Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№562აპ-20 ქ. თბილისი

ო-ი ი-ნ, 562აპ-20 17 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ი. ო-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 22 მარტიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ო-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ. ბ-ში, ------ ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ი. ო-მა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით, ასევე – ყელში ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. ს-ას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

· 2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ. ბ-ში, --- ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ი. ო-მა იატაკზე დააგდო და დააზიანა გ. ს-ას კუთვნილი მობილური ტელეფონი „SAMSUNG GALAXI S7 EDGE“, რამაც გამოიწვია 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი მ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ი. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატის მითითებას მსჯავრდებულ ი. ო-ის უდანაშაულობის შესახებ. სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივებს ი. ო-ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების თაობაზე. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები (დაზარალებულ გ. ს-ას, მოწმეების – ს. გ-ას, ჟ. გ-ის, რ. ზ-სა და სხვათა ჩვენებები, 2019 წლის 7 მარტის ამოღების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის №- და - დასკვნები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) ობიექტურად და სრულყოფილად შეაფასა, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადგინდა, რომ ი. ო-მა იძალადა გ. ს-აზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ასევე, დააზიანა მისი მობილური ტელეფონი, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

9. რაც შეეხება საპროცესო დარღვევებს, რომლებზეც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მათი საპროცესო დამაგრება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი