Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1179-1123-05 7 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ბოლნისის რაიონის თ. პროფესიული კავშირების გაერთიანების რეგისტრაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. და ს. მ. მ. პ. ც.მა ს-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ბოლნისის რაიონის თ. პ. კავშირების გაერთიანების წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება. მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ სს „მ-სა“ და მ. და ს. მ. მ. პ. ც. ს-ს შორის 2002წ. ივლისში გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება, მაგრამ 2003წ. ივლისში სს „მ-მა“ დაარღვია კოლექტიური ხელშეკრულების შეთანხმების მოთხოვნები, რაც განპირობებული იყო ბოლნისის რაიონის პ. კავშირების გაერთიანების დაფუძნებით, სადაც მოპასუხის მიერ გაწევრიანებული იქნა ს- პროფკავშირების გაერთიანებაში შემავალი სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირების პირველადი ორგანიზაციის წევრები და რაიონში მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი, რითაც დაირღვა კონსტიტუციის და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით მ. და ს. მ. მ. პ. ც. ს-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. და ს. მ. მ. პ. ც. ს-მ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. და ს. მ. მ. პ. ც. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ბოლნისის რაიონის თ. პ. კავშირების გაერთიანების რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ კავშირი რეგისტრირებული იქნა კანონდარღვევით, რითაც დაირღვა მოსარჩელის უფლებები. ბოლნისის რაიონის თ. პ. კავშირების გაერთიანებამ სს „მ-თან“ გააფორმა კოლექტიური ხელშეკრულება. აღნიშნულით კი დაშლის პირას იქნა მიყვანილი ს- მ. და ს. მ. მუშაკთა პ. სს „მ-ის“ პროფკომიტეტი, რომელიც მის პირველად ორგანიზაციად ირიცხება სააქციო საზოგადოება „მ-ში“.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონის თ. პ. კავშირების გაერთიანება დარეგისტრირდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 2003წ. 24 მარტს სკ-ის 31-33-ე მუხლების და სსკ-ის 342-348-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს იურიდიულად დაინტერესებულმა პირმა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბოლნისის რაიონის თ. პ. კ. გაერთიანების რეგისტრაციით მოსარჩელის უფლებები არ ირღვევა, ვინაიდან „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის თანახმად, პ. კავშირები არის პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ბოლნისის რაიონის თ. პ. კავშირების გაერთიანების რეგისტრაციის არსებობა არ არღვევს მ. და ს. მ. მ. პ. ც. ს-ს კანონით დაცულ ინტერესებს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბოლნისის რაიონის თ. პ. კავშირების გაერთიანებასა და სს „მ-ს“ შორის 2003წ. 3 ივლისს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელე და მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით დაშლის პირას იქნა მიყვანილი მ. და ს. მ. მუშაკთა პ. სს „მ-ის“ პროფკომიტეტი, ბათილად არის ცნობილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონის თ. პ. კავშირების გაერთიანების რეგისტრაციით არ ირღვევა მოსარჩელის უფლებები და ამიტომ სარჩელს უთხრა უარი.

მ. და ს. მ. მ. პროფკავშირების ც. ს-ს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაარღვია და ამჟამადაც არღვევს მათ უფლებებს. სასამართლომ არ გაარკვია პროფესიული კავშირის მნიშვნელობა „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის 1 პუნქტისა და მე-3 მუხლის 1 პუნქტის თანახმად და პროფესიული კავშირების გაერთიანების მნიშვნელობა ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ბოლნისის პროფკავშირების გაერთიანება ისე შეიქმნა, რომ მას ამ დროისათვის არ ჰყოლია არც პროფესიული კავშირები, ანუ იურიდიული პირის სტატუსის მქონე, სასამართლოში რეგისტრირებული წესდების მქონე სუბიექტები და არც საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში პროფესიული კავშირების პირველადი ორგანიზაციები. „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის 1 მუხლის 1 და 2 პუნქტები ადგენენ და აწესრიგებენ პროფესიული კავშირებისა და პროფესიული კავშირების გაერთიანებების შექმნისა და მათი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის სამართლებრივ საფუძვლებს.

კასატორის მოსაზრებით, ბოლნისის პროფგაერთიანების შემთხვევაში, გაერთიანების შექმნამდე, „პროფესიული კავშირების შესახებ კანონის“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პირველ რიგში უნდა დაფუძნებულიყო სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული კავშირები, სულ ცოტა 100-100 პირის ინიციატივით. სხვადასხვა პროფესიული კავშირების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოებიდან (ყრილობებიდან) დელეგირებული წარმომადგენლების \დელეგატების\ გაერთიანების შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო ბოლნისის პროფესიული კავშირების გაერთიანება. ბოლნისის ე.წ. პროფგაერთიანების სინამდვილეში კი ასეთი რამ არ მომხდარა და პროფგაერთიანება არ ჩამოყალიბდა პროფესიული კავშირების გაერთიანების შედეგად. სასამართლომ ის ვერ გაითვალისწინა, რომ „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონით, ფიზიკურ პირთა პროფგაერთიანებაში გაწევრიანება დაუშვებელია.

ბოლნისის პროფგაერთიანებას რეგისტრაციის უკანონობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მისი წესდება წინააღმდეგობაში იყო „პროფესიული კავშირების შესახებ» კანონთან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კავშირის რეგისტრაციის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს იურიდიულად დაინტერესებულმა პირმა, ხოლო ბოლნისის რაიონის თ. პ. კავშირების გაერთიანების რეგისტრაციის არსებობა არ არღვევს მ. და ს. მ. მ. პ. ც. ს-ს კანონით დაცულ ინტერესებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბათილად არის ცნობილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ის ხელშეკრულება, რომლითაც შეილახა მოსარჩელის უფლება. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მსჯელობა საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია, რადგან სასამართლომ არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მხარეთა ძირითადი საქმიანობის საგანი, «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის თანახმად, ერთიდაიგივე შინაარსისაა, მოსარჩელეს თავისი საქმიანობის განხორციელება გამიზნული აქვს ბოლნისის რაიონის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. სააპელაციო პალატამ ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონის თ. პროფესიული კავშირების გაერთიანება დარეგისტრირდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 2003წ. 24 მარტს სკ-ის 31-33-ე მუხლების და სსკ-ის 342-348-ე მუხლების შესაბამისად, მაგრამ არანაირი შეფასება არ მისცა მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ორგანიზაციის რეგისტრაციისას დაირღვა „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის მოთხოვნები, კერძოდ, ბოლნისის პროფკავშირების გაერთიანება ისე შეიქმნა, რომ მას ამ დროისათვის არ ჰყოლია არც პროფესიული კავშირები, ანუ იურიდიული პირის სტატუსის მქონე, სასამართლოში რეგისტრირებული წესდების მქონე სუბიექტები და არც საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში პროფესიული კავშირების პირველადი ორგანიზაციები.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის მესამე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონული, საქალაქო, რეგიონული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანებაა (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებსა და/ან პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს შესაბამისად საწარმოს, დაწესებულების ორგანიზაციის, რაიონის, ქალაქის, რეგიონის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. მ. და ს. მ. მ. პ. ც. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.