Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-720-904-06 27 ნოემბერი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),

მ. ცისკაძე

დავის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ვ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მ. ვ-ძის ბებია _ ტ. ვ-ძე იყო ეროვნებით გერმანელი. ქ.ტომსკში 1909 წელს გაცემული ¹28 სააქტო ჩანაწერით, ქ.ტომსკის არქივის 2005წ. 4 აპრილის ¹1011 ცნობითა და 1915 წელს გაცემული მეტრიკის წიგნიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ტ. ვ-ძის ქალიშვილობის გვარი იყო დ-რი, თუმცა განმცხადებლის ბებიის გარდაცვალების მოწმობაში აღნიშნულია მხოლოდ მეუღლის გვარი _ ვ-ძე. მ. ვ-ძემ მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ ტ. დ-რი და ტ. ვ-ძე ერთი და იგივე პიროვნებაა და იგი მ. ვ-ძის ბებიაა. განმცხადებელმა თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა გერმანიასა და ტომსკში დარჩენილი თავისი სისხლით ნათესავების მოძიებასა და მათთან ნათესაური ურთიერთობის დამყარებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ვ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი განმცხადებელს ჩაჰბარდა 2006წ. 29 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა 2006წ. 19 ივლისს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 ივლისის განჩინებით მ.ვ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა 2006წ. 29 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი მ.ვ-ძემ შეიტანა 2006წ. 19 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა დაარღვია, რაც, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ.ვ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ. ვ-ძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 20 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006წ. 29 ივნისს, ვინაიდან, ფაქტობრივად, აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი მხარემ მიიღო 2006წ. 6 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა ამავეწ. 19 ივლისს, ამდენად, აპელანტს კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ვ-ძის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მ.ვ-ძეს ჩაჰბარდა 2006წ. 29 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა 2006წ. 19 ივლისს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 ივლისის განჩინებით მ.ვ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი და 374-ე მუხლი, რომელთა თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც ზემოხსენებულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო მ.ვ-ძის კერძო საჩივარს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.