საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№539აპ-20 ქ. თბილისი
ა-ი ა-ლ, 539აპ-20 16 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის, მსჯავრდებულების – უ. ც-ისა და გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ის, მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ისა და მსჯავრდებულ უ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ა-სა და გ. ჩ-ს ბრალი დაედოთ ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, აგრეთვე – ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში.
უ. ც-ეს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 ივლისს ა. ა-ი, უ. ც-ე და გ. ჩ-ი დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გადაინაწილეს როლები და იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის ინტერვალში, ქ. თ-ში, მ-ის გამზირი კორპუსი №-, ბინა №--ში უკანონო შეღწევით, იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ ა. ზ-ს, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მისი კუთვნილი თანხა - 856 ლარამდე, 800 ლარად ღირებული სხვადასხვა ტექნიკა და ი. ვ-ის კუთვნილი, 500 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი.
ა. ა-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 29 ივლისს, ა. ა-ის სახლის ჩხრეკისას, მდებარე ქალაქ თ-ში, ო-ის ქუჩა N-, ბინა --ში, ამოღებულ იქნა: პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ პაკეტში მოთავსებული მოშავო და მოყავისფრო მცენარეული მასა, წითელი და თეთრი ფერების მრგვალი ფორმის ბურთის შიდა კედლებზე არსებული დანაშრევები, 17 ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში არსებული ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
გ. ჩ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 29 ივლისს გ. ჩ-ის სახლის ჩხრეკისას, მდებარე ქალაქ თ-ში, გ-ის მ-ე მიკრორაიონი, კორპუსი -, ბინა --ში, ამოღებულ იქნა პოლიმერული მასალის ბოთლი, შიდა კედლებზე არსებული ნივთიერებებით, რომლებიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უ. ც-ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, კერძოდ: ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნა, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად და რომელსაც 2018 წლის 29 ივლისის მდგომარეობით უ. ც-ე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თ-ში, მ-ე მასივი, ა-ის დასახლება, მე-- ქუჩა, სახლი --ში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით:
ა. ა-ის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე.
ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან
ა. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გ. ჩ-ის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე.
გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავებიდან – 2018 წლის 29 ივლისიდან.
გ. ჩ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
უ. ც-ის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე.
უ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, უ. ც-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის ათვლაც დაეწყო 2018 წლის 29 ივლისიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ:
ა. ა-მა და გ. ჩ-მა ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა.
უ. ც-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენით თბილისის სააქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: პროკურორმა თამარ კერესელიძემ; მსჯავრდებულების – უ. ც-ისა და გ. ჩ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-ემ; მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-ემ; მსჯავრდებულ უ. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ხ-ემ, კერძოდ:
- პროკურორმა თამარ კერესელიძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ა-ის, უ. ც-ისა და გ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
- ადვოკატმა მ. ჩ-ემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენის გაუქმება, კერძოდ: გ. ჩ-ისა და უ. ც-ის გამართლება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში, გ. ჩ-ისთვის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიმალური სასჯელის განსაზღვრა, ხოლო უ. ც-ისთვის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
- ადვოკატმა ლ. ბ-ემ მოითხოვა ა. ა-ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ: ა. ა-ისთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული 6 წლით თავისუფლების აღკვეთის ჯარიმით შეცვლა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
- ადვოკატმა ო. ხ-ემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და უ. ც-ის უდანაშაულოდ ცნობა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ა-ის, გ. ჩ-ისა და უ. ც-ის ამ ნაწილში ბრალეულობას და ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულების ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენში სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და, ამასთან, იმსჯელა მხარეების მიერ საკასაციო საჩივრებში მითითებულ გარემოებებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, მხარეები არ მიუთითებენ.
10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებში გადმოცემული მოთხოვნები მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელების შემსუბუქების თაობაზეც, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა ა. ა-ის, გ. ჩ-ისა და უ. ც-ის ინდივიდუალური მახასიათებლები (ა. ა-ი ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის), სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მათ შორის: ჩადენილი დანაშაულის ხასიათი – ჩადენილია მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაული), შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით ა. ა-ს, გ. ჩ-სა და უ. ც-ეს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის, მსჯავრდებულების – უ. ც-ისა და გ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ის, მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის და მსჯავრდებულ უ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი