გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ვ-2251-ბ-31-06 28 ნოემბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თ. თოდრია,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 10 აპრილს მ. მ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატაში და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება.
საკასაციო პალატის 2003წ. 23 აპრილის განჩინებით კასატორს დაევალა 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2003წ. 12 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
2003წ.წ. 1 აგვისტოს განჩინებით განუხილველი დარჩა მ.მ-ძის საკასაციო საჩივარი დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2003წ. 3 სექტემბერს მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. კასატორმა საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მას საკასციო პალატის განჩინებები ხარვეზის შევსების შესახებ არ ჩაბარებია.
საკასაციო პალატის 2004წ. 19 თებერვლის განჩინებით მ.მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო პალატის 2003წ. 23 აპრილისა და 12 ივნისის განჩინებები განმცხადებელს გაეგზავნა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სასამართლოს უკან დაუბრუნდა. ვინაიდან მ.მ-ძეს არ უცნობებია მისამართის შეცვლის შესახებ, სასამართლო უფლებამოსილი იყო, რომ საჩივარი დაეტოვებინა განუხილველი ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გასვლის შემდეგ.
2005წ. 9 აგვისტოს მ.მ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2004წ. 19 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელმა თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში, განჩინება ემყარება ყალბ დოკუმენტებს, კერძოდ, საქმეში არსებული კონვერტები, აღნიშვნით «ადრესატი არ იმყოფება, ბინა დაკეტილია», ყალბია, რადგან იმ პერიოდში ბინა დაკეტილი არ ყოფილა, იქ იმყოფებოდა მისი მეუღლე. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ მას მისამართი არასოდეს შეუცვლია, უბრალოდ დროებით იმყოფებოდა თბილისში და თავისი დროებითი ადგილსამყოფელის შესახებ აცნობა სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალებიბ განცხადების სამართლებრივი საფუძვლები, მისი დასაბუთებულობა და მიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის მიერ განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებმაც ერთხელ უკვე განიხილეს მისი საკასაციო საჩივარი იმავე საქმეზე.
სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში ადუშვებელია, თუ არსებოს სსკ-ის 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე, თუ მოსამართლე არ იყო დანიშნული კანონის შესაბამისად ან გასული იყო მისი უფლებამოსილების ვადა.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მხარის საკასაციო საჩივარი და განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილა ერთმა და იმავე შემადგენლობამ, არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების ბათილობის საფუძველს, გამომდინარე იქიდან, რომ სსკ-ის 29-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლის მიერ საქმის განხილვაში განმეორებით მონაწილეობის ქვეშ იგულისხმება საქმის სხვადასხვა ინსტანციაში განხილვისას ერთსა და იმავე მოსამართლის მონაწილეობა და არა საკასაციო სასამართლოს ერთი შემადგენლობის მიერ საქმის რამდენჯერმე განხილვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს არც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამოს აქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელი უთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება ემყარება ყალბ დოკუმენტებს.
სსკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დოკუმენტის სიყალბე დადასტურებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით. განმცხადებელს ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ მხარის მითითება დოკუმენტის სიყალბის შესახებ კი ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
რაც შეეხება საქმის წარმოების განახლების სხვა საფუძვლებს, საკასაციო პალატამ აღნიშნულის თაობაზე წინა განჩინებაში უკვე იმსჯელა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 422-ე მუხლით, 423-ე მუხლის მე-2 ნაწალით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტერბის საქმეთა საკასაციო პალატის 2004წ. 19 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.