191 27 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ გ. ო-ის
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის _ ლ. გ-ის
რეაბილიტირებულ _ ვ. გ-ას
მონაწილეობით განიხილა რეაბილიტირებულ ვ. გ-ას კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ვახტანგ გუჩუა 2005 წლის 18 აპრილს ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ დააკავა როგორც მოქ. ჯ. ნ-ას ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმასა და დამამძიმებელ გარემოებებში მის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი. მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება. წინასწარმა გამოძიებამ ვერ მოიპოვა სამხილი ჯ. ნ-ას ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმასა და განზრახ მკვლელობაში მისი მონაწილეობის შესახებ, რის გამოც სამეგრელო _ ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილის 2005 წლის 17 ივლისის დადგენილებით ვ. გ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, ხოლო შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2005 წლის 18 აპრილიდან 2005 წლის 17 ივლისამდე იგი იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში _ 2 (ორი) თვისა და 29 დღის განმავლობაში.
აღნიშნულის გამო ვ. გ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვა რეაბილიტაცია და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონო მოქმედებით მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის _ 10000 (ათი ათასი) ლარის, ფიზიკური ზიანის _ 40000 (ორმოცი ათასი) ლარისა და მორალური ზიანის 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით ვ. გ-ას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი რეაბილიტირებულ იქნა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საკომპენსაციო თანხა განისაზღვრა 5000 ლარით, რომლის ანაზღაურება დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ქონებრივი და ფიზიკური (მკურნალობის ხარჯები) ზიანის ნაწილში მას უარი ეთქვა მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.
სასამართლოს დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ _ გ. გ-ემ, რომელიც ითხოვდა რეაბილიტირებულ ვ. გ-ას მიმართ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობის (5000 ლარი) შემცირებასა და გონივრულ ფარგლებში განსაზღვრას იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ. გ-ას მორალური ზიანი აუნაზღაურა არაგონივრულად მაღალი ოდენობით. აპელანტის აზრით, რეაბილიტირებულისათვის სრულიად საკმარისი იქნებოდა ბოდიშის საჯაროდ მოხდა პრესის ორგანოში შესაბამისი პუბლიკაციით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული დადგენილება უნდა შეიცვალოს მისი მოთხოვნის ფარგლებში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა საჩივრის მოთხოვნა და 2007 წლის 26 იანვრის განჩინებით დაადგინა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, რომლითაც ვ. გ-ას შეუმცირდეს სისხლის სამართლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული ზიანის საკომპენსაციოდ მას აუნაზღაურდეს 3000 (სამი ათასი) ლარი, რაც უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე რეაბილიტირებულმა ვ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ შეუმცირა მას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა, დააკმაყოფილა რა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის უკანონო მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დაადგინა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას რეაბილიტირებულმა ვ. გ-ამ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა საკომპენსაციო თანხის შემცირებაზე იყო უკანონო, რაც სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა მან ითხოვა, რომ მისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება ვ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ო-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მიაჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება რეაბილიტირებულ ვ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები რეაბილიტირებულ ვ. გ-ას მიმართ, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ რეაბილიტირებულ ვ. გ-სათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გათვალისწინებული თანხის ოდენობა (3000 ლარი) განსაზღვრულია გონივრულ ფარგლებში, აღნიშნული ზიანის ხასიათის, ასევე, ანალოგიურ საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, რის გამოც ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვერ ჩაითვლება უსამართლოდ.
რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის უკანონობისა და დაუშვებლობის შესახებ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ორგანო საპროცესო კანონით არ არის უფლებამოსილი, გაასაჩივროს სასამართლოს დადგენილება რეაბილიტირებულისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს პასუხისმგებელ ორგანოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეაბილიტირებულთათვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხების გაცემაზე, იცავს მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს პროკურატურასთან ერთად, რის გამოც იგი განიხილება რეაბილიტაციის საქმეებზე პროცესის მონაწილე სრულუფლებიან მხარედ და ვერ იქნება უფლებრივად გათანაბრებული იმ სხვა დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, საჯარო თუ კერძო იურიდიულ პირებთან, რომლებსაც შეიძლება შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება რეაბილიტირებულისათვის ამა თუ იმ უფლების აღდგენასთან დაკავშირებით.
ამიტომ სააპელაციო სასამართლო სწორად მოიქცა, როდესაც წარმოებაში მიიღო და არსებითად განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო სააპელაციო საჩივარი რეაბილიტირებულ ვ. გ-ას მიმართ. აღსანიშნავია, რომ თვით ვ. გ-ას სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ დაუყენებია საკითხი ფინანსთა სამინისტროს საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, არამედ მან მხოლოდ მის დაუსაბუთებლობასა და მოთხოვნის არასამართლიანობაზე მიუთითა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება რეაბილიტირებულ ვ. გ-ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 219-227-ე მუხლებით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რეაბილიტირებულ ვ. გ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განჩინება რეაბილიტირებულ ვ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.