Facebook Twitter

25I ქ. თბილისი

5 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორების _ გ. ო-ის, მ. ზ-ას

რეაბილიტირებულ _ ე. ლ-ას

მონაწილეობით განიხილა რეაბილიტირებულ ე. ლ-ას კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორმა, უფროსმა გამომძიებელმა ბ. ფ-ამ 2005 წლის 22 თებერვალს გამოიტანა დადგენილება ე. ლ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ე. ლ-ას მიმართ შეწყდა, ვინაიდან გავიდა ერთი და იმავე შემთხვევის გამო მისი ბრალდებულად ყოფნის 24 თვეზე მეტი ვადა. ე. ლ-ია პატიმრობაში იმყოფებოდა 1997 წლის 4 ივლისიდან 1999 წლის 19 აგვისტომდე, ე.ი. 25 თვე და 15 დღე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით ე. ლ-ია სრულად იქნა რეაბილიტირებული სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის 2005 წლის 22 თებერვლის სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების საფუძველზე.

ე. ლ-ას მოთხოვნა მატერიალური ზიანის _ 38250 აშშ დოლარისა და 8000 ლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ე. ლ-ას სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანი უნდა აუნაზღაურდეს 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პუბლიკაცია ე. ლ-ას სრული რეაბილიტაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება გაასაჩივრეს რეაბილიტირებულმა ე. ლ-ამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება დარჩა უცვლელად.

ე. ლ-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს მის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის _ 38250 აშშ დოლარის, მკურნალობისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის _ 8000 ლარისა და მორალური ზიანის _ 45000 ლარის დამატებით გადახდა. კასატორის მითითებით, იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 25 თვე და 15 დღე. დაპატიმრებამდე მუშაობდა ქ. მოსკოვში, შპს „---ში“ და თვიური ხელფასი ჰქონდა 1500 აშშ დოლარი, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომელიც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია იმ საფუძველზე მითითებით, რომ მასში აღნიშნული არ არის განთავისუფლების მიზეზი მაშინ, როცა ეს მიზეზი თავისთავად ნათელია, რადგან ე. ლ-ია დააკავეს 1997 წლის 4 ივლისს, ხოლო სამუშაოდან გაათავისუფლეს 1997 წლის 20 ივლისს, ე.ი. დაპატიმრებიდან 16 დღის შემდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი სამუშაოდან განთავისუფლების მიზეზი იყო და არის დაპატიმრება. სწორედ დაპატიმრების გამო ვერ მიიღო ხელფასი _ თვეში 1500 აშშ დოლარის ოდენობით, სულ _ 38250 აშშ დოლარი; უკანონოა სასამართლოს მითითება იმაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სამუშაოზე დანიშვნისა და სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები, რადგან ამ მონაცემებს სრულიად მოიცავს ე. ლ-ას მიერ წარმოდგენილი ცნობა, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა; ე. ლ-ას სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი მკურნალობისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების _ 6000 ლარის ანაზღაურებაზე, რადგან მის მიერ საქმეში წარმოდგენილია იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ პატიმრობის პერიოდში დაავადდა ტუბერკულოზით, მაღალი არტერიული წნევით, გულსისხლძარღვთა უკმარისობით და დღემდე აგრძელებს მკურნალობას, ხოლო ადვოკატის მომსახურების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხანგრძლივი დროის გასვლის გამო, მართალია, ვერ წარმოადგინა, მაგრამ სასამართლო პროცესზე მოითხოვა ეს ხარჯები სასამართლოს გონივრული თანხით განესაზღვრა, რაზედაც სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა.

საკასაციო პალატის სხდომაზე რეაბილიტირებულმა ე. ლ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორებმა _ გ. ო-ემ და მ. ზ-ამ დადგენილი განჩინება მიიჩნიეს კანონიერად და იშუამდგომლეს მისი უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა ე. ლ-ას რეაბილიტაციის საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარებს, მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რეაბილიტირებულ ე. ლ-ას კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის _ 38250 აშშ დოლარის, მკურნალობისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის _ 8000 ლარისა და მორალური ზიანის _ 45000 ლარის დამატებით გადახდა, რადგან საამისოდ არ მოიპოვება ჯეროვანი სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში სწორად მიუთითა, რომ ე. ლ-ას მკურნალობისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გახარჯული თანხის _ 8000 ლარისა და მიუღებელი ხელფასის _ 38250 აშშ დოლარის ანაზღაურების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ზემოაღნიშნული თანხების დამადასტურებელი მტკიცებულებები ე. ლ-ამ ვერ წარმოადგინა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი სამუშაო ადგილიდან გაცემულ ცნობაში არ არის მითითებული სამუშაოდან მისი განთავისუფლების მიზეზი, საქმეში არც მისი დანიშვნისა და განთავისუფლების ბრძანების ასლებია.

აღნიშნული ცნობიდან ირკვევა, რომ 1995 წლის 1 იანვრიდან 1997 წლის 20 ივლისამდე იგი მუშაობდა შპს ,,---ში”, ხოლო სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ცნობიდან ირკვევა, რომ ე. ლ-ია იმავე სამსახურში მუშაობდა 1995 წლის 1 იანვრიდან და სამსახურიდან გათავისუფლდა 1997 წელს, მაგრამ წარმოდგენილი ცნობიდან გაურკვეველია მისი სამსახურიდან განთავისუფლების ზუსტი თარიღი, რადგან ცნობაში მითითებული თარიღი აშკარად გადასწორებულია და მითითებულია 20.06.1997 წელი, რაც ეჭვქვეშ აყენებს წარმოდგენილი ცნობის სისწორეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა _ 5000 ლარი არის სავსებით გონივრული და შეესაბამება ე. ლ-სათვის მიყენებული ზიანის ხასიათს.

ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინება არის კანონიერი, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, პალატა თვლის, რომ არასწორია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებაში არსებული მითითება იმის თაობაზე, რომ ე. ლ-ია რეაბილიტირებულ იქნეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის 2005 წლის 22 თებერვლის სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების საფუძველზე.

საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,პირის რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ი”, ,,კ” და ,,მ” ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ”.

საქმის მასალების მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორმა, უფროსმა გამომძიებელმა ბ. ფ-ამ 2005 წლის 22 თებერვალს გამოიტანა დადგენილება ე. ლ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან გავიდა ერთი და იმავე შემთხვევის გამო მისი ბრალდებულად ყოფნის 24 თვეზე მეტი ვადა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. ლ-ას რეაბილიტაციის საფუძველია პროკურატურის მიერ გამოტანილი ზემოაღნიშნული დადგენილება. ეს იმას ნიშნავს, რომ პირის მიმართ ასეთი მარეაბილიტირებელი საპროცესო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ იგივე პირი, ხელახლა, დამატებით, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულად ცნობას აღარ საჭიროებს, რის გამოც აღნიშნული მითითება განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რეაბილიტირებულ ე. ლ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებიდან ამოირიცხოს მითითება ე. ლ-ას რეაბილიტირებულად ცნობაზე.

სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.