გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ა-3388-ბ-43-05 23 თებერვალი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი),
თ. თოდრია
დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. კ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ა-შვილის, მ. ნ-ავას, ჟ. წ-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა საერთო საქმიანობაში (ბაზრის მშენებლობაში) ჩადებული თანხის _ 1090000 რუბლის _ დაბრუნება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით ა. კ-შვილის სარჩელი ნ. ა-შვილისა და მ. ნ-ავას მიმართ ვალის დაბრუნების შესახებ, დაკმაყოფილდა. ნ. ა-შვილს ა. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1090000 რუბლის გადახდა ინფლაციის გათვალისწინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სრული სამეურნეო ამხანაგობა «ნიას» დირექტორმა ნ. ა-შვილმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, უნდა აგოს პასუხი მის მიერ აღებულ ფულად ვალდებულებაზე, რადგან ა. კ-შვილისაგან სადავო თანხაამხანაგობის წევრებთან შეთანხმების გარეშე მიიღო.
სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნა ჟ. წ-ძის მიმართ არ განუხილვას.
ნ. ა-შვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ ნ. ა-შვილს ა. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 790000 რუბლის გადახდა ეროვნულ ვალუტაში გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსით. სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ა-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ა. კ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მოითხოვა, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ საქმე განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ, კერძოდ, მოპასუხე ჟ. წ-ძე არის მოსამართლე მ. წ-ძის ახლო ნათესავი, რაც სსკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ასევე, გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მიერ არაერთხელ იქნა განხილული აღნიშნული სამოქალაქო საქმე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა ა. კ-შვილის განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ რაიონულ სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნა ჟ. წ-ძის მიმართ არ განუხილავს.
საკასაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მხარეებს განუმარტა, რომ, მართალია, თავდაპირველად ა. კ-შვილმა სარჩელი აღძრა როგორც ამხანაგობა «ნიას», ისე, ჟ. წ-ძის მიმართ, მაგრამ სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს მან სადავო თანხა ნ. ა-შვილისა და მ. ნ-ავასაგან მოითხოვა. აღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლომ ჟ. წ-ძის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ განიხილა და არც საკასაციო სასამართლო განიხილავს,რადგან სსკ-ის მე-3 მუხლით მხარეები, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მიუთითოს მოპასუხე(მოპასუხეები), ე.ი. იგი თვითონ განსაზღვრავს ვინ უნდა აგოს პასუხი სარჩელზე. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. კ-შვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს სარჩელისდაკმაყოფილება მოითხოვა ნ. ა-შვილისა და მ. ნ-ავასაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ დავაშიჟ. წ-ძის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ ყოფილა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ მიუღია გადაწყვეტილება ჟ. წ-ძის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, ვინაიდან იგი მოცემულ სამოქალაქო დავაში, როგორც მხარე, მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული არ ყოფილა და მის მიმართ მოსარჩელეს რაიმე მოთხოვნა არ გააჩნია.
გარდა ამისა, ჟ. წ-ძე მონაწილეც, რომ ყოფილიყო მოცემული სამოქალაქო დავის განხილვაში, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მხარეს რაიმე დამამტკიცებელი გარემოება, რომ მოსამართლე მურმან წ-ძე წარმოადგენს ჟ. წ-ძის ახლო ნათესავს არ წარმოუდგენია. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის 29-32-ე მუხლებით გათვალისწინებული მოსამართლის აცილებისა და საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძველი. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთსა და იმავე ინსტანციის სასამართლოში,მათ შორის საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის შესაძლებლობის აკრძალვას.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მხოლოდ სსკ-ის 422-ე მუხლში გათვალისწინებულ შემთხვევებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. კ-შვილის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ვერ გახდება საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. კ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.