Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№563აპ-20 ქ. თბილისი

პ-ე ნ-რ, 563აპ-20 7 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ნ. პ-ე, –– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. პ-ემ ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, კერძოდ, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელსაც არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, ის რაიონის სოფელ ზ. შ-ებში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ნ. პ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ი. ბ-ეს, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში და შეეცადა მის დახრჩობას, ხოლო შემდეგ მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა მარცხენა მხარეს, ნეკნების არეში, რის შედეგადაც ი. ბ-ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

· 2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბ-ში, --- მდებარე რესტორან „ბ-ში“ ყოფნისას, ი. ბ-ეს მობილურ ტელეფონზე ასევე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ. პ-ე და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. ნ. პ-ის ქმედების შედეგად ი. ბ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2019 წლის ივნისის ჩათვლით, ნ. პ-ე თავისი თანაცხოვრების ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ბ-ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, კერძოდ, აგინებდა, ლანძღავდა და მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. ანალოგიური ქმედებები ნ. პ-ემ ი. ბ-ის მიმართ ჩაიდინა ასევე 2019 წლის 20 ივნისს, ხ-ის რაიონის სოფელ ზ. შ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს. აღნიშნულმა ქმედებებმა ი. ბ-ის ტანჯვა გამოიწვია.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენის გაუქმებას, ნ. პ-ის საქართველოს სსკ-ის მე-111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. პ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ი. ბ-ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია ი. ბ-ის დაზიანების მიმყენებლის ვინაობისა და დაზიანების მიყენების ვითარების დადგენა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა დაზარალებულის განმარტებას, რომელმაც სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ასევე – მოწმეების: შ. ჯ-ისა და გ. ჯ-ის ჩვენებებს, რომლებმაც მხოლოდ ი. ბ-ისაგან იცოდნენ მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევების შესახებ, შესაბამისად, ეს დასკვნა არ არის საკმარისი მტკიცებულება საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი