Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-39-486-06 8 სექტემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

თ. თოდრია

სარჩელის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 21 ნოემბერს ა. შ-ავამ ნოტარიუსთან გააფორმა მინდობილობა, რომლითაც ნ. მ-შვილს მიანიჭა მის საკუთრებაში არსებული ბინის მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება. მინდობილობა ხელმოწერილია მხოლოდ მინდობილობის გამცემი პირის _ ა. შ-ავას მიერ. მინდობილობის მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით 2004წ. 21 ნოემბრამდე. ა. შ-ავა გარდაიცვალა 2004წ. 6 მაისს. ა. შ-ავას გარდაცვალების შემდეგ, 2004წ. 31 მაისს, ნ. მ-შვილმა ა. შ-ავას დანაშთი ქონება _ ბინა გაასხვისა თავის შვილზე _ ჯ. ვ-ძეზე.

2004წ. 4 ოქტომბერს ვ. ხ-იამ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ნ. მ-შვილისა და ნოტარიუს მ. კ-ძის მიმართ და, როგორც გარდაცვლილის ერთადერთმა მემკვიდრემ, სკ-ის 109-ე მუხლის «დ» პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც‚ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით, მოითხოვა ა. შ-ავას ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ ნ. მ-შვილს არ შეეძლო გაეყიდა ბინა, ვინაიდან მას შეუწყდა უფლებამოსილება.

მოპასუხე ნ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას და ა. შ-ავას შორის დადებული მინდობილობა ძალაში იყო 2004წ. 21 ნოემბრამდე. მართალია, აღნიშნული ბინა გაყიდა მისი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მინდობილობის ვადის გასვლამდე, სანოტარო ბიუროს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით. მოპასუხის განმარტებით, შ-ავამ სიცოცხლეშივე განკარგა საკუთრება თავისი შეხედულებისამებრ და, შესაბამისად მას კანონით მინიჭებულ უფლებას ვერც ერთი რიგის მემკვიდრე ვერ წაართმევს.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. ხ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა _ ნ. მ-შვილსა და ჯ. ვ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი როგორც უკანონო, ხოლო სარჩელს სადავო ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების ნაწილში უარი ეთქვა დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. მ-შვილმა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა მას და აწ გარდაცვლილ ა. შ-ავას შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიიჩნია 2003წ. 21 ნოემბრის მინდობილობა ცალმხრივ გარიგებად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად ვერ იქნება გამოყენებული სკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან ამ ნორმით მოწესრიგებულია დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები და მისი გამოყენება გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო აქტს ორივე მხარე მოაწერდა ხელს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო სანოტარო აქტით ა. შ-ავამ ნება გამოხატა ცალმხრივად და მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლება გადასცა ნ. მ-შვილს, ანუ ცალმხრივი გარიგებით მან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ნ. მ-შვილს. წარმოდგენილი მინდობილობით მხარეები არ იყვნენ შეთანხმებული, რომ ა. შ-ავას გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელებულიყო წარმომადგენლის უფლებამოსილება, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. შ-ავას გარდაცვალების შემდეგ ნ. მ-შვილის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება ბათილია. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 109-ე მუხლის «დ” პუნქტი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. მ-შვილმა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა და არ გამოიყენა სკ-ის 721-ე მუხლი. არასწორად ჩათვალა, რომ დავალებისათვის აუცილებელია ორმხრივი ხელშეკრულება, რადგან, როგორც კასატორი აღნიშნავს, სსკ-ის 721-ე მუხლის საფუძველზე დავალების საფუძველი მინდობილობაც შეიძლება იყოს. საჩივრის ავტორის აზრით, სპეციალური ნორმის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ არ გააიგივა მინდობილობა დავალებასთან და არ შეეხო სსკ-ის 103-ე მუხლს, რის გამოც ნ. მ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2003წ. 21 ნოემბერს ა. შ-ავამ ნოტარიუსთან გააფორმა მინდობილობა, რომლითაც ნ. მ-შვილს მიანიჭა მის საკუთრებაში არსებული ბინის მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება. მინდობილობა ხელმოწერილია მხოლოდ მინდობილობის გამცემი პირის _ ა. შ-ავას მიერ. მინდობილობის მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით, 2004წ. 21 ნოემბრამდე. ა. შ-ავა გარდაიცვალა 2004წ. 6 მაისს. ა. შ-ავას გარდაცვალების შემდეგ, 2004წ. 31 მაისს, ნ. მ-შვილმა ა. შ-ავას კუთვნილი ბინა გაასხვისა თავის შვილზე _ ჯ. ვ-ძეზე.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ ხდის სადავოდ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს.

სკ-ის 107-ე მუხლის I ნაწილის თანახმად‚ უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.

უფლებამოსილებით გამოხატულია უფლებამოსილების მიმცემის ნება, რომ ერთ პირს მეორის წინაშე აძლევს წარმომადგენლობით ძალაუფლებას. უფლებამოსილებით მყარდება უფლებამოსილების ურთიერთობა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებას‚ წარმოადგინოს მარწმუნებელი. დავალების ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას წარმომადგენელსა და წარმოდგენილს შორის, მინდობილობა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველყოფად წარმოდგენილსა და მესამე პირს შორის, ანუ მინდობილობის ადრესატია მესამე პირი და ემსახურება მის წინაშე წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურებას.

რაც შეეხება დავალების ხელშეკრულებას, იგი გათვალისწინებულია 709-ე მუხლით. დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობებში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე. ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ამდენად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება და დავალების ხელშეკრულების დადება – ეს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალურთიერთობაა. დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ცალკეული მოქმედების შესასრულებლად შეიძლება გაიცეს მინდობილობა. შეიძლება არ დაიდოს დავალების ხელშეკრულება და გაიცეს მინდობილობა, ან პირიქით _ დაიდოს დავალების ხელშეკრულება და არ გაიცეს მინდობილობა. ამდენად, მინდობილობას შეიძლება საფუძვლად დაედოს დავალების ხელშეკურლება და შეიძლება არ დაედოს.

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაცემის, მისი მოცულობის, ხანგრძლივობისა და შეწყვეტის მომწესრიგებელი ნორმები და დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები გამიჯნულია და განმტკიცებულია სკ-ის სხვადასხვა ნორმებით. შესაბამისად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტისა (სკ-ის 109-ე მუხ.) და დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის (სკ-ის 720-721-ე მუხ.) საფუძვლები სკ-ის სხვადასხვა ნორმებით რეგულირდება.

სკ-ის 109-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით ან მისი ქმედუუნარობის დადგომით, თუკი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 109-ე მუხლის პრინციპია, რომ გარდაცვალება იწვევს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტას, თუმცა ამავე მუხლის «დ‚‚ პუნქტით, თუ მას საფუძვლად დავალება (შეთანხმება) უდევს, მაშინ დამოკიდებულია დავალების ხელშეკრულების ბედზე. დავალების ხელშეკრულების ნორმებში კი პრინციპი განსხვავებულია.

სკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების გამო, თუკი სხვა რამ არ არის შეთანხმებული. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, რომ დავალების მიმცემის გარდაცვალება, სხვა შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, ავტომატურად არ იწვევს დავალების ხელშეკრულების მოშლას, რასაც მივყავართ იქამდე, რომ არც მინდობილობა უქმდება. მხოლოდ დავალების მიმცემის პიროვნებაში მოხდება ცვლა. გარდაცვლილი დავალების მიმცემს ენაცვლება მისი მემკვიდრე, რომელსაც შეუძლია ხელშეკრულების მოშლა, რაც უნდა აცნობოს რწმუნებულს. ვიდრე რწმუნებულს არ ეცნობება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, იქამდე ხელშეკრულება რწმუნებულისითვის გაგრძელებულად ჩაითვლება (სკ-ის 721-ე მუხლის მე-3 ნაწილი). 721-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დავალების ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების გამო, ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების აღსრულების დაყოვნება მემკვიდრეს ზიანის მიყენების საფრთხეს უქმნის, მემკვიდრე კი არ იღებს აუცილებელ ზომებს. ამდენად, აღნიშნული ნორმა უზრუნველყოფს მემკვიდრეთა დაცვას ზიანის მიყენების საფრთხისაგან და მარწმუნებლის გარდაცვალების შემდეგ რწმუნებულის მიერ დავალებული მოქმედების განხორციელებისას არ უნდა შეილახოს მემკვიდრეთა უფლებები.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ა. შ-ავამ მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ნ. მ-შვილს. მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ე.ი. მინდობილობას საფუძვლად არ უდევს შეთანხმება. ამდენად, რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის გარდაცვალების შემდგომ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან, იგი არღვევს კანონით დადგენილ წესს (სკ-ის 54-ე მუხ.), ნ. მ-შვილის სახელზე გაცემული უფლებამოსილება გაქარწყლებული იყო 109-ემუხლის «დ‚‚ პუნქტით. გარდაცვლილის სახელით გარიგების დადება დაუშვებელი იყო, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება.

კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მინდობილობა იგივე დავალების ხელშეკრულებაა და სასამართლოს ხელშეკრულება 721-ე მუხლის საფუძველზე გაგრძელებულად უნდა ჩაეთვალა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტით ა. შ-ავამ ნ. მ-შვილს მიანიჭა ბინის განკარგვის უფლებამოსილება. დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ ა. შ-ავა. ეს დოკუმენტი არ არეგულირებს ურთიერთობას წარმომადგენელსა და წარმოდგენილს შორის და მიმართულია უზრუნველყოს სამართლებრივი ურთიერთობა წარმოდგენილსა და მესამე პირს შორის. სადავო დოკუმენტი სწორედ ამ მიზნით იქნა გამოყენებული. ამ მინდობილობით ნ. მ-შვილმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას დაადასტურა წარმომადგენლის ნება მესამე პირთან (თავის შვილთან) ბინის განკარგვის თაობაზე. მოპასუხემ მასა და ა.შ-ავას შორის რაიმე შეთანხმების არსებობა ვერ დაადასტურა. ამასთან, დავალების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაშიც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან, ა.შ-ავას გარდაცვალების შემდეგ, სკ-ის 1319-1320-ე მუხლების შესაბამისად, გაიხსნა სამკვიდრო, შესაბამისად, წარმოიშვა მემკვიდრეობითი ურთიერთობა. მემკვიდრეებს წარმოეშვათ სამკვიდროს მიღების უფლება ექვსი თვის განმავლობაში და ამ ვადაში სამკვიდროს განკარგვა დაუშვებელია. მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად სამკვიდროს გახსნის დღიდან (სკ-ის 1424-ე, 1427-ე, 1433-ე მუხ.). შესაბამისად, გარდაცვლილი დავალების მიმცემს ენაცვლება მისი მემკვიდრე და რწმუნებული ვალდებული იყო ეცნობებინა მემკვიდრისათვის დავალების ხელშეკრულების არსებობის შესახებ და მიეღო ზომები მისი ინტერესების დასაცავად. თუ სხვა რამ არ იყო შეთანხმებული და მემკვიდრე არ მოშლიდა ხელშეკრულებას, მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდაA ხელშეკრულება გაგრძელებულად. მოცემულ შემთხვევაში, მემკვიდრისათვის ცნობილი არ იყო მინდობილობის არსებობის შესახებ, არც ნ. მ-შვილმა აცნობა მას და მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, მალულად, გაასხვისა სამკვიდრო. ამდენად, ამ მინდობილობის დავალების ხელშეკრულებად მიჩნევის შემთხვევაშიც, რწმუნებულმა არ დაიცვა 721-ე მუხლის მოთხოვნები და შელახა მემკვიდრის უფლებები, შესაბამისად, ხელშეკრულება გაგრძელებულად ვერ ჩაითვლებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 6 ოქტომბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.