საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№601აპ-20 ქ. თბილისი
ბ-ი შ-ა, 601აპ-20 21 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით შ. ბ-ი, – - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან; შ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2019 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 26 თებერვლის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ბ-მა ჩაიდინა ავტომანქანის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, თ-ის საავტომობილო გზის -ე კილომეტრზე, თ-ის მიმართულებით „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილით (სახ. №--) მოძრავმა შ. ბ-მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა და უკნიდან შეეჯახა თ-ის მიმართულებით სავალი გზის გვერდულზე გაჩერებულ, დ. კ-ის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს (სახ. № --). ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მგზავრი დ. კ-ე, ხოლო მძღოლმა გ. კ-მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და შ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად არ არის დადასტურებული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შ. ბ-ის ავტომობილის საჭესთან ჯდომის ფაქტი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. კასატორის არგუმენტი, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომანქანას, შესაძლოა, მართავდა არა შ. ბ-ი, არამედ სხვა პირი (ვინმე „გ.“), რომლის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელთა საფუძველზეც გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
9. ამასთანავე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი