Facebook Twitter

¹ას-33-489-06 8 სექტემბერი, 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ.ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ. ც-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ც-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 9 დეკემბერს ე. ც-შვილის წარმომადგენელმა თ. გ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ც-შვილის მიმართ განქორწინებისა და მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, ე. და ნ. ც-შვილები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2001 წლის 21 აპრილიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი _ დ. ც-შვილი, დაბადებული 2002 წლის 6 მარტს. მეუღლეთა შორის არსებული კონფლიქტის გამო, ე. ც-შვილი იძულებული გახდა, რომ შვილთან ერთად საცხოვრებლად გადასულიყო თავის მშობლებთან. ამის შემდეგ მოპასუხეს შერიგება არ უცდია, პირიქით, ის მუქარით ცდილობდა მოსარჩელის დაშინებას და არც მზრუნველობას იჩენდა შვილის მიმართ, რის გამოც ე. ც-შვილმა მოითხოვა განქორწინება.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, ... ბინა ¹175-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის გაყოფა იმ საფუძვლით, რომ ქორწინების რეგისტრაციამდე ერთი კვირით ადრე, 2001 წლის 21 იანვარს, ე. და ნ. ც-შვილების ნიშნობისას, მათი მშობლების შეთანხმებით, საერთო სახსრებით შეიძინეს აღნიშნული ბინა. მართალია, სადავო ბინა აღირიცხა მოპასუხის სახელზე, მაგრამ საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ და, შესაბამისად, წარმოადგენს ე. ც-შვილის თანასაკუთრებასაც.

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ე. და ნ. ც-შვილებს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა და მათ თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გაყოფა.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, ე. ც-შვილის წარმომადგენელმა თ. გ-შვილმა დაზუსტებული სარჩელით თავის მოთხოვნას ქონების გაყოფის შესახებ, საფუძვლად დაუდო ის გარემოებაც, რომ ქორწინების პერიოდში ე. ც-შვილმა და მისმა მშობლებმა ბინაში ჩაატარეს რემონტი, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ბინის ღირებულება.

მოპასუხე ნ. ც-შვილმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, განქორწინების ნაწილში მთლიანად, ხოლო ქონების გაყოფასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ იმ მოტივით, რომ სადავო ბინა შეიძინა ქორწინების რეგისტრაციამდე და ამდენად, მისი პირადი საკუთრებაა, რის გამოც არ შეიძლება გავრცელდეს მეუღლეთა შორის წარმოშობილი ის ქონებრივი უფლებები, რაც თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფაში გამოიხატება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ც-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე. ც-შვილსა და ნ. ც-შვილს შორის შეწყდა 2001 წლის 21 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება, ხოლო თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 1158-ე მუხლი, რომლის თანახმად მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის მითითებული. 2001 წლის 21 იანვრის ნიშნობა არ მიიჩნია საქორწინო ხელშეკრულებად, რის გამოც, სსკ-ის 1161-ე მუხლის «ა» პუნქტის საფუძველზე, სადავო ქონება ჩათვალა მოპასუხე ნ. ც-შვილის ინდივიდუალურ საკუთრებად.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ე. ც-შვილის წარმომადგენელმა თ. გ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. ასევე, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპლანტმა მოითხოვა მოპასუხისათვის, არასრულწლოვანი შვილის _ დ. ც-შვილის, დაბადებული 2002 წლის 6 მარტს, სარჩენად ალიმენტის დაკისრება ყოველთვიური ხელფასიდან 250 ლარის ოდენობით და მხარეთა შორის საერთო ქონების თანაბარწილად გაყოფა, სადავო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სადავო ქონება მეუღლეთა ოჯახების საერთო სახსრებით იქნა შეძენილი და, მართალია, იგი აღირიცხა მოპასუხის სახელზე, მაგრამ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ და, შესაბამისად, წარმოადგენს ე. ც-შვილის თანასაკუთრებასაც. აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ც-შვილის წარმოამდგენლის _ თ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ახალი გადაწყვეტილებით ე. ც-შვილის სარჩელი ბინაზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა და იგი ცნობილი იქნა თბილისში, გლდანის მასივში, მე-8 მ/რ-ის, 27-ე კორპუსის, ბინა ¹175-ის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ და საჯარო რეესტრის სამასახურს დაევალა რეგისტრაციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ სადავო ბინა შეიძინა 2001 წლის 13 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 2001 წლის 21 აპრილს. სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 2001 წლის 10 ივლისს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ნ. ც-შვილის სახელზე სადავო ბინის საკუთრების უფლებით დარეგისტრირება მოხდა ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ, კერძოდ 2001 წლის 10 ივლისს, მას აღნიშნულ ბინაზე სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება და მისი განკარგვის უფლებამოსილება წარმოეშვა ამ დღიდან, ხოლო ე. ც-შვილს, როგორც მეუღლეს, უფლებები და მოვალეობები სსკ-ის 1151-ე მუხლის მიხედვით, წარმოეშვა 2001 წლის 21 აპრილიდან, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სადავო ბინა ჩათვალა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, ასევე არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ც-შვილმა სადავო ბინა შეიძინა 2001 წლის 13 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 2001 წლის 21 აპრილს. სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 2001 წლის 10 ივლისს, ანუ ბინა შეიძინა ქორწინებამდე, ხოლო ბინა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ქორწინების შემდეგ. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ვინაიდან, საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველია მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება (სსკ-ის 1151-ე მუხლი) რაც, შესაბამისად წარმოადგენს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს.

მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი (სსკ-ის 1158-ე მუხლი). მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას განეკუთვნება ხელფასი და სხვა ფულადი შემოსავლები, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა რიცხული; მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი (სსკ-ის 1158-ე მუხლი). ამდენად, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებისადმი ამა თუ იმ ქონების მიკუთვნებისათვის მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ქონება შეძენილი უნდა იყოს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში ერთობლივი შრომითა და საერთო სახსრებით.

სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს:

ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;

ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკივდრეობით ან ჩუქებით.

თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული (სსკ-ის 1163-ე მუხლი). იმ ქონების მიმდინარე რემონტი, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის ან ისეთი უნიშვნელო თანხის დაბანდება, რომელიც არ გამოიწვევს ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდებას, თუნდაც იგი მეუღლეთა საერთო სახსრების ანგარიშზე იყოს წარმართული, არ შეიძლება გახდეს საფუძველი ქონების საერთო საკუთრებად აღიარებისათვის. ქონების რემონტი ან თანხების დაბანდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საფუძველი ქონების საერთო თანასაკუთრებად აღიარებისათვის, თუ ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდება.

სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს სადავოდ ბინის შეძენის ფაქტობრივი გარემოებანი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინა ნ. ც-შვილმა შეიძინა დაქორწინებამდე, 2001 წლის 13 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სვაფუძველზე, ამ ხელშეკრულების თანახმად, სადავო ბინის ღირებულება ნ. ც-შვილმა გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების გაფორმებისას. ამდენად, მოპასუხეს ბინის ღირებულება გადახდილი ჰქონდა დაქორწინებამდე. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, რომ სადავო ბინის შეძენა მოხდა ორივე მეუღლის მშობლების სახსრებით. ასევე საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება. ასევეს არ არის დადგენილი და დადასტურებული ის გარემოება, რომ სადავო ბინის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა ქორწინების პერიოდში მოსარჩელისა და მისი მშობლების მიერ გაწეული ხარჯებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს, ე. ც-შვილს აწევს, რომელმაც ვერ დაამტკიცა გარემოებანი, რაც მისი მშობლების სახსრებით სადავო ბინის შეძენისა და რემონტის ფაქტს დაადასტურებდა.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრში სადავო ბინა მოპასუხის სახელზე აღირიცხა ქორწინების შემდგომ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, სახელდობრ, როგორიცაა უძრავ ნივთებზე საკუთრება და სხვა სანივთო უფლებები. საჯარო რეესტრის ძირითადი დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტიის ფუნქციას. ქორწინების შემდეგ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების აღრიცხვით, სადავო ბინა ვერ ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ქონება შეძენილი უნდა იყოს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში ერთობლივი შრომითა და საერთო სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დადგენილია, რომ სადავო ბინის ღირებულება გადახდილია ნ. ც-შვილის მიერ ქორწინებამდე, სადავო ბინა უნდა ჩაითვალოს მის ინდივიდუალურ საკუთრებად და მასზე ვერ გავრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ნ. ც-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ე. ც-შვილს უარი ეთქვას ქ.თბილისში გლდანის მასივის მე-8 მ/რ-ის, 27-ე კორპუსში მდბარე 175-ე ბინის თანამესაკუთრედ ცნობაზე;

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.