Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№530აპ-20 ქ. თბილისი

გ-ი ჰ-ა, 530აპ-20 17 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით ჰ. ა-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჰ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 29 ივლისიდან. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 მარტის განაჩენით შეიცვალა: ჰ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 3 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჰ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 29 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ. ა-მა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

§ ჰ. ა-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 27,71 გრამ ფსიქოაქტიურ ნივთიერება ADB-FUBINANACA-ს (კანაბინომიმეტრიულად მოქმედი ნაერთთა კლასი) თავის დროებით საცხოვრებელ ოთახში, რაც ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა 2019 წლის 29 ივლისს მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას და 2019 წლის 22 აგვისტოს – მისი ავტომანქანის ჩხრეკისას.

§ ჰ. ა-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შემდეგ ინახავდა 181,2493 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მდმას“ (3,4–მეტილენდიოქსიმეტამფეტამინს) და 1,5069 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საიდანაც ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა 2019 წლის 29 ივლისს მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-ემ. მან ითხოვა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ჰ. ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ადვოკატ ლ. ბ-ის შუამდგომლობა და მას აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

6. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორი ლევან ჯალაღანია შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით (მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვ.) უტყუარადაა დადასტურებული ჰ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების – ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ჩადენა.

10. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის საბოლოო ზომას – 9 წლით თავისუფლების აღკვეთას – საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ის შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჰ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი