ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-997-1198-04 16 იანვარი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ძის, ფ. მ-შვილისა და გ. ცხოვრებოვას მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1991 წელს, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ჯ.ბ-ძე მარტოხელა ბებიასთან _ ნ. თ-ვასთან ერთად ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ .... 1993 წელს მათ შეიფარეს ქ.ცხინვალიდან ლტოლვილი ა. მ-ძე თავის ორ შვილთან ერთად იმ პირობით, რომ მოპასუხეები დაკავებულ ოთახებს მესაკუთრეთა საჭიროების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ. 2000 წელს ჯ.ბ-ძე დაქორწინდა და ბინა დაჭირდა პირადი სარგებლობისათვის. 2001წ. 20 მარტს ქ.ცხინვალის სანოტარო ბიუროში, ხოლო ამავეწ. 14 ივნისს გორის ნოტარიუსში გაფორმებული ხელშეკრულებით ნ.თ-ვამ ზემოხსენებული სახლი აჩუქა ჯ.ბ-ძეს. მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი ბინიდან მოპასუხეთა გამოსახლება.
ა. მ-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ბ-ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ბინების გაცვლის შესახებ გარიგების დადასტურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით: 1991 წელს დაწყებული კონფლიქტის გამო ოჯახთან ერთად იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქ.ცხინვალში, მოსკოვის ქ.¹28-ში მდებარე ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი. ა.მ-ძე შეუთანხმდა ჯ.ბ-ძის ბიძას, ნ.თ-ვას შვილს _ მიტო ბ-ევს და ზემოხსენებული ბინა დროებით გაუცვალა გორის რაიონის სოფელ ... მდებარე სადავო სახლზე, თუმცა აღნიშნული გარიგება წერილობით არ გაფორმებულა. მოგვიანებით მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი ბინა გაურკვეველ ვითარებაში განადგურდა, თუმცა მ. ბ-ევს აღნიშნულის მიზეზი მისთვის არ უცნობებია. ა.მ-ძის მოსაზრებით, 2001წ. 20 მარტის ნაჩუქრობა გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დაუცველად, ქ.ცხინვალის სანოტარო ბიუროში, იმის მიუხედავად, რომ ჩუქების საგანი მდებარეობდა გორის რაიონში.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხეები სადავო ფართიდან გამოსახლდნენ, რაც ა.მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული განჩინება დარჩა ძალაში იმ დამატებით, რომ ა.მ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტიელბა დარჩა უცვლელი.
ა. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ზ.მ-ძის შეგებებული სარჩელი პირველი ინსტანციის წესით განიხილა არაგანსჯადმა სააპელაციო სასამართლომ, რითაც მხარის ინტერესები მნიშვნელოვნად დაირღვა, მას არ მიეცა მთელი რიგი მტკიცებულებების წარდგენის საშუალება, რომელთა საფუძველზე საქმეზე გამოტანილი იქნებოდა მისი სასარგებლო გადაწყვეტილება. ცხინვალის საემიგრაციო და ნაციონალური კომიტეტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ნ. თ-ვა დევნილია და იმყოფება აღრიცხვაზე ქ.ცხინვალში, ხოლო ქურთის საკრებულოს ¹286 ცნობის მიხედვით, სოფ. ... მცხოვრები ჯ. ბ-ძის ოჯახი ეკონომიურად გაჭირვებულია, ჰყავს მოხუცი ავადმყოფი ბებია ნ. თ-ვა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. მითითებული ცნობები შინაარსით ერთმანეთის საწინააღმდეგოა. ქურთის თემის საკრებულოს ცნობით ირკვევა, რომ ჯ. ბ-ძე, 1996წ. 11 ივლისის ¹12 ოქმის თანახმად, ცალკე ოჯახად გამოეყო, ხოლო ჯ.ბ-ძის სარჩელის მიხედვით, მან ნ.თ-ვასთან ერთად ცხოვრებისას 1993 წელს შეიფარა მოპასუხეები, რაც რეალობას არ შეესაბამება. 2003წ. 15 მაისის ქურთის საკრებულოს ცნობით, 1996 წლამდე ჯ.ბ-ძე დასთან ერთად ცალკე კომლად არ ირიცხებოდა, მასთან არც ბებია არ ცხოვრობდა და მ-ძის დევნილ ოჯახს ვერ შეიფარებდა. გაყალბებულ იქნა 2001წ. 15 მარტის აქტი, რომლითაც მ.ბ-ძემ და ჯ.გ-შვილმა დაადასტურეს ჯ.ბ-ძის მიერ ა.მ-ძის ოჯახის შეფარების ფაქტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის განჩინებით ა. მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ ა.მ-ძეს საქმის განხილვის დროს შეეძლო, მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც წარმოდგენილ განცხადებაშია დასახელებული და ასეც რომ არ ყოფილიყო, ხსენებული მტკიცებულებანი გადაწყვეტილებაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა. სასამართლოს განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების დადებისას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ სად ან ვისთან ცხოვრობდა გამჩუქებელი ნ. თ-ვა, ასევე გარიგების გაუქმებისა და ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდებოდა ის გარემოება, რომ სადავო ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე ჯ.ბ-ძე ცალკე კომლად არ ირიცხებოდა და ნ.თ-ვას მასთან არ უცხოვრია. სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტი, თითქოს სააპელაციო სასამართლოს მისი შეგებებული სარჩელი არ უნდა განეხილა, ვინაიდან აღნიშნული არგუმენტი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების მცედლობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ განიხილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის განჩინებისა და 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლის მოთხოვნები, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ა.მ-ძის არგუმენტები, არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ხსენებული კოდექსის 422-423-ე მუხლების მითხოვნებს ეწინააღმდეგება სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ განმცხადებლის არგუმენტი შეგებებული სარჩელის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა.მ-ძის შეგებებული სარჩელი პირველი ინსტანციის წესით განიხილა სააპელაციო სასამართლომ, რის შესაძლებლობასაც კანონი არ ითვალისწინებს. სასამართლო დაეყრდნო ყალბ დოკუმენტებს, რომელთა ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილება ჯ. ბ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ა.მ-ძის, ფ.მ-შვილისა და მ.ცხოვრებოვას ბინიდან გამოსახლების თაობაზე, ასევე თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ ა.მ-ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე კანონიერ ძალაშია შესული.
სსკ-ის 423-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის «ე»-»ვ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს კანონის ზემოხსენებული დანაწესებით დადგენილი ორი ძირითადი პირობა, კერძოდ, ახლად აღმოჩენილი გარემოება არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე ცნობილი არ იყო და მეორე, განმცხადებლისათვის ამ ფაქტის თაობაზე მოგვიანებით გახდა ცნობილი და მას, ბრალის გარეშე, საქმის სასამართლოში განხილვის დროს არ შეეძლო, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განმცხადებელ ა.მ-ძეს შეეძლო საქმის განხილვის დროს მიეთითებინა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც იგი ასახელებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების არგუმენტად კასატორი უთითებს, რომ სასამართლო დაეყრდნო ყალბ დოკუმენტებს, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან, ა.მ-ძე საკასაციო საჩივარში უთითებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. კასატორის ამ არგუმენტებს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა სიყალბე დადგენილ უნდა იქნეს სსკ-ის 137-ე მუხლით განსაზღვრული წესით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას, ასეთ შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებებზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა გამოტანილი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება