Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№528აპ-20 ქ. თბილისი

ი-ე კ-რ, 528აპ-20 21 დეკემბერი , 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – დათო ცირეკიძის, ასევე – მსჯავრდებულ კ. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-იძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს განაჩენით კ. ი-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 22 ნოემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ი-ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი კ. ი-ე კუთვნილი „ფოლკსვაგენ გოლფის“ მოდელის ავტომანქანით (სახ. ნომერი --) მივიდა ქ. ო-ი, ს-ის ქუჩაზე მდებარე სს „ე-ის“ ო-ს ფილიალის შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა მახლობლად, სა-ის ქ. №--ში მცხოვრებ ნ. ბ-ესთან. მათ შორის დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. კონფლიქტისა და ჩხუბის პროცესში ნ. ბ-ის მხრიდან ძალადობით განაწყენებული კ. ი-ე რამდენიმე წამით განერიდა კონფლიქტს, მივიდა თავის ავტომანქანასთან, ამოიღო დაახლოებით 14 სანტიმეტრი მჭრელი პირის მქონე დანა, რომელიც მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და განზრახ მოკვლის მიზნით, ნ. ბ-ეს რამდენჯერმე ჩაარტყა მუცლისა და წელის არეში, რის შედეგადაც ნ. ბ-ემ მიიღო მუცლის ღრუში შემავალი, სისხლმდენი, ნაკვეთ-ნაფლეთი, არასწორკიდეებიანი ჭრილობა, ზომით – 3X4 სმ-ზე, ხოლო წელის არეში – სისხლმდენი, სწორკიდეებიანი ჭრილობა, ზომით – 1X4 სმ-ზე. მიყენებული მძიმე დაზიანებით ნ. ბ-ემ მიმართა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ონის რაიონულ საავადმყოფოს, სადაც მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც ჯანმრთელობისათვის მძიმე, რის გამოც იგი გადაიყვანეს თერჯოლის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და შემდეგ გაგრძელდა მისი მკურნალობა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს უფროსმა პროკურორმა დათო ცირეკიძემ, მსჯავრდებულმა კ. ი-ემ და მისმა ადვოკატმა კ. გ-იძემ. ბრალდების მხარემ ითხოვა კ. ი-სათვის სასჯელის გამკაცრება, ხოლო დაცვის მხარემ – კ. ი-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, სასჯელის სახედ და ზომად მისთვის 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და სასჯელის მოხდის გამო სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი გათავისუფლება.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა; არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, მსჯავრდებულ კ. ი-სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №399აპ-14). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში უთითებს დაცვის მხარე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, საჩივარში არ არის აღნიშნული.

9. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას კ. ი-სათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული, მისი პიროვნული მახასიათებლები, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ და ა.შ. და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის, ასევე საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ კ. ი-ეს განუსაზღვრა ქმედების თანაზომიერი სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – დათო ცირეკიძის, ასევე – მსჯავრდებულ კ. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კკ. გ-იძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი