Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ა-558-ა-17-08 21 ივლისი, 2008 წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ფკ “მრეტები”

წარმომადგენელი _ ვ.ჩ-ძე, გ.ს-ძე, ა.ბ-ძე, ი.ბ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

20..წ. . აპრილს “ბოიმელ გმბჰ-ს” ფილიალმა, ფეხბურთის კლუბმა “მრეტები თ.-ი”, თ.-ის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ და ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 9 600 000 აშშ დოლარისა და 2 812 500 ინგლისური ფუნტი სტერლინგის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, ფკ “დინამო თ.-მა” არამოყვარული ფეხბურთელის ტრანსფერის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო სფფ-მ არ უზრუნველყო ფკ “მრეტების” ინტერესების დაცვა. მოსარჩელემ პირველი ინსტნციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 5 000 ლარი გადაიხადა.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ გამოცხადდა. თ.-ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილებით საფეხბურთო საზოგადოება “ბოიმელის” ფილიალ ფკ “მრეტების” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა.

აღნიშნული გადაწყეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფკ “მრეტების” პრეზიდენტმა ვ.ჩ-ძემ, მისი გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლის ნორმებს. მოსარჩელემ სასამართლოს მთვარ სხდომაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ იშუამდგომლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ შორის ზიანის დადგომის ფაქტიც, დამტკიცებულად უნდა მიეჩნია. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ფკ “მრეტები” სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა, ხოლო სფფ – სათანადო მოპასუხეს. მოსარჩელეს მოპასუხის ბრალეული ქმედებით ზიანი მიადგა, სასამართლომ კი არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის ..6-ე და ..7-ე მუხლები, მიიჩნია რა, რომ არ არსებობდა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.

20..წ. 5 იანვარს კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. 30 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დაევალა.

ამავე პალატის 20..წ. .. მარტის განჩინებით, გერმანული საფეხბურთო საზოგადოება ბოიმელის ფილიალ ფკ “მრეტების” საკასაციო საჩივარი, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

20..წ. 25 ოქტომბერს ფეხბურთის კლუბმა “მრეტები” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. განმცხადებლის მოსაზრებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მას უსაფუძვლოდ უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლებაზე, რითაც დაირღვა სასამართლოსადმი თავისუფლად მიმართვის უფლება. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მაღალი თანამდებობის პირები მფარველობდნენ, რის გამოც ქვეყნის შიდა სასამართლოებმა აღნიშნული დავა მიკერძოებულად განიხილეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილებით “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის” მე-6 მუხლის პირველი პუნქტის – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, თუმცა განმცხადებელს უარი უთხრა სამართლიანი კომპენსაციის მინიჭებაზე.

20..წ. 14 მარტს ფკ “მრეტების” პრეზიდენტმა ვ.ჩ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილების, “ადამიანის უფლებათა” ევროპული კონვენციის 46-ე მუხლისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 20..წ. 19 იანვრის რეზოლუციის საფუძველზე, ფკ “მრეტების” 20..წ. 5 იანვრის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

ვინაიდან განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა, საკასაციო სასამართლომ განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე, 4..-ე და 427-ე მუხლების შესაბამისად მიიღო წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა ფკ “მრეტების” პრეზიდენტ ვ.ჩ-ძის განცხადება და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე “ფკ “მრეტები” საქართველოს წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, 61-ე პუნქტში აღნიშნულია: “მოცემულ საქმეზე გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებითა და სხვა შესაძლო ღონისძიებების აღიარებით, რომლებმაც შესაძლოა გამოასწოროს განმცხადებელისათვის საკასაციო სასამართლოს ხელმისაწვდომობის უსაფუძვლო შეზღუდვა, სასამართლო თვლის, რომ ყველაზე შესაფერისი ზომა დარღვევის გამოსასწორებლად იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმცხადებლის 20..წ. 5 იანვრის საკასაციო საჩივრის განხილვა, თუ ასეთ სურვილს თავად განმცხადებელი გამოთქვამს.”

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისფულებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად სახელმწიფოსათვის სავალდებულო ხასიათს იღებს.

განსახილველ შემთხვევაში, განმარტება იმის შესახებ, რომ ფკ “მრეტების” საკასაციო საჩივრის განხილვა შესაძლოა იყოს დარღვევის გამოსწორების საუკეთესო საშუალება, მოცემულია გადაწყვეტლების სამოტივაციო და არა სარეზოლუციო ნაწილში, ამდენად, არასავალდებულო მითითებაა. აღნიშნული სასამართლოს მსჯელობაა და არ ავალდებულებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ფკ “მრეტების” საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება განაახლოს. ამ მსჯელობის ადრესატი საქართველოს სახელმწიფო და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტია და იგი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ხოლო ის, თუ რამდენად შესაძლებელია გადაწყვეტილების ამ გზით აღსრულება, მინისტრთა კომიტეტის შეფასების საკითხია. თუ სახელმწიფოში მოქმედი სამართალი არ ითვალისწინებს საქმის ხელახალ განხილვას, რისი ვალდებულება სახელმწიფოს კონვენციით არც გააჩნია, მაშინ, მითითების მიუხედავად, განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალას ინარჩუნებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ შეუძლია დააკისროს სახელმწიფოს, რომ მან ხელახლა განიხილოს საქმე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება შეცვალოს კანონი, ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი ან გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნია, ამდენად, ფკ “მრეტების” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 61-ე პუნქტი არ ავალდებულებს საქართველოს (შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს), განახორციელოს რაიმე ისეთი მოქმედება, რაც მისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასიჯვის მხოლოდ ორ შემთხვევას იცნობს, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. ფკ “მრეტების” განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ისეთ გარმოებებს, რომლებიც, სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 422-423-ე მუხლების თანახმად, საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ არ არსებობს ნორმა, საერთაშორისო ხელშეკრულება ან სხვა საკანონმდებლო აქტი, რომლის საფუძველზეც განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფკ “მრეტების” პრეზიდენტ ვ.ჩ-ძის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფკ “მრეტების” პრეზიდენტ ვ.ჩ-ძის 20..წ. 14 მარტის განცხადება, საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.