15I ქ. თბილისი
25 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით გ. ფ-ეს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 25 აპრილიდან გ. ფ-ძე მუშაობდა რა აჭარის ა/რ-ის შს მთავარი სამმართველოს ---ის რაიონის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ---დ და იყო მოხელე, 2005 წლის 3 ივლისს დაიწყო გამოძიება ¹-- სისხლის სამართლის საქმეზე გ. თ-ის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. მან იმავე წლის 3 ივნისს, 14 საათსა და 50 წუთზე, ეჭვმიტანილის სახით დააკავა გ. თ-ძე და მოათავსა ქ. ბათუმის დროებითი მოთავსების ¹-- იზოლატორში, ხოლო შემდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის, ე.ი. დაკავებულ გ. თ-სათვის უპირატესობის მიღების მიზნით, დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში _ 2005 წლის 5 ივნისის 14 საათსა და 50 წუთამდე არ წარუდგინა მას ბრალი ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ იზოლატორის უფროსმა ს. ბ-ემ სათანადო დადგენილებით გ. თ-ძე გაათავისუფლა, რის შედეგადაც გ. თ-ძე გახდა ძებნილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის განაჩენით გ. ფ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა _ 2000 ლარი მას უნდა დაუბრუნდეს. გამართლებულ გ. ფ-ეს განემარტა უფლება, აუნაზღაურდეს უკანონო ბრალდებით მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი საქართველოს სსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა გ. ფ-სათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის მოტივით მისი სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის განაჩენი გ. ფ-ის მიმართ, ხოლო სისხლის სამართლის საქმე გურამ ფუტკარაძისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარსადგენად დაუბრუნდა პროკურორს. აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და სათანადო წესის დაცვით თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
გ. ფ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას, მოსამართლის ინიციატივით, ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება და ფაქტობრივად კამათამდე მისულ საქმეზე ა/წ 27 ნოემბერს სახელმწიფო ბრალდებამ განაცხადა შუამდგომლობა გ. ფ-ის მიმართ სასამართლო განხილვაში არსებული სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში გაგზავნის შესახებ, მისთვის უფრო მძიმე ბრალდების წაყენების მოტივით. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა და მოსამართლემ საქართველოს სსსკ-ის 446-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 501-ე მუხლის თანახმად, საქმე დაუბრუნა დამატებით გამოძიებას. მოსამართლემ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და, შესაბამისად, გასაჩივრებული დადგენილება არის უკანონო, არ გამომდინარეობს იმ საკანონმდებლო მუხლებიდან, რომლებითაც მოსამართლემ იხელმძღვანელა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული დადგენილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 501-ე მუხლის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის ბრალის დამძიმების მოტივით, დამატებითი გამოძიებისათვის გაგზავნა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, რა დროსაც უკვე გამოტანილია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 536-ე მუხლი ამომწურავად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებათა სახეებს, რომლებშიც საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება გათვალისწინებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დადგენილება მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის დადგენილება გ. ფ-ის სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის გაგზავნის შესახებ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.