Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№515აპ-20 ქ. თბილისი

ნ-ი თ-ე, 515აპ-20 3 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით თ-ე ნ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-ე ნ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის მარტამდე დროის შუალედში, როდესაც გ. ფ-ი იმყოფებოდა ქ. მ-ში, ---------- ბინაში, თ-ე ნ-ი, ეჭვიანობის გამო, სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით, სისტემატური გინებისა და შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე – გ. ფ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

· 2019 წლის 4 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, როდესაც გ. ფ-ი იმყოფებოდა ქ. მ-ში, ---- ბინაში, თ-ე ნ-ი, ეჭვიანობის გამო, სიტყვით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – გ. ფ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მადონა ურუშაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ-ე ნ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასა და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, ვინაიდან სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ თ-ე ნ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა გ. ფ-მა (ბრალდებულის ყოფილი მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ასეთ ვითარებაში კი, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა თ-ე ნ-ის მუქარამ დაზარალებულ გ. ფ-ს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმე ლ. ნ-მა (დაზარალებულის ბებია) სასამართლოში დაადასტურა, რომ გ. ფ-ი და თ-ე ნ-ი ბოლო პერიოდში ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ გვანცას მისთვის არ უთქვამს, რომ მეუღლე მას ემუქრებოდა, თვითონ შვილიშვილის ქმართან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და არ ჰქონია იმის შიში, რომ რაიმე ცუდი მოხდებოდა. ხ. ბ. და რ. ბ. არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მათი ჩვენებები ირიბია. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს (შეტყობინებას, 2018 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებას, შემაკავებელი ორდერის №-- ოქმს, 2019 წლის 25 მარტის დაკავების ოქმსა და სხვ.), ისინი ასევე ირიბია და არ დასტურდება რაიმე სხვა, პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულებით, ამიტომ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დაედება საფუძვლად.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი