გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ა-47-აღ-1-06 16 იანვარი 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი
საკასაციო სასამართლომ განიხილა დ. გ-იას, ფ. ა-იას, მ. კ-ასა და თ. თ-შვილის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შემოტანამდე განცხადების უზრუნველყოფის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის სარჩელი დ. გ-იას, ფ. ა-იასა და სხვათა გამოსახლების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის განჩინება.
2006წ. 10 იანვარს დ. გ-იამ, ფ. ა-იამ, თ. თ-შვილმა და მ. კ-ამ განცხადებით მიმართეს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნეს, რომ აპირებენ მტკიცებულებების შეგროვებას და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შემოტანას. საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების შემოტანამდე მათ მოითხოვეს, განცხადების უზრუნველყოფის მიზნით, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება. სამართლებრივ საფუძვლად განმცხადებლები მიუთითებენ სსსკ-ის 191-194 მუხლებზე, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე.
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 192-ე მუხლის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. სსსკ-ის 198-ე მუხლი შეიცავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახეებს. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი სახე არის სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება, როცა ამ საბუთს ედავება მოვალე სასამართლო წესით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული ნორმები ვერ გახდება განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან აწესრიგებენ სარჩელის ან სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფას და არა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შემოტანამდე განცხადების უზრუნველყოფას.
განმცხადებლები ვერ მიუთითებენ კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს აღსრულების შეჩერებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. გ-იას, ფ. ა-იას, მ. კ-ასა და თ. თ-შვილის განცხადება საქმის განახლების შესახებ განცხადების შემოტანამდე, განცხადების უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება