გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1220-1454-05 16 იანვარი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 2 თებერვალს გ. ა-შვილმა განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ 2003წ. 28 იანვარს ლ. მ-ძეს სესხის სახით გადასცა 17040 აშშ დოლარი 6 თვის ვადით ყოველთვიურად, სესხის ძირითად თანხაზე 2%-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მათ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ... ¹12-ში. გ. ა-შვილის განმარტებით, მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა, ლ. მ-ძე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ა-შვილმა მოითხოვა, მოპასუხე ლ. მ-ძეს დაკისრებოდა ძირითადი თანხა _ 17040 აშშ დოლარი და ყოველთვიური 2%, სულ _ 21470 აშშ დოლარი.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 თებერვლის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა გ. ა-შვილის განცხადება და ლ. მ-ძეს დაეკისრა 21470 აშშ დოლარის გადახდა გ. ა-შვილის სასარგებლოდ.
2004წ. 12 მარტს ლ. მ-ძემ შესაგებლით მიმართა სასამართლოს, რის შემდეგაც, საქმე განხილულ იქნა საერთო სასარჩელო წესით. მოსარჩელე გ. ა-შვილის წარმომადგენელმა ზ. ლ-შვილმა სარჩელს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოპასუხე ლ. მ-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარიგება დადებული იყო არა მას და გ. ა-შვილს შორის, არამედ მის ნათესავსა და მოსარჩელეს შორის 12 000 აშშ დოლარზე.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ა-შვილის სარჩელი დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით ლ. მ-ძის მიერ, რომლითაც აპელანტმა მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. აპელანტის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სააპელაციო პალატის მიერ 2004წ. 12 ნოემბერს დანიშნულ იქნა საქმის ზეპირი განხილვა, რომელზეც გამოცხადდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე, რომელმაც საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის თანახმად იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 387-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით და არ დააკმაყოფილა ლ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო, უცვლელად დატოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ლ. მ-ძის მიერ, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება, რადგან მისი განმარტებით, 2004წ. 19 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით იყო ავად და გადიოდა ამბულატორული მკურნალობის კურსს, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინებით მიიღო განსახილველად ლ. მ-ძის საჩივარი საოლქო სასამართლოს 2004წ. 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და წარმოების განახლების შესახებ. აღნიშნული საქმე უნდა განხილულიყო 2005წ. 24 მარტის სხდომაზე. აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ გ. ა-შვილი. არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი ლ. მ-ძე. გამოცხადებულმა მხარემ იშუამდგომლა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა, ვინაიდან მხარეს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაგზავნილი ჰქონდა უწყება სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ასევე, გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსათვის უცნობი იყო.
სააპელაციო პალატამ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა ლ. მ-ძის საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით ლ. მ-ძის მიერ, იმ საფუძვლით, რომ სხდომის დღეს იგი დილიდანვე თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა სასწრაფო დახმარებისათვის. მათ გაუწიეს ლ. მ-ძეს სათანადო დახმარება და დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი, რის გამოც იგი ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 18 აპრილს გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრის ავტორის ლ. მ-ძის გამოუცხადებლობის გამო. ლ. მ-ძე აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ სხდომის დღეს იმყოფებოდა ავად, რის გამოც არ ჰქონდა საშუალება გამოცხადებულიყო სასამართლოს სხდომაზე. აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ლ. მ-ძე რამდენჯერმე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე. როგორც საქმეში წარმოდგენილი ცნობებიდან ირკვევა, აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ჰიპერტონული კრიზი, რომელიც უფიქსირდება მას. ასეთ შემთხვევაში მას შეეძლო გამოეყენებინა სსკ-ის 93-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და საქმე ეწარმოებინა სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ლ. მ-ძემ კი აღნიშნული უფლებამოსილება არ გამოიყენა, რასაც შედეგად მოჰყვა არაერთხელ სხდომის გადადება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და საბოლოო ჯამში პროცესის უსაფუძვლო გაჭიანურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ლ. მ-ძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ უნდა იქნეს არასაპატიოდ.
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. პალატა მიიჩნევს, რომ მხარის სისტემატური გამოუცხადებლობა სხდომებზე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიოდ. მითუმეტეს რომ არსებობს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საშუალებანი, რომლითაც შეიძლება თავიდან აცილებულ იქნეს მსგავსი შემთხვევები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტიოლება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება