Facebook Twitter

161აპ. 14 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილი გარემოების გამო მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ს-ლი გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 5 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით; 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მე-100 მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; 135-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; 136-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული განაჩენი მოყვანილ იქნა შესაბამისობაში საქართველოს ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), რის შედეგადაც მსჯავრდებულ შ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (2000 წილს 5 მაისის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რომელიც იმავე განჩინებით მას დარჩა მოსახდელად როგორც საბოლოო სასჯელის ვადა, ხოლო სხვა ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.

2007 წლის 30 მაისს მსჯავრდებულმა შ. ს-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მის მიმართ ამავე პალატის მიერ 2002 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი განჩინების საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, ამ კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ შ. ს-ის საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მსჯავრდებულ შ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ათ წლამდე, ხოლო ამჟამად აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) სანქციით იმავე ქმედებისათვის სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რაც, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებასა და, შესაბამისად კანონისა, განაჩენის (განჩინების) შეცვლის საფუძველს.

მითითებული გარემოების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ შ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

იმავე გარემოების გამო მსჯავრდებულ შ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ შ. ს-ლს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

სხვა ნაწილში საკასაციო პალატის 2002 წლის 30 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ შ. ს-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ შ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

მსჯავრდებულ შ. ს-ლს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 ოქტომბრის განჩინება სხვა ნაწილში მსჯავრდებულ შ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.