¹ას-12-367-07 30 აპრილი, 2007 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 5 მარტის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საკუთრების უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ლ-ის მიმართ საკუთრების უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ლ-ს დაევალა საერთო სარგებლობის გზის “...” თავში უნებართვოდ დადგმული ჭიშკრის აღება, რაც გაასაჩივრა ა. ლ-მ.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით ა. ლ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც ა. ლ-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება კი დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ლ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ა. ლ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, სასამართლო გზავნილი მხარეს ჩაბარდა 2007 წლის 7 თებერვალს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განჩინებით ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ა.ლ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება, ვინაიდან მან სახელმწიფო ბაჟი 2007 წლის 16 თებერვალს გადაიხადა, თუმცა არ იცოდა, რომ გადახდის ქვითრები სასამართლოსათვის უნდა გაეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებითა და მხარის განმარტებით დასტურდება, რომ ა. ლ-ს საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ გამოტანილი ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 7 თებერვალს, თუმცა დადგენილ ვადაში მას ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ლ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი, ვინაიდან,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო მოქმედების შესრულება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნული ვადის დარღვევით შეტანილი დოკუმენტები კი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ა. ლ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2007 წლის 19 თებერვალს, მან კი მითითებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, საკასაციო პალატას მიმართა ამავე წლის 20 მარტს, ზემოხსენებული ვადის დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ა. ლ-ს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 5 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი.
განმცხადებელს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.