¹3კ/1235 22 მარტი, 2007წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ სს „ქ-ო“ (მოპასუხე)
მოწინაამდეგე მხარე _ შპს „მ-ა“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ვ. კ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის თხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
სარჩელის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „მ-ამ“ სარჩელი აღძრა სს „ქ-ოს“ წინააღმდეგ და მოითხოვა 255 654 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე: 1999 წლის 15 აპრილს მოპასუხესთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეს უნდა გადაემუშავებინა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ნედლეული, კერძოდ, 600 ტონა პოლიპროპილენის გრანულატი და დაებრუნებინა 563 380 კგ დამზადებული პროდუქცია _ პოლიპროპილენის ხეზი.
იმავე წლის 25 აპრილს მხარეებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს დამატება, რომლის თანახმად მოპასუხე ვალდებულებას იღებდა, წერილობითი დავალების შემთხვევაში, დახმარებოდა მოსარჩელეს მზა პროდუქციის რეალიზაციაში.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით მოპასუხე _ სს „ქ-ოსა“ და უზბეკეთის ფირმას შორის არსებული 1997 წლის 28 მაისის ¹123 ხელშეკრულებისა და სს „ქ-ოს“ 1999 წლის 23 ივნისის ¹41/64 საგარანტიო წერილის საფუძველზე სს „ქ-ომ“ 255 654 აშშ დოლარის მზა პროდუქცია გადატვირთა უზბეკეთში. გადატვირთული პროდუქციის ღირებულება, როგორც ვალი, შპს „მ-თვის“ მოპასუხეს უნდა დაეფარა 90 დღის განმავლობაში, საიდანაც პროდუქციის გადამუშავების ღირებულებაც უნდა დაფარულიყო.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხეს მიღებული აქვს პროდუქციის ღირებულება, რაც დასტურდება „უ-თან“ გაფორმებული შედარების აქტებით, მაგრამ მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის პროდუქციის გადამუშავების გადაუხდელი ღირებულებით 17 810 აშშ დოლარით და საბოლოოდ მოითხოვა 237 843 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ შესრულებულია 1999 წლის 15 აპრილის ¹4 იურა ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, გადამუშავებულია შპს „მ-ას“ მიერ 315 ტ. პოლიპროპილენის გრანულიტი და მიღებული ხეზი გატანილი აქვს მოსარჩელეს. მოპასუხის განცხადებით, შპს „მ-ის“ მიერ წარმოდგენილი ერთი ვაგონის საბაჟო დეკლარაციიდან ირკვევა, რომ პროდუქციის უზბეკეთში გამგზავნი არის თავად შპს „მ-ა“, ხოლო დანარჩენ ორ დეკლარაციაში მითითებულია, რომ სს „ქ-ო“ მოქმედებდა შპს „მ-ის“ დავალებით, რის გამოც მოთხოვნის უფლება უზბეკეთის ფირმიდან თანხების ამოღებაზე გააჩნია მოსარჩელეს.
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1999 წლის 15 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება ¹4, რომლის საფუძველზე სს „ქ-ომ“ გადაამუშავა შპს „მ-ას“ მიერ მიწოდებული 315 ტონა პოლიპროპილენის გრანულატი და მიიღო მზა პროდუქცია პოლიპროპილენის ხეზი.
1999 წლის 25 აპრილს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულების დამატება, რომლის მიხედვით სს „ქ-ომ“ ვალდებულება აიღო შპს „მ-ას“ წერილობითი დავალებით დახმარებოდა მას მზა პროდუქციის რეალიზაციაში რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. იმავე დღეს შპს „მ-ამ“ სს „ქ-ოს“ დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა დახმარებას მისი კუთვნილი 300 ტონა პოლიპროპილენის ხეზის საექსპორტო რეალიზაციაში. სს „ქ-ოს“ წარმომადგენლის განმარტებით, უზბეკეთის რესპუბლიკაში უზბეკეთის ფირმა „უ-თან“ დადებული ¹123 ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ გაიგზავნა მოსარჩელის კუთვნილი 80 ტონა პოლიპროპილენის ხეზი მოსარჩელის დავალებით.
მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან პროდუქცია გაგზავნილია მოსარჩელის დავალებით, მან უნდა იკისროს მისი ღირებულების ამოღება პროდუქციის მიმღებისაგან, სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის განმარტებას ეწინააღმდეგებოდა სს „ქ-ოს“ გენერალური დირექტორის 1999 წლის 23 ივნისის წერილი. ამ წერილით მოპასუხე, თანახმად მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებისა და მისი დამატებისა, თავის თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას მოსარჩელის კუთვნილი 120 ტ. პოლიპროპილენის ხეზის უზბეკეთის რესპუბლიკაში გადატვირთვასა და თანხების ამოღებაზე 90 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული თანხიდან გაწეული ხარჯების გამოკლებით უნდა დაფარულიყო 89100 აშშ დოლარი ნედლეულის გადამუშავების ღირებულება, ხოლო დარჩენილი თანხა გადარიცხულიყო მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ ანგარიშზე ფირმა „ს-თვის“.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ მოსარჩელის 80 ტონა პროდუქციის გადატვირთვა უზბეკეთის რესპუბლიკაში, ხოლო დარჩენილი პროდუქციის რეალიზაცია მოპასუხის მიერ სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან საბაჟო დეკლარაციაში 33 877 კგ პოლიპროპილენის ხეზის გამგზავნად მითითებული იყო თავად შპს „მ-ა“.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ არ შესრულებულა 1999 წლის 23 ივნისის წერილით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 90 კალენდარული დღის განმავლობაში მოსარჩელეს არ აუნაზღაურა უზბეკეთში გადატვირთული 80 ტონა პოლიპროპილენის ხეზის ღირებულება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ ერთი ტონა პროდუქციის ღირებულება შეადგენს 2 245 აშშ დოლარს, ხოლო 80 ტონის ღირებულება _ 179 500 აშშ დოლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს პროდუქციის გადამუშავების ღირებულება 17 800 აშშ დოლარი და სხვაობა 161 790 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი, 361-ე მუხლის მეორე ნაწილი და 2002 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ-ას“ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, სს „ქ-ოს“ შპს „მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 161 790 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3500 ლარი ოდენობის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1500 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ-ოს“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანხის დაკისრების და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი განმარტება იმის თაობაზე, რომ ისინი მოქმედებდნენ მოსარჩელის დავალებით, რის გამოც უფლებები და მოვალეობები წარმოეშვა არა მოპასუხეს, არამედ მარწმუნებელს - მოსარჩელეს.
კასატორი მიუთითებს, რომ მას არ აუღია ვალდებულება იმ მზა პროდუქციის რეალიზაციასა და თანხების ამოღებაზე, რომელიც საბაჟო დეკლარაციით დგინდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ 1999 წლის 15 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება ¹4, რომლის საფუძველზე სს „ქ-ომ“ გადაამუშავა შპს „მ-ას“ მიერ მიწოდებული 315 ტონა პოლიპროპილენის გრანულატი და მიიღო მზა პროდუქცია პოლიპროპილენის ხეზი.
1999 წლის 25 აპრილს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულების დამატება, რომლის მიხედვით სს „ქ-ომ“ ვალდებულება აიღო შპს „მ-ას“ დახმარებოდა მზა პროდუქციის რეალიზაციაში რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. სს „ქ-ოს“ წარმომადგენლის განმარტებით, უზბეკეთის რესპუბლიკაში უზბეკეთის ფირმა „უ-თან“ დადებული ¹123 ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ გაიგზავნა მოსარჩელის კუთვნილი 80 ტონა პოლიპროპილენის ხეზი მოსარჩელის დავალებით.
სს „ქ-ოს“ გენერალური დირექტორის 1999 წლის 23 ივნისის წერილით მოპასუხე, თანახმად მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებისა და მისი დამატებისა, თავის თავზე იღებდა სრულ პასუხისმგებლობას მოსარჩელის კუთვნილი 120 ტონა პოლიპროპილენის ხეზის უზბეკეთის რესპუბლიკაში გადატვირთვასა და თანხების ამოღებაზე 90 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული თანხიდან გაწეული ხარჯების გამოკლებით უნდა დაფარულიყო 89100 აშშ დოლარი ნედლეულის გადამუშავების ღირებულება, ხოლო დარჩენილი თანხა გადარიცხულიყო მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ ანგარიშზე. მოპასუხის მიერ მოსარჩელის 80 ტონა პროდუქცია გადაიტვირთა უზბეკეთის რესპუბლიკაში, მაგრამ მოპასუხის მიერ არ შესრულებულა 1999 წლის 23 ივნისის წერილით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 90 კალენდარული დღის განმავლობაში მოსარჩელეს არ აუნაზღაურა უზბეკეთში გადატვირთული 80 ტონა პოლიპროპილენის ხეზის ღირებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ არ აუღია ვალდებულება იმ მზა პროდუქციის რეალიზაციასა და თანხების ამოღებაზე, რომელიც საბაჟო დეკლარაციით დგინდება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან დადგენილია, რომ სს „ქ-ოს“ გენერალური დირექტორის 1999 წლის 23 ივნისის წერილით მოპასუხე, თანახმად მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებისა და მისი დამატებისა, თავის თავზე იღებდა სრულ პასუხისმგებლობას მოსარჩელის კუთვნილი 120 ტონა პოლიპროპილენის ხეზის უზბეკეთის რესპუბლიკაში გადატვირთვასა და თანხების ამოღებაზე 90 კალენდარული დღის განმავლობაში. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხვოს მოპასუხისაგან მის მიერ უზბეკეთის რესპუბლიკაში გადატვირთული 80 ტონა პოლიპროპილენის ხეზის ღირებულება მისი გადამუშავების ღირებულების გამოკლებით. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ქ-ოს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.