ბს-1259-1064-კ-04 24 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “თ.-ის” დირექტორმა ს. კ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის _ 199354 ლარის და მორალური ზიანის _ 150000 აშშ დოლარის დაკისრება შპს “თ.-ისა” და შპს-ს შენობაში განთავსებული ინდმეწარმეების სასარგებლოდ.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2001წ. 1 ივლისს ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს “თ.-ს” შორის გაფორმდა დაცვის ხელშეკრულება, რომლითაც დაცვის პოლიციამ ივალდებულა შპს “თ.-ის” შენობაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ყოველდღიურად დილის 9 სთ-დან საღამოს 1730სთ-მდე.
2001წ. 6 დეკემბერს, 15 სთ-სა და 45 წთ-ზე, შპს “თ.-ზე” განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც გატაცებულ იქნა ძვირფასეულობა-საიუველირო ნაწარმი, რომლის ღირებულება შეადგენდა 197354 ლარს, ხოლო ინვენტარის დაზიანებით გამოწვეული ზიანი _ 2000 ლარს.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ დაცვის პოლიციის ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს 2001წ. 1 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები შენობის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ, რის გამოც მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ შეილახა შპს “თ.-ის” საქმიანი რეპუტაცია, ინდმეწარმეებმა მიიღეს სულიერი ტრავმა და განიცადეს სტრესი, ამიტომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვა 150000 აშშ დოლარი.
ქუთაისის სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო 2003წ. 24 იანვრის განჩინებით მესამე პირებად ჩართულ იქნენ შპს “თ.-ის” მოიჯარე ინდმეწარმეები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს “თ.-ის” სარჩელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “თ.-ისა” და მესამე პირების საკასაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საპროცესო ნორმების დარღვევაზე, კერძოდ, სსკ-ის მე-3, 248-ე, 88-ე და 189-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევის შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის ხელმეორედ განხილვისას შპს “თ.-ის” დირექტორმა ს. კ.-მ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, შპს “თ.-ისთვის” მიყენებული მატერიალური ზიანის _ 2000 ლარისა და 150000 აშშ დოლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, ხოლო, როგორც ინდმეწარმე “ს. კ.-მ” _ 54242 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “თ.-ის” დირექტორ ს. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის დაცვის პოლიციას შპს “თ.-ის” სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდა, ხოლო ინდმეწარმე ს. კ.-ის სასარგებლოდ 54242 ლარის გადახდა დაეკისრა. სარჩელის სხვა ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
მესამე პირების დამოუკიდებელი სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მათ სასარგებლოდ დაეკისრა 143112 ლარის გადახდა.
სასამართლომ საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “თ.-ზე” ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებულია ინდმეწარმეების კუთვნილი მატერიალური ქონება 197355 ლარის ღირებულებით.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2001წ. 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება ეკისრებოდა დაცვის პოლიციის ქუთაისის სამმართველოს, რომელმაც ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “თ.-სა” და დაცვის პოლიციის ქუთაისის სამმართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (01.04.01) სკ-ის 349-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას და მათ უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ შესრულება მოვალისაგან.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შემავალი დაცვის პოლიციის დანაყოფების მიერ ობიექტების, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონების დაცვის შესახებ ინსტრუქციის პირველი თავის 1.2 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების დაცვა და მიიჩნია, რომ შპს “თ.-ზე” ყაჩაღური თავდასხმის დროს დაირღვა აღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნები.
სკ-ის 408-ე და 409-ე მუხლების თანახმად, ვალდებულების დამრღვევმა პირმა უნდა აანაზღაუროს ზიანი და აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სკ-ის 395-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა პასუხისმგებლობა ბრალის გარეშეც, როგორც სახელშეკრულებო ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებში.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც განსაზღვრავდა მოსარჩელისა და მესამე პირთა მიმართ მიყენებული ზიანის ოდენობას და მიუთითა, რომ ზიანის ოდენობა დასტურდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი სასამართლოს არ გააჩნდა.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით, კერძოდ, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შესახებ. 2001წ. 29 ოქტომბერს შპს “თ.-ის” დირექტორ ს. კ.-სა და ინდმეწარმე “ს. კ.-ს’’ შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია სკ-ის 114-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 349-ე მუხლი, როდესაც 2001წ. 1 ივლისის ხელშეკრულება მიიჩნია მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მესამე პირთა სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში მესამე პირი არ არის ხელშეკრულების მხარე, მაგრამ ორ სხვა პირს შორის დადებული ხელშეკრულება პირდაპირ აღჭურავს მესამე პირს სათანადო უფლებამოსილებით. აღნიშნული ხელშეკრულებით მესამე პირები არათუ არ არიან აღჭურვილი სათანადო მოთხოვნის უფლებამოსილებით, არამედ ნახსენებიც არ არიან. მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებაში მხარე ვალდებულია, გააკეთოს დათქმა მესამე პირის სასარგებლოდ.
კასატორი აღნიშნავს, რომ დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს “თ.-ს” შორის დადებული ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, დაცვის ვალდებულებაში შედიოდა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და არანაირი მატერიალური პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა.
საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 2001წ. 9 დეკემბერს, 1545 საათზე, ქუთაისში, ... მდებარე შპს “თ.-ს” თავს დაესხა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ბოროტმოქმედთა ჯგუფი. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს, რომელთანაც შპს “თ.-ს” ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. შემთხვევის ადგილზე მისული დაცვის პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად (თავდასხმის დროს მოკლულ იქნა დაცვის ერთი პოლიციელი, ხოლო ორმა მიიღო სხეულის დაზიანებები), ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს საიუველირო ნაწარმი.
სასამართლომ საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გატაცებული მატერიალური ქონების ღირებულება შეადგენდა 197355 ლარს, ხოლო შენობისა და ინვენტარის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალი _ 2000 ლარს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის უაპელაციოდ გაზიარება ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნას, რადგან ექსპერტიზის დასკვნა, ისევე როგორც სხვა მტკიცებულება, სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმის გარემოებებთან ერთობლიობაში. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნას მიანიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და ყოველგვარი შეფასებისა და ანალიზის გარეშე, დადგენილად მიიჩნია გატაცებული ქონებისა და მიყენებული ზიანის ოდენობა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “თ.-სა” და დაცვის პოლიციის ქუთაისის სამმართველოს შორის 1.06.2001 წელს გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარე ინდმეწარმეები უფლებამოსილი იყვნენ, მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატის აზრით, სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება სკ-ის 350-ე მუხლის მოთხოვნას, რადგან ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, რომ იგი დაიდო მესამე პირთა სასარგებლოდ და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მათ (მესამე პირებმა) შეიძინეს რაიმე უფლება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში არსებული მტკიცებულების თანახმად, საიჯარო ხელშეკრულებები დაიდო უფრო ადრე, ვიდრე გაფორმდებოდა ხელშეკრულება დაცვის პოლიციის ქუთაისის სამმართველოსთან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებდა ბრალის გარეშე პასუხისმგებლობასაც როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებში და ასეთად მიიჩნია 1.06.2001წ. ხელშეკრულება. სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა, რადგან ხელშეკრულებაში (1.06.01) არ არის შეთანხმება დაცვის მხრიდან მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. სასამართლომ დაცვის პოლიციის მატერიალური პასუხისმგებლობის საფუძვლად მიუთითა ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული პუნქტი მოთავსებულია ხელშეკრულების მე-4 თავში, რომელიც ადგენს დაცვის მხარის მატერიალური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებს. ხელშეკრულების მე-3 თავი, სადაც განსაზღვრულია დაცვის მოვალეობანი, მატერიალური პასუხისმგებლობის საფუძვლები გათვალისწინებული არ არის. საკასაციო პალატის აზრით, დაცვის პოლიციის მატერიალური პასუხისმგებლობის საფუძველს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული “საქ. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შემავალი დაცვის პოლიციის დანაყოფების მიერ ობიექტების, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონების დაცვის შესახებ” ინსტრუქციის ნორმები, რადგან არც ერთი მათგანი (2.5, 2.6, 4.1.6, 5.3.5, 5.5.2 და 5.5.3) არ ადგენს დაცვის მხარის მატერიალურ პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ მხარეთა შორის დადებული 1.06.01 ხელშეკრულების საგანი და პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პირველი თავით, რომლის თანახმად ხელშეკრულება დაიდო ორი ატესტირებული პოლიციის თანამშრომლისა და ცენტრალური დაკვირვების პულტის სამი გასაღების გამოყენების შესახებ. დაცვის მხარეს ევალებოდა შპს “თ.-ის” შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში და განსაკუთრებულ შემთხვევაში საგანგაშო ღილაკის მეშვეობით დამხმარე ძალის გამოძახება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაცვის პოლიციის ბრალის გარეშე მატერიალურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი დაცვის პოლიციის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, განსაზღვროს ამ უკანასკნელის ბრალეულობა და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგს შორის და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “დაცვის პოლიციის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.