Facebook Twitter

ას-633-1012-06 19 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – ნ. დ-ის სარჩელის გამო მოპასუხე თ. გ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. დ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მის (მოსარჩელის) კუთვნილ მიწის ფართობზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარების აკრძალვა და მოპასუხისათვის საკუთარი ხარჯებით ნაგებობის დემონტაჟისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2001 წლის 8 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში შეიძინა საჩხერეში, ... ქუჩა ¹14-ში მდებარე 37 კვ.მ მიწის ფართობი. ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოპასუხემ ამ ნაკვეთზე დაიწყო მშენებლობა.

მოსარჩელემ მოითხოვა საჩხერეში, ... ქ. ¹14-ში მდებარე 37 კვ.მ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ფართობზე მოპასუხისათვის სამშენებლო სამუშაოების ჩატარების აკრძალვა და საკუთარი ხარჯებით ნაგებობის დემონტაჟისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ნაკვეთს ფლობს კანონიერად. 1990 წლის 29 სექტემბერს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი გამოეყო საჩხერის ... . 2001 წლის 5 თებერვალს კი ნაკვეთი დარეგისტრირდა ... საკუთრებად. 1998 წლის 29 მაისს ... ნებართვის საფუძველზე მოპასუხეს ნაკვეთზე მაღაზიის მშენებლობის ნება დაერთო. 2001 წლის 18 იანვარს კი ...მა, მოპასუხესთან შეუთანხმებლად, მიწის ნაკვეთი მიჰყიდა მოსარჩელეს. მოსარჩელემ, თავის მხრივ, 2001 წლის 15 ივნისს აიღო საკადასტრო რუკა. მოპასუხის განმარტებით, რადგანაც არ არსებობს მიწის აზომვის აქტი, გაუგებარია, თუ რომელი ნაკვეთი იყიდა მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ უკვე ააშენა ნაკვეთზე ნაგებობა და მისი დანგრევა დაუშვებელია. მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და თ. გ-ს აეკრძალა ყველანაირი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ქ.საჩხერეში, ... ქ. ¹4-ში მდებარე ნ. დ-ის კუთვნილ 37 კვ. მ მიწის ფართობზე. თ. გ-ს დაევალა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟი და მიწის ნაკვეთი პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს. E N

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ.საჩხერეში, ... ქ.¹4-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ნ. დ-ის საკუთრებაა, სადაც მოპასუხემ მოსარჩელესთან შეუთანხმებლად ააშენა ნაგებობა, ასევე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს არა აქვს მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის უფლებები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას ჰქონდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა და შესაბამისი პროექტიც, მაგრამ, საქართველოს კანონის “სამშენებლო საქმიანობის შესახებ” მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოშობს უძრავ ნივთზე სახელშეკრულებო ან კანონისმიერ უფლებებს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე და 244-ე მუხლების მოთხოვნები; არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა წარმოდგენილ მტკებულებებს, რომლითაც დასტურდება, რომ გამყიდველი, კერძოდ, ... , სადავო მიწის ფართობის მოსარგებლე და მესაკუთრე არ ყოფილა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა იგი (თ. გ-ე) მიწის კანონიერ, კეთილსინდისიერ მფლობელად; ამასთან, არასწორად მიიჩნია, რომ დადებული იყო აღნაგობის ხელშეკრულება, რომელიც სათანადო ფორმის დაუცველად იყო დადებული და ბათილი იყო მისი დადების მომენტიდან. ამდენად, არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლი.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის “ა” და “ბ” პუქტებისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნათა დარღვევებით და განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს ნ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, იმსჯელა რა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე, მიიჩნია, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებია და მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

განსახილველ შემთხვევაში თ. გ-ე სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის სამართლებრივ შეფასებას და განმარტებას მნიშვნელობა აქვს მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შესამოწმებლად ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლოს საქმის ზეპირი განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ, მას შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. მხარეებს უნდა ეცნობოთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 403-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

საქმის განხილვა დაინიშნოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.