საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№520აპ-20 ქ. თბილისი
მ-დ მ.ა.მ., 520აპ-20 3 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ.ა.მ.-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა პროკურორ ანა მეტრეველსა და ბრალდებულ მ. მ.ა.მ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
მ. მ.ა.მ., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 20 ივლისიდან; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ.ა.მ.-მ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც, შესაძლოა, გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 20 ივლისს, დილის საათებში, ქ. თ-ში, ა-ის ქ. №--ში მდებარე ჰოსტელ „რ-ი ო-ში“, ი-ის მოქალაქე მ. მ.ა.მ. შეეცადა, გაეტაცებინა ყაზახეთის მოქალაქე დ. ვ-ას „Apple-ის“ ფირმის, „iphone XR“ მოდელის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედებით ყაზახეთის მოქალაქეს, შესაძლებელია, მისდგომოდა 1980 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული მ. მ.ა.მ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას ან საქმის დაბრუნებას არსებითი განხილვისათვის იმ მოტივით, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა მოტყუებით, მ. მ.ა.მ.-ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება ძარცვის მცდელობაში მისი დამნაშავედ ცნობისათვის.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ საპროცესო შეთანხმების დადების დროს გამოიკვლია ყველა წინაპირობა, რაც საქართველოს სსსკ-ის XXI თავით არის გათვალისწინებული. ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებული ის მოტივები, რომელთა თანახმადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი (რომლითაც დამტკიცდა პროკურორ ანა მეტრეველსა და ბრალდებულ მ. მ.ა.მ.-ს შორის 2019 წლის 23 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება) დარჩა ძალაში, გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან.
8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისათვის დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტსა და საპროცესო შეთანხმების დადების წინაპირობებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დებულებანი დარღვეული არ არის.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. მ.ა.მ.-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი