Facebook Twitter

22I ქ. თბილისი

27 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის,

პროკურორ _ ლ. ბ-ის,

ადვოკატ _ ნ. ც-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილებაზე განაჩენის საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით მ. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 12 ივლისს ზესტაფონის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა მ. ბ-ემ მეზობელ ზ. გ-თან საუბრისას შემთხვევით შეიტყო, რომ მას ბ. მ-ის მიერ გატანებული ფული, დაახლოებით 100 ლარი, უნდა გადაეცა თერჯოლის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები ვ. კ-სათვის და განიზრახა ამ უკანასკნელზე ყაჩაღური თავდასხმა თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2005 წლის 14 ივლისს მ. ბ-ძე შეიარაღდა დანით და დაახლოებით 3 საათზე მივიდა თერჯოლის რაიონის სოფელ ---ში, ე.წ. „---ის” ტერიტორიაზე, ვ. კ-ის საყანე ნაკვეთთან არსებულ დროებით საცხოვრებელ საზაფხულო ბინასთან, სახეზე აიფარა ნიღაბი, ისარგებლა სიბნელით და მოატყუა ვ. კ-ლი, რომ იყო პ. გ-ლი. მისი სიტყვების რეალობაში დარწმუნებულმა ვ. კ-მა კარი გააღო. ამ გზით მ. ბ-ემ შეაღწია ვ. კ-ის ბინაში და თანნაქონი დანით მოკვლის მუქარით მოსთხოვა 100 ლარის მისთვის გადაცემა. უარის მიღების შემდეგ მ. ბ-ემ ვ. კ-ის დაშინებისა და ამ განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით განახორციელა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, კერძოდ, მუშტებითა და ფეხებით სცემა მას, რა დროსაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თავდამსხმელთან ხელჩართული ჩხუბის დროს ვ. კ-მა მოსაგერიებლად იქვე დადებული ნაჯახი შუბლის არეში ჩაარტყა მ. ბ-ეს, რითიც შეძლო მისგან თავის დაღწევა და საკუთარი ბინიდან გაქცევა, რის შემდეგაც მ. ბ-ძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნული ქმედებისათვის მ. ბ-ეს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 10 სექტემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ბ-ემ და მისმა ადვოკატმა გ. ბ-ემ. მათ ითხოვეს მ. ბ-ის საქმის განხილვა, სამართლიანი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ფულის გამო მოხდა ჩხუბი და ყაჩაღობა ბინაში შეღწევით არ მომხდარა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენი მ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა გ. ბ-ემ. საჩივარში მან აღნიშნა, რომ განაჩენი უკანონოა; მსჯავრდებულის ქმედებას მიცემული აქვს არასწორი კვალიფიკაცია; სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები; განაჩენი ემყარება კანონის უხეში დარღვევებით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; პალატამ არ გამოიკვლია სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნები; მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების დროს დარღვეულია სსსკ-ის მე-19, 110-ე, 111-ე, 121-ე, 130-ე, 132-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ:

ტ. ც-ძე არ იყო მტკიცებულებათა შეკრებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი; მტკიცებულება (დანა) მიღებულია კანონით გაუთვალისწინებელი წყაროდან; საეჭვო და ბუნდოვანია დანის „პოვნის” საკითხი, რადგან ტ. ც-სა და ნ. ბ-ის ჩვენებები ამასთან დაკავშირებით ერთმანეთისაგან განსხვავებულია და „სავსეა” წინააღმდეგობებით; სასამართლომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებებზე დაყრდნობით ჩათვალა დადასტურებულად სიცოცხლის მოსპობის მუქარის არსებობა; საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა; არასწორია ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნად ბინაში შეღწევის მიჩნევა, რადგან ბინაში უკანონო შეღწევა ხდება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ან მისი ნებართვის გარეშე; დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მ. ბ-ეს ბინის კარი თავის ნებით გაუღო და სახლშიც თვითონ შეუშვა, არავითარი ძალისმიერი ქმედება სახლში შესვლის დროს არ მომხდარა; ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა დაეკვალიფიცირებინათ მ. ბ-ის ქმედება ბინაში შეღწევად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი გ. ბ-ძე ითხოვს საქმის განხილვას, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის შემოწმებას, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას, მ. ბ-ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასა და სამართლიანი განაჩენის დადგენას მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე.

მსჯავრდებულ მ. ბ-ეს ეცნობა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია საკასაციო გასაჩივრების ვადის დარღვევით და რომ მას აქვს უფლება, შუამდგომლობით მიმართოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე.

მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატმა გ. ბ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენა იმ მოტივით, რომ 2007 წლის 6 და 7 იანვარი დასვენების დღეები იყო და ფოსტა არ მუშაობდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატის შუამდგომლობა განაჩენის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის აღდგენის შესახებ.

ადვოკატი გ. ბ-ძე კერძო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2006 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე 2007 წლის 8 იანვარს საჩივრის შეტანა არ იწვევს გასაჩივრებისათვის სსსკ-ის მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევას, რადგან სსსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე, რომლითაც იწყება ვადის დინება, ე.ი. 7 დეკემბერი, და ვადის ათვლა იწყება 8 დეკემბრიდან; სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ე.ი. 8 დეკემბრიდან დაწყებული ერთთვიანი ვადა დასრულდებოდა 8 იანვრის 24 საათზე; გაუგებარია ---ე დ. ჟ-ის „წერილის” პროცესუალური ფორმაც, რადგან სსსკ-ის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილში სასამართლოს (მოსამართლის) მიერ მიღებული ყველა შესაძლო გადაწყვეტილების ამომწურავ ჩამონათვალში ასეთი „წერილი” არ არის; უცნაურია „წერილში” მოყვანილი დასაბუთება, რომ „გასაჩივრების ვადა ითვლება ერთი თვით, ანუ 30 კალენდარული დღით”, რადგან საპროცესო კოდექსი თვის ასეთ განსაზღვრას არ იცნობს; საკასაციო საჩივრის 8 იანვრამდე შეუტანლობა გამოწვეული იყო იმითაც, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ასლი ადვოკატს ჩაჰბარდა მხოლოდ 3 იანვარს.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანისა და გაცდენილი ვადის აღდგენის წესებს განსაზღვრავს სსსკ-ის 550-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა; სსსკ-ის 524-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გააზრებულია, როგორც „განაჩენის გამომტანი სასამართლო”; ამის გამო ეჭვს იწვევს სააპელაციო სასამართლოს უფლება, გადაწყვიტოს გაცდენილი ვადის აღდგენის საკითხი; ამ ეჭვს უფრო აძლიერებს სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი; მოცემულ შემთხვევაში საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე ორგანოა საკასაციო და არა _ სააპელაციო სასამართლო; უნდა ჩაითვალოს, რომ გაცდენილი ვადის აღდგენა საკასაციო სასამართლოს პრეროგატივაა; თუ „საქმის განმხილველ სასამართლოდ” სააპელაციო სასამართლოს მივიჩნევთ, მაშინ პრობლემურია გადაწყვეტილების ის ფორმა, რომელზეც საკანონმდებლო ნორმა მიუთითებს, კერძოდ, დადგენილება (სსსკ-ის 550-ე მუხლის მე-2 ნაწილი); სსსკ-ის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „სასამართლო არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო”, რომლის გადაწყვეტილებები მიიღება განჩინების ფორმით; აქედან გამომდინარე, თუ ვადის აღდგენის საკითხი სააპელაციო სასამართლოს გადასაწყვეტია, მაშინ იგი სასამართლოს უნდა განეხილა და გადაეწყვიტა კოლეგიურად და არა _ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი გ. ბ-ძე ითხოვს, გაუქმდეს მოსამართლის დადგენილება და განსახილველად იქნეს მიღებული მ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შეტანილი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. ც-ემ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ვადის აღდგენის საკითხი უნდა გადაეწყვიტა სააპელაციო სასამართლოს, მას უნდა ემსჯელა კოლეგიურად.

პროკურორმა ი. ბ-ემ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოება, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს საჩივრის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული დადგენილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 550-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მ. ბ-ის მიმართ გამოტანილია კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ და ამ განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე უნდა ემსჯელა საქმის განმხილველ სასამართლოს კოლეგიურად, მით უფრო, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

გარდა ამისა, სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი იყო, ერთპიროვნულად განეხილა მხოლოდ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე შეტანილი საჩივრები.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული, არსებითი დარღვევის გამო საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კერძო საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე.

ამდენად, გასაჩივრებული დადგენილება უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ მ. ბ-ის ადვოკატს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ მიჩნევაზე და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.