 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილების გაუქმება, აღნიშნული აქტებით განხორციელებული უკანონო დარიცხვის საფუძველზე წარმოქმნილი დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,ე. ჯ-ას’’ დაევალა შპს ,,გ-ისათვის’’ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, შპს ,,გ-ის’’ სარჩელი სს ,,ე. ჯ-ასათვის’’ ელექტროენერგიის აღდგენისა და მიწოდების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს ,,ე. ჯ-ას» დაევალა შპს ,,გ-ისათვის» ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და აეკრძალა, სადავო აქტიდან გამომდინარე ვალდებულების გამო, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 9 ივლისს სს ,,ე. ჯ-ამ” შპს ,,გ-ს” შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ელექტროენერგიის დატაცების შესახებ ¹0578 ოქმი, სადაც დაფიქსირდა, რომ შპს ,,გ-მა” ელექტროენერგია დაიტაცა.
იმავე დღეს სს ,,ე. ჯ-ამ” შეადგინა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹... აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ შპს ,,გ-ის’’ მრიცხველი, ფაზათა დაზიანების გამო, არასწორად აღრიცხავდა ელექტროენერგიას და ხდებოდა მისი დატაცება.
2009 წლის 17 ივლისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა, ვინაიდან შპს ,,გ-ი” სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე არ ფუნქციონირებს და აღნიშნული ფართი მიქირავებული აქვს ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. ჯ-იასათვის”.
2009 წლის 14 აგვისტოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე მიღებული დადგენილებით ნ. ჯ-ია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით. ამავე დადგენილებით დადგინდა, რომ შპს ,,გ-ს” ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. ჯ-იასათვის” იჯარით გადაცემული ჰქონდა სამაცივრე მეურნეობა.
მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის შესახებ ¹... აქტით 2009 წლის 7 აგვისტოს შპს ,,გ-ს” დაერიცხა 47376 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, რაც გასაჩივრდა სემეკში.
სს ,,ე. ჯ-ას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის დამრიცხავი კომისიის ¹... ოქმით განიხილეს რა 2009 წლის 7 აგვისტოს ¹... აქტით დარიცხული კილოვატების კორექტირების საკითხი, კომისიამ დაადგინა: ¹... აქტით აბონენტ შპს ,,გ-ზე” დარიცხული 47376 კვტ.სთ დაკორექტირდეს და აბონენტს დამატებით დაერიცხოს 2376 კვტ.სთ _ ჯამში 49752 კვტ.სთ დავალიანების გადახდა.
2009 წლის 17 ნოემბრის წერილით საქართველოს ენეგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს ,,ე. ჯ-ას” მიმართა თხოვნით, რათა მოეხდინა ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. ჯ-იასათვის” დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობის კორექტირება.
2009 წლის 24 დეკემბრის სს ,,ე. ჯ-ას” წერილის თანახმად, კორექტირების შედეგად აბონენტისათვის ¹... აქტით დარიცხულ 47376 კვტ.სთ-ს დაემატა 2376 კვტ.სთ და ჯამში შპს ,,გ-ს” დაერიცხა 49752 კვტ.სთ ელექტროენერგია. კორექტირება განხორციელდა არა ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. ჯ-იას’’ (ანუ ვინც რეალურად მოიხმარა და დაიტაცა ელექტროენერგია), არამედ შპს ,,გ-ის’’ მიმართ.
დარიცხული ელექტროენერგიის თანხა აბონენტს არ გადაუხდია.
2009 წლის 24 დეკემბერს, როგორც შპს ,,გ-ს”, ისე ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. ჯ-იას” სს ,,ე. ჯ-ას” ზუგდიდის ცენტრის მენეჯერმა ამცნო კორექტირების შედეგად მიღებული კვტ.საათების შესახებ, ამასთან, გააფრთხილა დავალიანების 6862 ლარის გადაუხდელობის შემთხევაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბარათის თანახმად, აბონენტად სადავო მისამართზე 2009 წლის 1 იანვრიდან რეგისტირებულია ინდივიდუალური მეწარმე ,,ნ. ჯ-ია”. ამასთან, ,,ნ. ჯ-ია” დაარეგისტრირდა სს ,,ე. ჯ-ამ”.
