Facebook Twitter

¹3I ქ. თბილისი

13 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის,

პროკურორ _ ი. ბ-ის,

მსჯავრდებულ _ რ. ქ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ქ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის განაჩენით რ. ქ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ზ”, „თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „ზ”, „თ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 127-ე მუხლით იმაში, რომ მან 2004 წლის 13 თებერვალს, 10 საათზე, ქობულეთის რაიონის ---ის ტერიტორიაზე ო. მ-საგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი ნომრის „კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დაუდგენელი რაოდენობის ვაზნებთან ერთად, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

2004 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 10 საათზე, ---ის ტერიტორიაზე რ. ქ-ემ პირთან ჯგუფთან _ ო. მ-სა და კ. მ-სთან ერთად დაუდგენელი ნომრის „კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ლ. ც-ის მართვის ქვეშ მყოფი, ზ. ც-ის კუთვნილი ავტომანქანა „ვაზ-2106-ის”, ყაჩაღური გზით დაუფლების მიზნით, თავისუფლება აღუკვეთა ლ. ც-ეს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით აიძულა, გაეჩერებინა მანქანა ---ის ტერიტორიაზე, ჩაის პლანტაციებს შორის გამავალ გზაზე, რის შემდეგ ლ. ც-ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ, 150 ლარად ღირებულ, „სიმენს-45” მოდელის მობილურ ტელეფონსა და ფულს 4 ლარის ოდენობით. დაბნელებამდე, 19.00 საათამდე, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარის ქვეშ, იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყოფა იგი ზემოაღნიშნული ავტომანქანის სალონში, ხოლო 19 საათის შემდეგ იმავე ტერიტორიაზე, ო. მ-სთან ერთად, შეუკრა ხელ-ფეხი და მიაბა ხეზე, რამაც გულით დაავადებული ლ. ც-ძე, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, თავის დასაცავად მიეღო ზომები, ჩააყენა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, რის შემდეგ ო. მ-სა და კ. მ-სთან ერთად მიისაკუთრა ლ. ც-ის კუთვნილი ავტომანქანა და გადაიყვანა ოზურგეთის რაიონის ---ში.

რ. ქ-ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დაუდგენელი რაოდენობის საბრძოლო ვაზნებთან ერთად, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

2004 წლის 19 მარტს, დაახლოებით 19.00 საათზე, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა რ. ქ-ემ, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ღია კარით უკანონოდ შეაღწია მ. დ-ის ბინაში, მდებარე ქ. ბათუმში, ---ის დასახლება ¹--, ბინა 20, სადაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის თავს დაესხა ბინაში მყოფ მ. დ-სა და მის სტუმარს _ ე. ნ-ას. მათი დაყაჩაღების გაადვილების მიზნით, არაერთგზის, ორ დაუდგენელ პირთან ერთად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, მ. დ-სა და ე. ნ-ას შეუკრეს ხელ-ფეხი, ჩაკეტეს სააბაზანოში და აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მათი კუთვნილი ნივთები, რითიც მ. დ-ეს სულ მიაყენეს 5 535 ლარის, ხოლო ე. ნ-ას _ 260 ლარის ოდენობის ზიანი.

რ. ქ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 6,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება, გამშრალი „---”, რომელსაც უკანონოდ ინახავდა შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში და რომელიც ამოიღეს 2004 წლის 8 აგვისტოს რ. ქ-ის პირადი ჩხრეკის დროს ბათუმის შს სამმართველოს მუშაკებმა.

აღნიშნული დანაშაულისათვის რ. ქ-ეს, სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე დაეკისრა დაზარალებულების _ ლ. და მ. ც-სათვის 3 ათასი ლარის, ე. ნ-სათვის _ 260 ლარის, ხოლო მ. დ-სათვის _ 5 535 ლარის გადახდა. რ. ქ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 8 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ქ-ემ და ითხოვა სიმართლის დადგენა იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, გამოძიების დროს დაირღვა მისი უფლებები და მის მიმართ დაადგინეს უკანონო განაჩენი.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მსჯავრდებულმა დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა, ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის განაჩენი რ. ქ-ის მიმართ და საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეცა აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის განაჩენით რ. ქ-ეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „ზ”, „თ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 127-ე მუხლით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე დაეკისრა დაზარალებულების _ მ. დ-ის სასარგებლოდ _ 5 535 ლარის, ე. ნ-ას სასარგებლოდ _ 260 ლარის გადახდა; ლ. და მ. ც-ების მიმართ სამოქალაქო სარჩელის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა წარმოება მათ მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. მან ითხოვა განაჩენის, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმება იმ მოტივით, რომ უდანაშაულოა და მისთვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ხასიათსა და პიროვნებას.

მსჯავრდებულმა რ. ქ-ემ განცხადებით ითხოვა განაჩენის გასაჩივრების ვადის საპატიოდ ჩათვლა და მისი აღდგენა იმ მოტივით, რომ მას არ ჰყავს ადვოკატი, ხოლო განაჩენი ჩაჰბარდა გვიან, საკასაციო გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ქ-ეს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლაზე.

მსჯავრდებული ითხოვს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას, საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მას ჩაჰბარდა მისი გამოტანიდან 1 თვისა და 5 დღის შემდეგ, მაშინ, როდესაც საკასაციო საჩივარი მზად ჰქონდა 20 დღით ადრე. მსჯავრდებული ასევე ითხოვს მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სამართლიანად განხილვას, განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად თავისი უდანაშაულობის დამტკიცების მიზნით.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა რ. ქ-ემ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო წესით განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მას ჩაჰბარდა დაგვიანებით, მაშინ, როდესაც საკასაციო საჩივარი მზად ჰქონდა 20 დღით ადრე.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. ბ-ემ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ არ არსებობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, რაც შეიძლება საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მსჯავრდებულ რ. ქ-ეს სააპელაციო პალატის სხდომაზე არ ჰყავდა დამცველი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი 2006 წლის 20 ივნისის განაჩენის ასლი მსჯავრდებულს გაუგზავნა დაგვიანებით, კერძოდ, 2006 წლის 17 ივლისს და იგი რ. ქ-ეს ჩაბარდა 2006 წლის 25 დეკემბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ასლის დაგვიანებით გადაცემა უნდა ჩაითვალოს მსჯავრდებულისათვის საკასაციო გასაჩივრების ვადის გაცდენის საპატიო მიზეზად, რის გამოც ეს ვადა აღდგენილ უნდა იქნეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 553-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინება გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.

მსჯავრდებულ რ. ქ-ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანა ჩაითვალოს საპატიოდ და მას აღუდგეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის განაჩენის გასაჩივრების ვადა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.