Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №583პ-20 ქ. თბილისი

ი-ე გ-ი, 583აპ-20 7 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენით გ. ი-ე, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. ი-ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის ოქტომბერში გ. ი-ე თავის ოჯახის წევრს, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ უ. ა-ას სცემდა სისტემატურად, კერძოდ:

· 2019 წლის 12 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, ს. ხ-ის ქ. №--ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს, სახეში მუშტის დარტყმით ნასვამმა გ. ი-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – უ. ა-ას.

· 2019 წლის 13 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, ს. ხ-ის ქ. №--ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილზე დარტყმებით ნასვამმა გ. ი-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – უ. ა-ას.

· 2019 წლის 14 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, ს. ხ-ის ქ. №--ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს, ხელებისა და ფეხების სახესა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დარტყმებით ნასვამმა გ. ი-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – უ. ა-ას.

· გ. ი-ის ძალადობამ – ცემამ გამოიწვია უ. ა-ას ფიზიკური ტანჯვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. პროკურორი ანი ბორჩაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ი-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ი-ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება და ისე შეუფარდა სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, ამიტომ ამ მიმართებით განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი