Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№589აპ-20 ქ. თბილისი

ს-ი გ-ი, 589აპ.-20 30 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით გ. ს-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 8 ივნისიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ს-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის 6 აპრილს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, თ. ი-ის ქუჩა კორპუსი N--ის ეზოში, განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ს-მა ი. გ-ას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენა შვიდი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთ-ერთი – გულმკერდის არეში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო. გ. ს-მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა ი. გ-ასათვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამო.

· გ. ს-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2017 წლის 6 აპრილს უკანონოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მასრები არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ПМ და ,,სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის AПC, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა. მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისთვის, გასროლილია 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტით, რომელიც განკუთვნილია 9 მმ კალიბრიანი 1951 წლის ნიმუშის ვაზნების გასასროლად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 8 ივნისიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ს-ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

· სასამართლოს დასკვნა, რომ მოწმეებმა – ჯ. გ-ემ და თ. გ-ამ ცალსახად ვერ მიუთითეს, გ. ს-მა ი. გ-ას მიმართ კონკრეტულად სხეულის რომელ ნაწილში ესროლა, არ შეესაბამება მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს;

· ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ. ს-ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას;

· სააპელაციო პალატა განაჩენში არ მსჯელობს, თუ რატომ გამორიცხავს გ-ის ქმედებაში მკვლელობის განზრახვას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულს მხოლოდ ფეხებზე ჰქონდა დაზიანებები.

კასატორი საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ გ. ს-ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას და ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ. ს-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ძირითად არგუმენტს წარმოადგენს გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის – მოწმეთა ჩვენებების შინაარსისა და გარემოებების სუბიექტური ინტერპრეტაცია. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ განაჩენში სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და, ამასთან, იმსჯელა ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. ამდენად, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ს-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი არ მიუთითებს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ნიკოლოზ დგებუაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი