211 7 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივნის _ გ. შალამბერიძის
პროკურორების _ გ. ო-ის, მ. ზ-ას
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის _ ლ. გ-ის
ადვოკატ _ ვ. ს-ის
რეაბილიტირებულ _ ა. კ-ას
მონაწილეობით განიხილა რეაბილიტირებულ ა. კ-სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ი. ა-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-ას, 1998 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961 მუხლით (1961 წლის 31 მაისის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) გათვალისწინებული დანაშაულის _ საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცების ბრალდებით. 2000 წლის 11 თებერვალს საქართველოს სსკ-ის აღნიშნული მუხლის საფუძველზე იგი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით. იმავე წლის ივლისში მისი ბრალდების საქმეზე შედგა საბრალდებო დასკვნა, ხოლო საქმე განსახილველად გაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.
ამ პერიოდში მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მითვისებისათვის. აღნიშნული სასამართლოს 2001 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ა. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 21 თებერვლის განჩინებით აღნიშნული განაჩენი ა. კ-ას დამნაშავედ ცნობის ნაწილში გაუქმდა და საქმე მის მიმართ გაიგზავნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. გამოძიების ჩატარების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ა. კ-ას მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია), განსახილველად გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ა. კ-ას მიმართ კვლავ დაბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ხსენებული სასამართლო დადგენილება, ხოლო საქმე ა. კ-ას მიმართ დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში 2004 წლის 16 ივნისს ა. კ-ას მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. კ-ას გამართლების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ივნისის განჩინებით დარჩა ძალაში. მისი ბრალდების საქმეზე სისხლის სამართალწარმოების განხორციელებისას ა. კ-ია 2000 წლის 10 თებერვლიდან იმავე წლის 8 აგვისტომდე იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო ამის შემდეგ, 2002 წლის 21 თებერვლამდე, იგი იმყოფებოდა შინაპატიმრობაში, 2005 წლის 30 დეკემბრამდე კი პოლიციის ზედამხედველობაში იყო გადაცემული.
გამართლებულმა ა. კ-ამ 2006 წლის 23 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას თავისი რეაბილიტაციის, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით მისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ა. კ-ია მატერიალური ზიანის კომპენსაციისათვის ითხოვდა 228 200 აშშ დოლარსა და 12 200 ლარს, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ _ 200 000 აშშ დოლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2006 წლის 3 ნოემბერის დადგენილებით ა. კ-ია ცნო რეაბილიტირებულად, ხოლო მისი მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მას განუსაზღვრა 6000 (ექვსი ათასი) ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ი. ა-ემ და რეაბილიტირებულმა ა. კ-ამ. აპელანტი ი. ა-ძე თავისი საჩივრით ითხოვდა დადგენილებაში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ სააპელაციო ინსტანციას განმცხადებლისათვის უარი ეთქვა მორალური ზიანის ფულად კომპენსაციაზე მისი მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით. აპელანტი ა. კ-ია ითხოვდა იმავე დადგენილების მის სასიკეთოდ შეცვლას, კერძოდ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე თავისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით აპელანტებს უარი ეთქვათ საჩივრების დაკმაყოფილებაზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის დადგენილება რეაბილიტირებულ ავთანდილ კვარაცხელიას მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე პროკურორმა ი. ა-ემ და რეაბილიტირებულმა ა. კ-ამ კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ი. ა-ძე თავისი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც რეაბილიტირებულ ა. კ-ას მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ კერძოდ, 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, ვინაიდან მიაჩნია, რომ, როდესაც რეაბილიტირებულმა აღნიშნული მოთხოვნა წარადგინა სასამართლოში, მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო. კასატორი ა. კ-ია თავისი საჩივრით კვლავ ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას და ამ მიზნით გასაჩივრებულ განჩინებაში თავის სასიკეთოდ შესაბამისი ცვლილების შეტანას.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას რეაბილიტირებულმა ავთანდილ კვარაცხელიამ და მისმა ადვოკატმა ვ. ს-ემ მხარი დაუჭირეს თავიანთ საჩივარს. ადვოკატმა ვ. ს-ემ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა ა. კ-ას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უთხრეს უარი მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის სრულად ანაზღაურებაზე, რადგან მან სასამართლოს წარუდგინა საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებითაც სამართალდამცავი ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნამდვილობა უდავოდ არის დადასტურებული. აღნიშნული უკანონო ქმედებებით მან განიცადა დიდი მატერიალური ზარალი და გამოუსწორებელი მორალური ტრავმა, რის გამოც ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები მიაჩნია უკანონოდ. საბოლოოდ ა. კ-ამ და მისმა ადვოკატმა იშუამდგომლეს პალატის წინაშე, რომ მოთხოვნა მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდეს, რისთვისაც გასაჩივრებულ განჩინებაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება, ხოლო კასატორს, პროკურორ ი. ა-ეს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
პროცესში მონაწილე პროკურორებმა _ გ. ო-ემ და მ. ზ-ამ მხარი დაუჭირეს პროკურორ ი. ა-ის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა მ. ზ-ამ აღნიშნა, რომ ა. კ-ას რეაბილიტაციის საფუძველს წარმოადგენს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 16 ივნისს მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. საპროცესო კანონის თანახმად, რეაბილიტირებულმა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს უნდა მიმართოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დღიდან 6 თვის გასვლამდე, ხოლო მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა 2006 წლის 23 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილ ვადაზე 2 წლისა და 2 თვის გადაცილებით. ამიტომ ა. კ-ას მოთხოვნა მიაჩნია ხანდაზმულად, რის გამოც სასამართლოებს აღნიშნული მოთხოვნა საერთოდ არ უნდა დაეკმაყოფილებინათ. იმავე მოტივით პროკურორმა მ. ზ-ამ მხარი არ დაუჭირა კასატორ ა. კ-ას საჩივარს და მიიჩნია იგი უსაფუძვლოდ. საბოლოოდ პროკურორმა მ. ზ-ამ იშუამდგომლა პალატის წინაშე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რეაბილიტირებულ ა. კ-ას მოთხოვნა მორალური ზიანის 6000 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, ხოლო ამ უკანასკნელს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. პროკურორ მ. ზ-ას მოთხოვნას დაეთანხმა პროცესში მონაწილე პროკურორი გ. ო-ძე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა კასატორის, პროკურორ ი. ა-ის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მან მხარი არ დაუჭირა კასატორ ა. კ-ას საჩივარს და ითხოვა, რომ მას უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები რეაბილიტირებულ ა. კ-ას მიმართ, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის, პროკურორ ი. ა-ის მიერ კერძო საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ მოტივაციას რეაბილიტირებულ ა. კ-ას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელს, კანონიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გასაჩივრდა, 2006 წლის 16 ივნისამდე, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მისი ბრალდების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჯერ კიდევ არ გააჩნდა რეაბილიტაციის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, ა. კ-ას რეაბილიტაციის საფუძველი გახდა საკასაციო პალატის 2006 წლის 16 ივნისის განჩინება, ხოლო მან შესაბამის სასამართლოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმართა 2006 წლის 23 აგვისტოს, ე.ი. საპროცესო კანონით დადგენილი 6 თვის ვადის ამოწურვამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის, პროკურორ ი. ა-ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე კასატორ ა. კ-ას საჩივრის პოზიციას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე, ვინაიდან საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი საფუძველი. სრულიად არარეალური და გონივრულ საფუძველს მოკლებულია ა. კ-ას მიერ მორალური ზიანის კომპენსაციის მოთხოვნა 200 000 აშშ დოლარის ოდენობით. კასატორს არა აქვს დასაბუთებული უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნითა და პატიმრობით გამოწვეული მორალური ტრავმა რა კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასა ზემოაღნიშნული თანხით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა რეაბილიტირებულ ა. კ-ას განუსაზღვრა გონივრულ ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მისი ორგანოების უსაფუძვლო მოქმედების მიმართ დაზარალებული მხარისადმი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, არ არსებობს საფუძველი სასამართლოს მიერ რეაბილიტირებულ ა. კ-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ განსაზღვრული თანხის _ 6000 (ექვსი ათასი) ლარის გაზრდისათვის.
რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინებით რეაბილიტირებულ ა. კ-სთვის მის მიერ მატერიალური ზიანის ნაწილში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, უნდა აღინიშნოს, რომ მითითებულ ნაწილში განჩინება საფუძვლიანად არის დასაბუთებული. განჩინებაში სწორად არის აღნიშნული, რომ ა. კ-ას მოთხოვნა მკურნალობისათვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით არ არის დადასტურებული საპროცესო კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე, მხედველობაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯანმრთელობის შერყევის მიზეზის შესახებ.
საქმის მასალებით აგრეთვე ირკვევა, რომ არ არსებობს რეალური საფუძველი მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე რეაბილიტირებულ ა. კ-ას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ვინაიდან დაკავებული თანამდებობიდან მის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო სხვა მოტივები და არა ის გარემოება, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო დაწყებული.
დაუსაბუთებელია მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში რეაბილიტირებულ ა. კ-ას სხვა მოთხოვნებიც, მათ შორის მის მიერ დაქირავებული ადვოკატების ჰონორართან დაკავშირებული ხარჯების შესახებ, ვინაიდან დადგინდა, რომ ადვოკატებისათვის ა. კ-ას რაიმე თანხა ჯერ კიდევ არ გადაუხდია, ხოლო გადაუხდელი თანხების ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. ყოველივე აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ რეაბილიტირებულ ა. კ-ას მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლოს მიერ კანონიერად ეთქვა უარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 14 თებერვალს რეაბილიტირებულ ა. კ-ას მიმართ გამოტანილი განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 219-227-ე მუხლებით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ი. ა-სა და რეაბილიტირებულ ა. კ-ას კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინება რეაბილიტირებულ ა. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.