Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №587აპ-20 თბილისი

კ-ა დ-თ, 587აპ-20 22 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. კ-ას ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 17 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ზ-ში, კ-ის ქუჩაზე (ამჟამად ე. მ-ის - შესახვევის №-), დ. კ-ამ, გაბრაზებულმა, რომ სახლში ვერ იპოვა ალკოჰოლური სასმელი, ხელითა და ხის ჯოხით ჩაამტვრია დედის - ზ. პ-ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ფანჯრის მინები, რითაც დაზარალებულს მიაყენა 190,13 ლარის ზიანი.

2. 2018 წლის 19 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, რომელმაც მოითხოვა მასა და ბრალდებულ დ. კ-ას შორის 2018 წლის 19 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობით: დ. კ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით: პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე და დ. კ-ას სისხლის სამართლის საქმეზე გაგრძელდა არსებითი განხილვა შემდეგი საფუძვლით: შუამდგომლობის მიხედვით, ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავებოდა ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანებას, თუმცა წარდგენილი მასალებით, კერძოდ, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან გაირკვა, რომ ქონება რეგისტრირებული იყო ბრალდებულის სახელზე. ამასთან, აღნიშნული ქონება არასდროს ყოფილა რეგისტრირებული ბრალდებულის დედის ან ვინმე სხვა პირის სახელზე. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ბრალდებულის სახელზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიამ აღიარა ბრალდებულის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. სასამართლოს სხდომაზე სასამართლომ მხარეებს, მათ შორის ბრალდების მხარეს, შესთავაზა, მიეთითებინათ, საქმეში არსებული რომელი მტკიცებულება ადასტურებდა სახლის ფანჯრისა და მინის ბრალდებულის დედის ან სხვა პირისათვის კუთვნილებას. ამ კითხვაზე მხარეებმა პასუხი ვერ გასცეს, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ დაზიანებული ქონების დედისათვის კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილი არ იყო, ხოლო ამის გარეშე ბრალდებულის ქმედება არ ქმნიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის შემადგენლობას.

4. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების შემდეგ საქმის განხილვა გააგრძელა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლემ.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დ. კ-ა, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა 6 თვით შინაპატიმრობა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, ვინაიდან დანაშაულის ჩადენისა და საქმის სასამართლოში განხილვის დროსაც სახლში ცხოვრობდა დ. კ-ას დედა, მსჯავრდებულის ქმედებამ დააზიანა მისი, როგორც ოჯახის თანამფლობელი წევრის, ქონება - ფანჯრის მინები.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. კ-ამ, მისმა ადვოკატებმა ი. ჯ-ამ და ი. შ-ამ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს დ. კ-ას გამართლება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: დ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, დ. კ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. კ-ას ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნორმაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნდა იყოს, ხოლო ნივთი, რომლის დაზიანებასაც ბრალდების მხარე ედავება დ. კ-ას, რეგისტრირებულია მის სახელზე, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, კერძოდ: ქ. ზ-ში, ე. მ-ის ქუჩის -ი შესახვევის (ყოფილი კ-ის ქუჩის - შესახვევი) №-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - -) 2018 წლის 24 ოქტომბრიდან დარეგისტრირდა დ. კ-ას საკუთრებად. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება ოდესმე რეგისტრირებული იყო დ. კ-ას დედის - ზ. პ-ას სახელზე. გარდა ამისა, უძრავი ქონება დ. კ-ას სახელზე დარეგისტრირდა ზ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს გაცემული №- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.

12. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ დ. კ-ას სახელზე ქონების რეგისტრაცია მოხდა მისი დაზიანების შემდეგ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს გარემოება არ ადასტურებს რეგისტრაციამდე ქონების ზ. პ-ასათვის კუთვნილებას, მით უფრო, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღიარა დ. კ-ას მიერ აღნიშნული ქონების კანონიერი ფლობა და გასცა საკუთრების უფლების მოწმობა, რის საფუძველზეც დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა მის სახელზე.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე