საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№652აპ-20 ქ. თბილისი
ტ-ი ჯ-ა, 652აპ-20 29 დეკემბერი , 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის განაჩენით ჯ. ტ-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 21 დეკემბრიდან 2020 წლის 17 მარტის ჩათვლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ტ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტში, დ-ის აგარაკებზე მდებარე ვ. ღ-ის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, ჯ. ტ-მა გულმკერდის მარცხენა არეში დანის პირით დაჭრის გზით ფიზიკურად იძალადა მ. ქ-ანზე, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მოშლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ჯ. ტ-ისათვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას ჯ. ტ-ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას, დაზარალებულს არა აქვს პრეტენზია, ასევე მხედველობაშია მისაღები დაზარალებულის ვიქტიმურობა, მიაჩნია, რომ ჯ. ტ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მიზანშეუწონელია მისი დამძიმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი