Facebook Twitter

ას-970-1271-08 8 ივლისი, 2008წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ე. ხაჩიძე

კასატორი _ ლ. ხ.-ა, წარმომადგენელი ბ. გ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი გ. ც.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

კასატორის თხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 4 დეკემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე ლ. ხ.-ს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 29 007.30 ლარის ოდენობით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2003 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელის კუთვნილ «ნისანის» ფირმის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით... ხაშურის რაიონში შეეჯახა «მერსედეს ბენცის» მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა მოპასუხე ლ. ხ.-ა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა. სასაქონლო ექსპერტიზის 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹ს-603 დასკვნის თანახმად, ზიანმა შეადგინა 29 007.30 ლარი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომანქანა «ნისანის» მძღოლ უ. დ.-ს «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, ხოლო ლ. ხ.-ს მიერ აღნიშნული კანონის 30-ე მუხლის 1 პუნქტის დანაწესის შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მომხდარის თავიდან აცილება. მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლებზე (ს.ფ. 3-4).

მოპასუხე ლ. ხ.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგო არ ყოფილა. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების გარეშე დელიქტური ვალდებულება არ წარმოიშობა. სადავოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება სარჩელზე, დადგენილი არ არის მისი საკუთრება დაზიანებულ ავტომანქანაზე. ზემოაღნიშნული დადგენილება გამოტანილია მძღოლების _ უ. დ.-ისა და ლ. ხ.-ს მიმართ და მასში თავდაცვის სამინისტრო არ არის ნახსენები (ს.ფ. 27-28).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ხ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 29 007.30 ლარის ოდენობით.

საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ავტოსაგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზს წარმოადგენდა მოპასუხე ლ. ხ.-ს მხრიდან «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნათა შეუსაბამო მოქმედებები ავტომანქანით მანევრირებისას, კერძოდ, მოპასუხე ლ. ხ.-ა სხვა ავტომანქანის გასწრების დაწყებამდე უნდა დარწმუნებულიყო, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებდა გადასვლას, თავისუფალი იყო გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნიდა ამ ზოლზე საპირისპიროდ მოძრავ სხვა ავტომანქანას. აღნიშნული მოთხოვნის დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარის თავიდან აცილება. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ მძღოლ უ. დ.-ის მოქმედებაში «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა არ აღინიშნება და მას ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.

რაიონული სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობას მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა, თუმცა მიაჩნდა, რომ რამდენადაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა არ აღძრულა მისი ქმედების არამართლსაწინააღმდეგობის გამო, ეს ნიშნავდა, რომ ადგილი არ ჰქონია ზოგადად მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებს, რაც აუცილებელია დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის. სასამართლოს განმარტებით, ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით არაიდენტურია. სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით ლ. ხ.-ს ქმედება არის ცალსახად მართლსაწინააღმდეგო, რადგან მან დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების კონკრეტული ნორმა. ამასთან, ლ. ხ.-ს ქმედება იყო ბრალეული, რაც გამოიხატა გაუფრთხილებლობის ფორმით. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულება. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესს და ადგენს დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას (ს.ფ. 70-72).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 81-84).

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 150-152).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 154-155).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს (ს.ფ. 210-215).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ლ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სასაქონლო ექსპერტიზის აქტის შესაბამისად, გამოკვლეული იქნა ავტომანქანა «ნისან პატრული» ძრავის ნომრით .... აღნიშნული ნომერი არ ემთხვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანის არც ძრავის და არც შასის ნომრებს, შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის დაცვით ვერ ადასტურებს, რომ ლ. ხ.-ს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით დაზიანდა სწორედ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტის აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს სასაქონლო ექსპერტიზის 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹ს-603 დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა «ნისან პატრულის» მაიდენტიფიცირებელ ნიშნებად მითითებულია: ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი _ ..., ძრავის ნომერი _ ..., ავტომანქანის გამოშვების თარიღი _ 1999 წელი. ამავე მონაცემების ავტომანქანა «ნისან პატრული» იმავე ძრავის ნომრით ..., საქმის ფურცელ 21-ზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹314/1505 ცნობით, 1999 წლის აგვისტოდან აღრიცხვაზეა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მტკიცებულების, ამ შემთხვევაში სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაფასებლად, მისი სრულად გამოკვლევის მიზნით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწვეულ იქნა ექსპერტი. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მის მიერ ექსპერტიზა ჩატარდა ავტომანქანაზე «ნისან პატრული», სახელმწიფო ნომრით ..., ტექნიკური პასპორტის ნომერი .... ექსპერტის განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარებისას წარედგინა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, საიდანაც გადაიტანა ექსპერტიზის დასკვნაში ავტომანქანის მონაცემები და ჩატარებული კვლევის შედეგად განსაზღვრა ზიანის ოდენობა.

აქედან გამომდინარე, საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მტკიცება მოსარჩელის არასათანადოობაზე დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (ს.ფ. 294-299).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გამოურკვევია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა თუ არა სათანადო მოსარჩელეს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზაზე შემოწმებული ავტომანქანა: «ნისან პატრული», რომლის ძრავის ნომერია ..., წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებას ან იმყოფება მის კანონიერ მფლობელობაში. აღნიშნული გარემოების გამორკვევის გარეშე კი შეუძლებელია სათანადო მოსარჩელეობის საკითხის დადგენა.

მართალია, საქმეში წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო სამმართველოს ცნობა, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა, რომლის ძრავის ნომერია ... ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ მსგავსი ცნობა ვერ ჩაითვლება ავტომანქანის კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტად, რამდენადაც ავტომანქანის კუთვნილების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი _ ხელშეკრულება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებულ ცნობაზე დამოწმებული წარწერა: «საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო» 2003 წლის ოქტომბრის მდგომარეობით არ გამოიყენებოდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

გარდა ამისა, უცხოური მარკის ავტომანქანების ტექპასპორტებში და შესაბამისად, იმ სარეგისტრაციო ჟურნალებში, რომლის მიხედვითაც თითქოსდა გაიცა აღნიშნული ცნობა, საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს ავტომანქანის ძრავის ნომერი. უცხოური ავტომანქანების ტექპასპორტებში მითითებულია მხოლოდ ავტომანქანის ძარის (შასის) და არა ძრავის ნომერი, რაც რეალობაში წარმოადგენს ავტომანქანის მაიდენტიფიცირებელ ერთადერთ ნიშანს. აღნიშნულ ფონზე კი საყურადღებოა შემდეგი გარემოებები:

საავტომობილო სამმართველოს ცნობაში (ს.ფ.21) და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში დაშვებულია ერთნაირი შეცდომები, კერძოდ, ორივე მათგანში ზუსტად ემთხვევა ძრავის ნომერი, მაგრამ ცნობაში არ წერია ტექპასპორტის ნომერი, მაშინ როდესაც იგი ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ექსპერტს დასკვნაში მოცემული ავტომანქანის მონაცემები აღნიშნული ცნობიდან არ გადაუწერია, არამედ მან ნამდვილად იხელმძღვანელა ტექნიკური პასპორტით. აღნიშნული, თავის მხრივ, ქმნის ეჭვის საფუძველს, ხომ არ იქნა ექსპერტისათვის ყალბი ტექპასპორტი წარდგენილი, რადგან არ შეიძლება არსებობდეს ორი ტექპასპორტი ერთიდაიგივე სარეგისტრაციო ნომრით ორ სხვადასხვა მანქანაზე, რამდენადაც დასკვნაში ნაჩვენები ტექპასპორტის ნომერი ... ზუსტად ემთხვევა სულ სხვა ავტომანქანის ტექპასპორტის ნომერს, რომლის ძრავის და შასის ნომერბი არსებითად განსხვავებულია ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტონამქანის ძრავის ნომრისაგან (ს.ფ. 130).

ზემოაღნიშნული წინააღმდეგობრივი გარემოებების გაქარწყლების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა სასამართლოში წარდგენილი დაზიანებული ან სასამართლო ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი კუთვნილების ან კანონიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელის პირდაპირი ვალდებულებაა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაბარებულმა ექსპერტმა სასამართლოს ვერ მისცა ვერანაირი განმარტება იმის დამადასტურებლად, რომ ავტოავარიაში დაზიანებული და ექსპერტიზაზე შესამოწმებლად წარდგენილი ავტომანქანები წარმოადგენედნენ ერთი და იგივეს, არადა სწორედ ამ გარემოების დასადასტურებლად იყო იგი დაბარებული. უფრო მეტიც, ექსპერტის განმარტებით, მას რეალურად არც კი შეუმოწმებია ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები (შასის ნომერი) და ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული მონაცემები მან გადმოიწერა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი ტექნიკური პასპორტიდან, რომლის ასლიც საქმეში არ მოიპოვება. ექსპერტის მიერ მიცემული მსგავსი განმარტება უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ეჭვქვეშ იქნეს დაყენებული მის მიერ გაცემული დასკვნა, რამეთუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ავტომანქანა შეამოწმა (ს.ფ. 306-310).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, საპელაციო სასამართლოს არა აქვს გამოკვლეული ყველა საკითხი აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებებია:

2003 წლის 3 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 126-ე კილომეტრზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, გორიდან ხაშურის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა «მერსედეს ბენცი», რომელსაც მართავდა ლ. ხ.-ა, შეეჯახა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა «ნისან პატრულს», სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა უ. დ.-ე;

«სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ» შიდა ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის 2003 წლის 24 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია ლ. ხ.-ს მიერ «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის 30-ე მუხლის 1 პუნქტში დადგენილი გასწრების წესების დარღვევამ, რომლის თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ უქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებას. ამავე დადგენილებაში მითითებულია, რომ გამოძიებით დადგენილ ვითარებაში «ნისან პატრულის» მძღოლ უ. დ.-ის მოქმედებაში «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა არ აღინიშნება, მას ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო (ს.ფ. 5-6).

ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომაში ბრალი მიუძღვის ლ. ხ.-ს.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში დაზიანდა როგორც ავტომანქანა «მერსედეს ბენცი», რომელსაც ლ. ხ.-ა მართავდა, ისე ავტომანქანა «ნისან პატრული», რომელსაც მართავდა მძღოლი უ. დ.-ე.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინაღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ლ. ხ.-ს უდავოდ ეკისრება ვალდებულება, აანაზღაუროს ავტოსაგზაო შემთხვევაში დაზიანებული ავტომანქანა «ნისან პატრულისათვის» მიყენებული ზიანი. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს რეალურად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უფლებამოსილი პირისათვის. მოცემულ საქმეზე ლ. ხ.-ა სადავოდ ხდის, რომ მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით დაზიანდა სწორედ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა, რომელზეც მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 29007.30 ლარს და რომ თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს.

სააპელაციო სასამართლომ სადავო გარემოებას პასუხი გასცა 2 არგუმენტით, რაც გასაჩივრებულ განჩინებაშია მოცემული: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს სასაქონლო ექსპერტიზის 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹ს-603 დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა «ნისან პატრულის» მაიდენტიფიცირებელ ნიშნებად მითითებულია: ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი _ ..., ძრავის ნომერი _ ..., ავტომანქანის გამოშვების თარიღი _ 1999 წელი. ამავე მონაცემების ავტომანქანა «ნისან პატრული» იმავე ძრავის ნომრით ..., ს.ფ. 21-ზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹314/1505 ცნობით, 1999 წლის აგვისტოდან აღრიცხვაზეა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე; 2. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხულმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას წარედგინა ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, საიდანაც გადაიტანა ექსპერტიზის დასკვნაში ავტომანქანის მონაცემები და განსაზღვრა ზიანის ოდენობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მოტივები არასაკმარისია აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ყველა საკითხის გამოკვლეულად მიჩნევისათვის და საქმეზე კვლავ არის კითხვები, რაც საჭიროებს პასუხის გაცემას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს სასაქონლო ექსპერტიზის 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹ს-603 დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა «ნისან პატრულის» მაიდენტიფიცირებელ ნიშნებად მითითებულია: ტექპასპორტი _ ..., ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი _ ..., ძრავის ნომერი _ ..., ავტომანქანის გამოშვების თარიღი _ 1999 წელი. ს.ფ.21-ზე არსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო სამმართველოს უფროსის ¹314/1505 ცნობაში ასევე მითითებულია, რომ ავტომანქანა «ნისან პატრული», გამოშვების წელი _ 1999, ძრავის ¹..., თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო სამმართველოში აღრიცხვაზე დგას 1999 წლის 10 აგვისტოდან, აღრიცხვაზე დაყენების დროს მისი ღირებულება შეადგენდა 27000 აშშ დოლარს, ხოლო მისი დღევანდელი ღირებულება შეადგენს 19875 აშშ დოლარს ამორტიზაციის გათვალისწინებით. ამდენად, აღნიშნულ ორ დოკუმენტში ადგილი აქვს ავტომანქანის მაიდენტიფიცირებელ ნიშანთა, კერძოდ, გამოშვების წლისა და ძრავის ნომრის თანხვედრას, რაც გასაგებიცაა, რამდენადაც სასაქონლო ექსპერტიზის 2003 წლის 22 ოქტომბრის დასკვნაში პირდაპირ მითითებულია, რომ ავტომანქანის ღირებულების დასადგენად ექსპერტმა იხელმძღვანელა სწორედ აღნიშნული ცნობით (ს.ფ. 20).

საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ზემოაღნიშნულ სასაქონლო ექსპერტიზის 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹ს-603 დასკვნას და თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო სამმართველოს უფროსის ¹314/1505 ცნობას, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები კი სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა. კერძოდ, ს.ფ.130-ზე მოთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2005 წლის 17 მაისის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ... ეკუთვნის ავტომანქანა «ნისან პატრულს», რომლის გამოშვების წელია 1999, ძრავის ნომერი _ ..., ხოლო შასის ნომერი _ .... როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში ... ტექპასპორტში მითითებული ავტომანქანის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ემთხვევა იმავე ნომრის ტექპასპორტში აღნიშნულს (ძრავის და შასის ნომერი), რომლითაც იხელმძღვანელა ექსპერტმა ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას და ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია ცალკეული მტკიცებულებები არასარწმუნოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს, სასამართლო რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რატომ არის წინააღმდეგობა ექსპერტის დასკვნას, ზემოაღნიშნულ ცნობასა და საქმის დანარჩენ მასალებში, რა მოსაზრებით გაიზიარა მხოლოდ ექსპერტის დასკვნა და მითითებული ცნობა, ხოლო საწინააღმდეგო მტკიცებულება გამორიცხა.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რით არის გამოწვეული ზემოაღნიშნული შეუსაბამობა, მათ შორის, თავად ... ტექპასპორტის შემოწმების გზით, რომლის ასლიც საქმეში არ მოიპოვება, მით უფრო, რომ აღნიშნული ტექპასპორტის წარმოდგენის შესახებ საქმეში არსებობს მოპასუხის შუამდგომლობა (ს.ფ. 128).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქმეში წარმოდგენილი «ნისან პატრულის» მარკის ავტომანქანების შეძენის დოკუმენტაციაში არ არის მითითებული «ნისან პატრული» იმ მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით, რომელიც ზემოაღნიშნულ ექსპერტის დასკვნასა და თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო სამმართველოს უფროსის ¹314/1505 ცნობაშია აღნიშნული. სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რის დასამტკიცებლად აქვს აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი. ასევე გასარკვევია, თავდაცვის სამინისტრო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს როგორც დაზიანებული ავტომანქანის მესაკუთრე, თუ როგორც მფლობელი.

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

მფლობელობა, ანუ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა მფლობელს აძლევს უფლებას, მის მფლობელობაში არსებული ნივთის დაზიანების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირად მიჩნევისათვის ამ შემთხვევაში საკმარისია მისი მფლობელობის ფაქტის დადგენა.

ამასთან დაკავშირებით საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, იმყოფებოდა თუ არა დაზიანებული ავტომანქანის ტექპასპორტი თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში, ასევე, რა კავშირი ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან უ. დ.-ს, რომელიც მართავდა ავტომანქანა «ნისან პატრულს». პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანას უ. დ.-ე მართავდა მართლზომიერად, ავტომანქანის მესაკუთრის მიერ გადაცემული უფლებამოსილებით, ხოლო ზიანი ავტომანქანის ავარიულობით მიადგა მის მესაკუთრეს _ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქმის მასალებში არ მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, არის თუ არა უ. დ.-ე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და რომ იგი ავტომანქანას მართავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული უფლებამოსილებით. ამასთან, აღნიშნული საკითხის გარკვევის საჭიროებას აპელანტი ლ. ხ.-ა აყენებდა სააპელაციო საჩივარშიც.

რაც შეეხება ექსპერტის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ განმარტებას, რომ მან დაზიანებული ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნიშნები გადმოიტანა იმ ტექპასპორტიდან, რაც წარუდგინეს, ხოლო ავტომანქანის ძარა უშუალოდ არ შეუმოწმებია, ექსპერტის ამ განმარტებამ წარმოშვა დამატებითი კითხვა, რომელსაც სააპელაციო სასამართლო პასუხს არ სცემს და რაზეც კასატორი მიუთითებს: შეამოწმა თუ არა ექსპერტმა სწორედ ის ავტომანქანა, რომელიც ლ. ხ.-მ დააზიანა.

სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ზემოაღნიშნული გარემოებები, ასევე, შეუძლია გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და შეამოწმოს ამ საქმეში ავტოავარიასთან და დაზიანებული ავტომანქანის შეფასებასთან დაკავშირებული ფაქტები, მხარეთა სათანადო შუამდგომლობების შემთხვევაში დაკითხოს მოწმეები, მათ შორის, უ. დ.-ე, რათა სარწმუნოდ გაირკვეს, თუ რომელი ავტომანქანა დაზიანდა, რა დაზიანებები ჰქონდა, ვის საკუთრებაში ან მფლობელობაში იყო, შეესაბამება თუ არა ამ ავტომანქანაზე მიყენებული ზარალი ექსპერტის მიერ დადგენილ ოდენობას, თუ დღეის მდგომარეობით ინახება დაზიანებული ავტომანქანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მოხდეს მისი დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში სხვა საპროცესო მოქმედებების განხორციელება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გარკვევასთან ერთად სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული მხარის მიერ თავისი წილი მტკიცების ტვირთის გაწევა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმისდა მიხედვით, თუ როგორ იქნება გაწეული თავდაცვის სამინისტროს ან ლ. ხ.-ს მიერ მათი წილი მტკიცების ტვირთი, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ხ.-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.