ას-334-696-07 8 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ შპს “ლ...”, შპს “გ...”, შპს “... მეურნეობა”, შპს “თ...” (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ქარხანა ...” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ქარხანა ...მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “გ...ის”, შპს “... მეურნეობის”, შპს “გ...ის”, შპს “კ...ის”, შპს “ლ...ს”, შპს “ა...სა” და შპს “დ...ის” მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ქარხანა ...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “გ...”, შპს “... მეურნეობა”, შპს “გ...”, შპს “კ...ის”, შპს “ლ...”, შპს “ა...” და შპს “დ...ი” გამოსახლდნენ ქ.თბილისში, ... ქ.¹9-11-ში მდებარე სს “ქარხანა ...ის” კუთვნილი შენობა-ნაგებობიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ლ...მ”, შპს “გ....მა”, შპს “... მეურნეობამ”, შპს “თბ...მა”, შპს “თ...მ” და შპს “ა...მა” გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ლ...ს”, შპს “გ...ს”, შპს “... მეურნეობის”, შპს “თბ...ის”, შპს “თ...ისა” და შპს “ა...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტებსა და მათ წარმომადგენლებს 2005 წლის 20 აპრილის სასამართლოს სხდომის შესახებ ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და განემარტათ საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულის მიუხედავად, პროცესზე აპელანტთაგან გამოცხადდა მხოლოდ შპს “ლ...ს” დირექტორი მ. ყ-ი, რომელმაც იშუამდგემლა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე და სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ არასაპატიო მიზეზით დატოვა სხდომის დარბაზი. მხარეს განემარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლისა და 387-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხდომის დატოვების შესაძლო შედეგების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოხსენებული ნორმებით და სს “ქარხანა ...ის” წარმომადგენელ ვ.კ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დააკმაყოფილა, რაც გაასაჩივრეს აპელანტებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს “ა...ს” საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს “ა...ს” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმის წარმოება განახლდა, შპს “ლ...ს”, შპს “გ...ის”, შპს “... მეურნეობისა” და შპს “თ...ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შპს “ა...ს” დირექტორ ნ.ქ-ის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ 2005 წლის 19-20 აპრილს ნ.ქ-ე იყო ჰოსპიტალიზებული და მისი სასამართლოში გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნია. რაც შეეხება დანარჩენ აპელანტებს, სასამართლოს მითითებით, ისინი არ უარყოფენ, რომ საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ, თუმცა თავისი გამოუცხადებლობის მიზეზად მიიჩნევენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს, რომელთა არსებობის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასაპატიოდ მიიჩნია სასამართლო სხდომაზე შპს “ლ...ს”, შპს “გ...ისა” და შპს “თ...ის” წარმომადგენელ ზ. თ-ს გამოუცხადებლობა, ვინაიდან მხარის მიერ წარდგენილი სამედიცინო ბარათის ამონაწერით ირკვევა, რომ 2005 წლის 19 აპრილს ზ.თ-ს პოლიკლინიკაში დაუდგინდა მწვავე ტრაქეობრონქიტი და მიეცა რჩევა ამბულატორიული მკურნალობის თაობაზე, ხოლო საქმის განხილვის დღეს, 2005 წლის 20 აპრილს, ზ.თ-ს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე ზემოხსენებულ ამონაწერში მითითებული არ არის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს “ა...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც შპს “ა...მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შპს “ა...ს” საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ივლისის განჩინება შპს “ლ...მ”, შპს “გ...მა”, შპს “თ...მ”, შპს “... მეურნეობამ” და შპს “თბ...მა” გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში არასწორად დაფიქსირდა, რომ 2005 წლის 20 აპრილს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ შპს “ლ...ს” დირექტორი და დანარჩენ აპელანტთა გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, ვინაიდან სხდომაზე გამოცხადებულმა შპს “ლ...ს” დირექტორმა წარადგინა აპელანტთა განცხადება, მათ წარმომადგენელ ზ. თ-ს ავადმყოფობის გამო, საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების მოთხოვნით. სასამართლომ ზ.თ-ს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დასადასტურებლად არასწორად არ გაიზიარა 2005 წლის 19 აპრილს მისი ავადმყოფობის ცნობა, ვინაიდან სასამართლოს უნდა ევარაუდა, რომ ზ.თ-ე მომდევნო დღესაც _ 20 აპრილსაც ავად იქნებოდა და ამ დღეს პოლიკლინიკიდან ხელახლა ცნობას სასამართლოსათვის წარსადგენად ვერ აიღებდა. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ გადადო საქმის განხილვა და ამით აპელანტებს თავიანთი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა მოუსპო, რის გამოც მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომის დარბაზი. სააპელაციო სასამართლომ საქმე ისე განიხილა, რომ საქმეში მესამე პირებად ჩაბმული ქ.თბილისის ... წარმომადგენელი მონაწილეობის მისაღებად არ დაუშვა, ხოლო ... საქალაქო სამსახურს კანონით დადგენილი წესით არ აცნობა საქმის განხილვის დრო. მოცემული საქმე განიხილა სასამართლომ ნ.კ-ს, ნ.ნ-ისა და თ.მ-ის შემადგენლობით, განჩინებას კი ამ უკანასკნელის ნაცვლად, ხელს აწერს თ.კ-ა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს “თბ...ის” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ შპს “ლ...ს”, შპს “გ...ს”, შპს “თ...ისა” და შპს “... მეურნეობის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში შპს “ლ...ს”, შპს “გ...ს”, შპს “ა...ს”, შპს “თბ...ის”, შპს “თ...ისა” და შპს “... მეურნეობის” სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2005 წლის 20 აპრილს, რის შესახებაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ. საქმის განხილვაზე გამოცხადდა მხოლოდ შპს “ლ...ს” დირექტორი მ. ყ-ი, რომელმაც სასამართლოს ნებართვის გარეშე დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის მიხედვით, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. მოცემულ შემთხვევაში შპს “ლ...ს” დირექტორი გამოცხადდა საქმის განხილვაზე, თუმცა პროცესის გადადების შესახებ მისი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ სასამართლოს ნებართვის გარეშე არასაპატიო მიზეზით, პროტესტის ნიშნად, დატოვა სხდომის დარბაზი. ამდენად, საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, შპს “ლ...ს” გამოუცხადებლად მიჩნევის თაობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა. ასეთი გარემოებების არსებობა კასატორებს კანონით დადგენილი წესით არ დაუსაბუთებიათ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, რომ 2005 წლის 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე შპს “ლ...ს”, შპს “გ...ს”, შპს “თ...ისა” და შპს “... მეურნეობის” გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მათ წარმომადგენელ ზ. თ-ს ავადმყოფობით, რის დასადასტურებლადაც მხარე უთითებს სამედიცინო ბარათის ამონაწერზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ დოკუმენტს და ზ.თ-ს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა ხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან მითითებული დოკუმენტით არ დასტურდება 2005 წლის 20 აპრილის სხდომის დღეს აპელანტის ისეთი ავადმყოფობა, რამაც მხარის სასამართლოში გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი გახადა (სამედიცინო ბარათის ამონაწერით, ზ. თ-ს დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლის ავადმყოფობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მისი მარწმუნებლების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილ იქნა სასამართლოს უკანონო შემადგენლობის მიერ, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქმე განიხილა პალატამ ნ.კ-ს, ნ. ნ-ისა და თ.კ-ს შემადგენლობით. გასაჩივრებული განჩინება ხელმოწერილია სწორედ აღნიშნულ მოსამართლეთა მიერ. რაც შეეხება მოსამართლე თ.მ-ს, იგი მონაწილეობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასა და მასზე შეტანილი საჩივრის განხილვაში სხვადასხვა სასამართლო შემადგენლობის მონაწილეობას არ კრძალავს.
დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მესამე პირთა მოწვევისა და დასწრების გარეშე, ვინაიდან აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ლ...ს”, შპს “გ...ს”, შპს “თ...ისა” და შპს “... მეურნეობის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.