2009 წლის იანვრიდან შპს ,,გ-ი” სს ,,ე. ჯ-ას’’ აბონენტად რეგისტრირებული არ არის.
კორექტირების შედეგად მიღებული 49752 კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა ინდივიდუალურმა მეწარმე ,,ნ. ჯ-იამ».
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავა უნდა მოწესრიგდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ ¹20 დადგენილებით, იხელმძღვანელა მითითებული წესების მე-2 მუხლის მესამე ნაწილით, მე-4 მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ შპს ,,გ-ს” ფართი იჯარით გადაცემული ჰქონდა ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. ჯ-იასათვის”. ელექტროენერგიის მოხმარებასაც სწორედ აღნიშნული პირი ახდენდა. ამდენად, 2009 წლის იანვრიდან ინდივიდუალური მეწარმე ,,ნ. ჯ-ია» სწორად დარეგისტრირდა. იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ მითითებულ მისამართზე ელექტროენერგიის მოხმარების მსურველი კვლავ შპს ,,გ-ი’’ გახდა. მას უნდა მიემართა განაწილების ლიცენზიატისათვის აბონენტად რეგისტრაციის, ანუ შეცვლილი ვითარების გამო, კვლავ სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენისა და აბონენტად რეგისტრაციის მიზნით. უდავოა, რომ არანაირი განცხადებით აბონენტად დარეგისტრირების თაობაზე შპს ,,გ-ს’’ განაწილების ლიცენზიატისათვის არ მიუმართავს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, მე-8 მუხლის, მე-14 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პალატამ შპს ,,გ-ისათვის’’ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კანონიერად მიიჩნია.
ამასთან, პალატამ სრულად გაიზიარა სს ,,ე. ჯ-ას’’ მოსაზრება, რომ შპს ,,გ-ი’’ აღარ არის მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ აბონენტად რეგისტრირებული სუბიექტი და აპელანტს მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება არ გააჩნია.
სასამართლოს განმარტებით, მართალია, ფართის ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. ჯ-იასათვის’’ იჯარით გადაცემის გამო სს ე. ჯ-ამ’’ გააუქმა შპს ,,გ-ის’’ აბონენტად რეგისტრაცია, თუმცა უდავოა, რომ დღეისათვის იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულია და ფართი ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. ჯ-იასაგან’’ ისევ მესაკუთრეს, ანუ ძველ აბონენტ შპს ,,გ-ს’’ დაუბრუნდა.
«ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პალატამ ელექტროენერგიის მომხმარებლად მიიჩნია ის, ვინც უშუალოდ მოიხმარს ელექტროენერგიას. მოცემულ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა შპს ,,გ-ს’’. ამავე წესების მე-8 მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით პალატამ უდავოდ დადგინლად ჩათვალა, რომ შპს ,,გ-ი’’ არის ელექტროენერგიის მომხმარებელი. მითითებულ მისამართზე აბონენტს ერიცხება დავალიანება. ამდენად, მოთხოვნა შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «გ-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის არასათანადოობისა და მოპასუხესთან ასეთი აბონენტის არარსებობის თაობაზე. პირიქით, გასაჩივრებულ დარიცხვასთან დაკავშირებით გამოცემულ ყველა დოკუმენტში აბონენტად მითითებულია შპს «გ-ი» და მისთვის აბონენტად რეგისტრიაციის გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ ¹20 დადგენილება, თუმცა არასწორად განმარტა იგი. პალატამ დაადგინა, რომ ამჟამად სადავო იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულია და ფართი «ნ. ჯ-იასგან» ისევ მესაკუთრეს, ანუ შპს «გ-ს» დაუბრუნდა. სასამართლოს გადაწყვეტილება კი მიღებულია აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ. კასატორმა წარადგინა საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივი დასაბუთების მიმართაც და მიიჩნია, რომ პალატამ რიგი ფაქტები არასწორად დაადგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით შპს «გ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «გ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «გ-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 15 აპრილს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «გ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს «გ-ს» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.